საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში

ვახტანგ გოგსაძე

 

ვახტანგ გოგსაძე დაიბადა 1994 წელს ქ. თბილისში. 2016 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის ფეისის უნივერსიტეტი პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის სპეციალობით, 2021 წელს - ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საჯარო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა, არის საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის მაგისტრი.

2013-2014 წლებში ვახტანგ გოგსაძემ სტაჟირება გაიარა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

2015-2018 წლებში მუშაობდა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გენერალური კონსულის თანაშემწედ.

2016-2018 წლებში იყო ნიუ-იორკში უცხო ქვეყნების კონსულთა საზოგადოების (SOFC) ფინანსური მენეჯერის თანაშემწე და ღონისძიებების მენეჯერი.

2018-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან DCFTA-ს განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2020-2021 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ასრულებდა უნივერსიტეტში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სპეციალიზაციის დირექტორის თანაშემწისა და ოპერაციების მენეჯმენტის კურსის პროფესორის თანაშემწის მოვალეობებს.

2021 წლის 18 ოქტომბრიდან ვახტანგ გოგსაძე მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თავდაპირველად იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ხოლო 2024 წლის 6 მარტიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში.

ფლობს ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენებს.