საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
ნათია სულავა დაიბადა 1976 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისში. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. პიაჩენცას (იტალია) ლინგვისტიკის ლიცეუმის Orsoline di Maria Immacolata-ს ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი. 2000 წელს დაამთავრა ქ. პარმის (იტალია) სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტი. ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს. 2020 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ნათია სულავა 2001-2018 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში.
2002-2004 წლებში იგი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 2004-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2005-2013 წლებში იყო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საელჩოსა და ქ. რომში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე. 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში იყო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2013-2016 წლებში ნათია სულავა ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურს, იყო ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მოქალაქეობისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემფასებელი მისიის უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში.
2017-2018 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და მრჩეველი მინისტრის აპარატში, ჩაბმული იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და ამ მიზნით კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შექმნილი ჯგუფის მუშაობაში.
გარდა ამისა, ნათია სულავა 2002 წლის ივნისში ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას ქ. რომში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის დამფუძნებელ კონფერენციაზე (რომის სტატუტი). 2002-2004 წლებში იყო ევროპის საბჭოში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ კონვენციაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
2018 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში/საგარეო მიმართულების კოორდინატორად, 2018 წლის 31 დეკემბერს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, 2019 წლის პირველ მაისს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2021 წლის პირველ მარტს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.
ნათია სულავას მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
გამოცემული აქვს საგაზეთო პუბლიკაციების კრებული (2000 წ.). 2001-2002 წლებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო სამართლის სფეროში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალსა და სამეცნიერო ჟურნალ „სამართალში".
ფლობს იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებს.
ჰყავს ორი შვილი.