მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მოგესალმებით, უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენი ერის სულიერო წინამძღოლო,
მივესალმები პატივცემულ სტუმრებს,
მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს!
მოგესალმებით, საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მეტადრე თქვენ, ვინც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამობრძანდით და ახლა ჩვენთან ერთად ხართ. განსაკუთრებული ემოციით მოგესალმებით თქვენ, პირველი ემიგრაციის შთამომავლებო!
ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასიწლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი.
ამით შეიკრა ერთგვარი წრე: რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები
დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, - კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. აქ, თელავში, კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა - ბრძოლებით, გამოწვევებითა თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის, ერთგვარად, ისტორიული მეხსიერების ბარათია:
მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში.იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს.
აქ, თელავში, დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას.
აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, - საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, მტრის განზრახვამ.
თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია.
თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.
ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი
მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა.
მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში.მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა.
პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით.
თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო.
მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი; ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა.
საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს.
დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა.
უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო:
ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს;
უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი;
ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ;
მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას;
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა.
ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა.
სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში,კახეთში, და ეს ჩემი არჩევანია.
თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს რეგიონებისა და დედაქალაქის თანაბარ განვითარებას. საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩვენ შეგვიძლია, ეს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ.
საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი, ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები.
ჩემი, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს.
ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე, როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში, ვიქნები ჩემს ხალხთან!
ქართული საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის საკითხის გარშემო. ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას.
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა.
დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს.
ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში.
ჩვენ თანამიმდევრულად გავაგრძელებთ მიზნისკენ სვლას, ღირსეულად გავუმკლავდებით შიდა თუ გარე გამოწვევებს, ბოლომდე მივიყვანთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება ჩვენი ამოცანაა.
ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ, და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით, კულტურით.
ქართველებს შეგვიძლია, მსოფლიოს გამოვადგეთ უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ქრისტიანობაზე დგას. ქართულ ცივილიზაციას თამამად შეუძლია, დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიოში.
ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი. უნდა გავზარდოთ ქართული კულტურისა და იდენტობის ცნობადობა საერთაშორისო არენაზე.
კულტურა არის ის, რაზეც დგას სახელმწიფო! ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს. მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება. კულტურას მე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაცხადებ.
კულტურა განათლების გარეშე არ მოიაზრება და მინდა აქ ყველა პედაგოგს, მასწავლებელს ჩემი პატივისცემა გამოვუცხადო, რამეთუ ისინი ზრდიან ჩვენს შვილებს, ანუ ქმნიან ჩვენს მომავალს.
მე ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში.
ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას: უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, - არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში მაშინ იშვიათობა იყო!
დღესაც, ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ გამონაკლისია მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 11 ქალია პრეზიდენტი. ამით ვამტკიცებთ, რომ საქართველოში ქალების როლი ძლიერდება და თანასწორობა ჩვენთვის უცხო სიტყვა არ არის.
საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!
ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება. ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება.
მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე.
მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი.
როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს.
მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში.
მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის. მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება!
რუსეთმა, როგორც კავკასიის მეზობელმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს და ამ რეგიონში ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებს, უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს აუცილებელია მის მეზობლებთან თანასწორი და მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად.
საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო ეკონომიკური პროექტების განხორციელების შანსებს იძლევა. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა და ამით გავზარდოთ ქვეყნის მიმზიდველობა.
ამისათვის გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინიციატივა და ინოვაცია. ეს არის ახალგაზრდების დანიშნულება და მოვალეობა ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს რეალურ პერსპექტივას მომავალი თაობისთვის. მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე მათ, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას.
ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, - პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც ისტორიულად გვახასიათებდა. ეს არ უნდა დაიკარგოს.
ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ.
სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს
მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯახები - ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე! და ეს იმედი გვაერთიანებს!
მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, და ისინი უნდა შემოვირიგოთ.ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს! უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება!
ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება. ჩვენ გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი,
ნიჭიერი თაობა. მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე. მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა! ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის! დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს მომავალი!
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!