საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში
სიმონ პეტრიდისი დაიბადა 1987 წლის 4 მაისს. 2005-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, 2007-2009 წლებში სწავლა განაგრძო ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე. 2011 წელს მიიღო საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მაგისტრის ხარისხი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, ხოლო 2021 წელს - საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
სიმონ პეტრიდისი 2008-2018 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე როგორც კერძო, არასამთავრობო, ისე საჯარო სექტორში. 2008-2009 წლებში იყო „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ქალაქ ზუგდიდის ოფისის მენეჯერი, 2009-2014 წლებში - ა(ა)იპ „ჰანგის“ იურისტი, 2010-2011 წლებში მუშაობდა იურიდიული ფირმა „იურაითის“ ადვოკატის სტაჟიორად, 2011-2012 წლებში იყო ორგანიზაცია „People in Need საქართველოს“ და ასოციაცია „ჰანგის“ პროექტის ადმინისტრატორი ზუგდიდში, 2012-2013 წლებში - ამერიკის საელჩოსა და ასოციაცია „ჰანგის“ პროექტის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2013-2014 წლებში - USAID საქართველოს და ასოციაცია ჰანგის პროექტის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2013-2014 წლებში - ა(ა)იპ „სოციალური დაცვის ლიგის“ პროექტის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2013-2016 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2014-2016 წლებში - ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელის - ENIL-ის ევროპაში განათლების საკითხების ხელმისაწვდომობის შემსწავლელი ჯგუფის ექსპერტი, 2014-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის ანალიტიკური და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს მრჩევლის, ხოლო 2017-2018 წლებში - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის საერთაშორისო ურთიერთობების და ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლის და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის აკადემიკოსის სტატუსი და აქვს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის სერტიფიკატი.
2018 წლის 31 დეკემბერს სიმონ პეტრიდისი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად შშმ პირთა საკითხებში, ხოლო 2020 წლის 15 ივნისიდან - საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად შშმ პირთა საკითხებში.
ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს.