საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში
იაგო წიკლაური დაიბადა 1969 წლის 13 ოქტომბერს ქ. გორში. 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, 2003 წელს - გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით და ასევე საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სპეციალობით. 1999-2002 წლებში სწავლობდა თსუ ასპირანტურის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.
იაგო წიკლაურს გავლილი აქვს პარტიციპაციის აკადემიის, ფონდ „სხვა სივრცის" (ვარშავა), ჯგუფ „ეპტისას", ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის, USID არაკომერციული ორგანიზაცია „ინტერნიუსის", აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, ბიზნესის დაცვის სამსახურის, აშშ-ს მშვიდობის კორპუსის საქართველოში, ეუთო-ს პროექტის ფარგლებში პოლონეთის ჰელსინკის ფონდის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგები და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.
იაგო წიკლაურმა 1997 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ „კვირის პალიტრაში", როგორც ეკონომიკურმა მიმომხილველმა და ახალი ამბების რედაქტორმა. 2003-2004 წლებში იყო სახალხო დამცველის სამსახურის მოწვეული სპეციალისტი. 2008-2011 წლებში ეკავა ტელე- და რადიოკომპანია „თრიალეთის" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა. 2009-2014 წლებში იყო „მცირე აკადემიის" ტრენერი. 2010 წლიდან არის თბილისის ბიზნესტრენინგის ცენტრის ტრენერი. 2012 წელს იყო საფეხბურთო აკადემია „ქართლი 2011"-ის მთავარი მენეჯერი. 2015-2017 წლებში მუშაობდა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში და ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილებას. 2017 წლიდან არის საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ტრენერი პარტიციპაციის საკითხებში, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ექსპერტი. 2018 წლიდან არის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ტრენერ-კონსულტანტი.
2005 წლიდან იაგო წიკლაური აქტიურად ჩაება „საქართველოს გზის", შემდგომში „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ორგანიზაციას.
2021 წლის 10 მარტს იაგო წიკლაური დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში.
იაგო წიკლაურს მიღებული აქვს მონაწილეობა საგადასახადო კოდექსის ექსპერიმენტულ კვლევებში. არის ავტორი მონოგრაფიისა „ფიქრები ქართულ ეკონომიკაზე - ვალებში დაგირავებული საქართველო".
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.