საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკისა და სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებში

ლიანა ჯერვალიძე

ლიანა ჯერვალიძე დაიბადა 1958 წლის 31 აგვისტოს ქ. თბილისში. 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1982 წელს - საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი. არის საერთაშორისო ურთიერთობის, ასევე  ფრანგული ენისა და ლიტერატურის მაგისტრი. 1995 წელს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში (ვაშინგტონი) გაიარა ტრენინგი საქართველოს საერთაშორისო კონვენციებზე მიერთების სამართლებრივი ასპექტები.

ლიანა ჯერვალიძემ მუშაობა დაიწყო 1992 წლიდან, როგორც დამოუკიდებელი კერძო კომპანიების - „მერმისისა" და „დრონის" უცხოური საინფორმაციო პროგრამების პროდიუსერმა. 1993-2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ინსტიტუციაში, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში, USAID-ის კონტრაქტორებთან (OSC and IRIS) და ისეთ კვლევით ცენტრებში, რომლებიც მუშაობდნენ  რეგიონული ენერგეტიკული პოლიტიკის და ტრანზიტის პოლიტიკის სტრატეგიულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ასპექტებზე, მათ შორის არის: კასპიისპირეთის ენერგეტიკული კვლევების პროექტი PSI საქართველო, საქართველო-აზერბაიჯანი ტრანსპორტი და განვითარება (Azerbaijan-Georgia Transport and Development Co) ბაზირებული ბაქოში, აბრეშუმის გზის კონსალტინგი (Silk Road Consulting) ბაზირებული თბილისში.

2006 წლის ივლის-დეკემბერში იგი იყო USAID-ის იმ პროექტის უფროსი ანალიტიკოსი, რომელსაც ავითარებდა Core International Georgia-ს (2006-2007). იგი ექსპერტთა გუნდთან ერთად მუშაობდა გაერთიანებული ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბიზნესგეგმაზე (გაზსაცავის ნაწილში). 2007-2008 წლებში მუშაობდა ექსპერტად საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმისა და იმპლემენტაციის საკითხებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტში BP-ს დაფინანსებით. 2009-2010 წლებში იყო ნორვეგიის ატლანტიკური საბჭოს (Norwegian Atlantic Committee) მიერ დაფინანსებული მედიის განვითარების, ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პროექტის დირექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2009-2020 წლებში ლიანა ჯერვალიძე, როგორც მიწვეული სპეციალისტი, მუშაობდა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მკვლევარ-ანალიტკოსად. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოს გაზით მომარაგების უსაფრთხოებისა და სამხრეთული გაზის კორიდორის განვითარების საკითხები.

დღემდე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის, 2007-2008 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც ხელმძღვანელობდა სამაგისტრო ნაშრომებს ევროკავშირის და საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის და რეგიონულ საკითხებზე. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „კავკასიის მედია, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის" პროექტის დირექტორი. 2014-2016 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი თემაზე „ენერგეტიკული პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები, რეგიონული განვითარება ევროინტეგრაციის და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით". 2019 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

1997-1998 წლებში ლიანა ჯერვალიძე მიწვეული იყო მკვლევრად ვაშინგტონში ჯორჯ კენანის რუსულ კვლევათა ცენტრში (Kennan Institute of Advanced Russian Studies,  Washington DC) „კასპიისპირეთის ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტი და უსაფრთხოების საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში", 2006 წელს - დიდ ბრიტანეთში  რედინგის უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების პროექტში (Reading University Business School Eurasia Studies Project, UK.) კასპიისპირეთის რესურსების და ტრანზიტის საკითხებზე, 2016 წელს - უპსალას (შვედეთი) უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების ცენტრში ირანის გახსნის შემდეგ სამხრეთ კავკასიის გავლით ჩრდილოეთ/სამხრეთის სატრანსპორტო ღერძის პოტენციალის შესწავლის საკითხებზე.

2020 წლის 15 ოქტომბრიდან ლიანა ჯერვალიძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში, 2022 წლის პირველი იანვრიდან - საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ენერგეტიკისა და სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებში.

ლიანა ჯერვალიძეს დიდი შრომა აქვს გაწეული საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების (გაზით მომარაგების უსაფრთხოება), ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონული ასპექტების თემაზე, საქართველოს პოზიციონირებაზე ენერგოგაერთიანებაში სრული გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში და სამხრეთული გაზის კორიდორის განვითარების საკითხებზე. იგი პერიოდულად მონაწილეობდა და სიტყვით გამოდიოდა როგორც დამოუკიდებელი ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი ალმატის, აშხაბადის, ბაქოს, სტამბულის, ბერლინის, ფრანკფურტის, კატოვიცეს, ვარშავის, ბუქარესტის, ლონდონისა და ვილნიუსის საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც ეძღვნება სამხრეთული გაზის დერეფნის განვითარების საკითხებს. 2019 წლამდე იგი რეგულარულად გამოდიოდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე საქართველოს ტელევიზიითა და რადიოთი, ასევე ამერიკის ხმის, Reuters-ისა და რადიო თავისუფლების სივრცეში.

იგი არის ავტორი კვლევისა „რუსეთის ენერგეტიკული და რეგიონული პოლიტიკა - გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და რეგიონულ ინტეგრაციაზე". კვლევა მომზადდა გლობალური ბაზრების კვლევის ცენტრის მიერ (Global Market Briefings - www.globalmarketbriefings.com), გლობალური უსაფრთხოების ანალიტიკურ  ინსტიტუტთან (The Institute of the Analysis of Global Security) და როსნერის ჯგუფთან (Rosner Group) თანამშრომლობით და მხარდაჭერით.  აგრეთვე არის არაერთი პუბლიკაციისა და პრეზენტაციის ავტორი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ტრანზიტის საკითხებზე.

ფლობს რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.

ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი.