საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში
კონსტანტინე ნაცვლიშვილი დაიბადა 1978 წლის 28 სექტემბერს. 2000 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი). 2001-2006 წლებში სწავლა განაგრძო მიუნსტერის და შემდგომ ტრირის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის ფაკულტეტზე (გერმანია). 2006-2009 წლებში - ბაზელის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის მაგისტრატურაში (შვეიცარია).
2007 წელს კონსტანტინე ნაცვლიშვილი იყო “Internationales Forum ბერლინის“ გამოფენისა და აუქციონის მენეჯერი, 2010-2011 წლებში – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი ადმინისტრატორი და მარკეტინგის მენეჯერი.
2010-2011 წლებში იგი იყო ევროპის საბჭოს კიევის ინიციატივის ფარგლებში საქართველოში მცირე ისტორიულ ქალაქებში (PP2) კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროგრამის, ხოლო 2016-2017 წლებში – ევროპის საბჭოს საქართველოში ურბანული სტრატეგიების შემუშავების პროექტის (COMUS) ეროვნული ექსპერტი. 2010-2018 წლებში იყო UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიწვეული ექსპერტი.
2017 წელს ხელმძღვანელობდა გარიყულაში ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს, 2018 წელს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის ეროვნულ პროგრამას.
ამასთანავე, 2011-2018 წლებში იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომისიის, ხოლო 2014-2018 წლებში – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და შემოტანის კომისიის წევრი.
2018 წლის 28 დეკემბრიდან კონსტანტინე ნაცვლიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში.
ფლობს გერმანულს, ინგლისურსა და რუსულს.