ედუარდ შევარდნაძე დაიბადა 1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში.
განათლება
1943-1946 წლებში იყო თბილისის მეორე საფერშლო სკოლის წარჩინებული მოსწავლე.
1949-1951 წლებში _ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლის წარჩინებული მსმენელი.
1960 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის ისტორიკოს-პოლიტოლოგის სპეციალობით.
კარიერული გზა
საფერშლო სკოლაში აირჩიეს კომკავშირული ორგანიზაციის მდივნად. 1948 წელს კი გახდა სკკპ-ის წევრი. ამ პერიოდიდან მუშაობდა სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კომკავშირული ორგანოების განყოფილებაში ინსტრუქტორად; საქართველოს კომკავშირის ქუთაისის საოლქო კომიტეტში მეორე მდივნად, შემდგომ ქუთაისის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1957 წელს აირჩიეს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად. შემდეგ იყო საქართველოს კომპარტიის მცხეთის რაიკომის პირველი მდივანი, ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი.
1964-1965 წლებში ედუარდ შევარდნაძე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი 1972 წლამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 1972 წლის 25 ივლისიდან - თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1972 წლის 29 სექტემბრიდან 1985 წლის 6 ივლისამდე - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
1985 წლის 3 ივლისიდან დაინიშნა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად და აირჩიეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრად. ამ თანამდებობის დატოვების შესახებ მან 1990 წლის 20 დეკემბერს განაცხადა. პოსტიდან გადადგომის შემდეგ 1992 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკურ ასოციაციას. იყო მოძრაობის 'დემოკრატიული რეფორმებისათვის"ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.
სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ერთი თვით, 1991 წლის 20 ნოემბერს დაუბრუნდა.
1992 წლის 7 მარტს ედურად შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საბჭოს. 1992 წლის 11 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. პარლამენტმა იგი სახელმწიფოს მეთაურად დაასახელა და ამასთანავე იგი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც გახდა.
1993 წლის 28 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ. 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მან საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2000 წლის 9 აპრილს იგი მეორე ვადით აირჩიეს. პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძე ვადამდე გადადგა 2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის შედეგად.
ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, თბილისში, კრწანისის რეზიდენციაში. მისივე სურვილის თანახმად, დაკრძალულია რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით.
ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული ცაგარეიშვილი იყო დამსახურებული ჟურნალისტი, საზოგადოება 'საქართველოს ქალები მშვიდობის და სიცოცხლისათვის" პრეზიდენტი 1992-2004 წლებში, საერთაშორისო საზოგადოების 'თეთრი მანდილის" საპატიო პრეზიდენტი. ჰყავს შვილები _ მანანა და პაატა შევარდნაძეები.
გამოცემული წიგნები:
„ჩემი არჩევანი" (მოსკოვი, «Новости», 1991 (ორჯერ)) - ითარგმნა და გამოიცა 20 ქვეყანაში
„დიდი აბრეშუმის გზა. TRACECA. PETRA ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. ევრააზიის საერთო ბაზარი. პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები~ (თბილისი, „მეცნიერება", 1999) - ითარგმნა ინგლისურად, გერმანულად, სპარსულად
„დიდი მაგალითები" (თბილისი, GAT სარეკლამო-საგამომცემლო კომპანია, 2003)
„ფიქრი წარსულსა და მომავალზე" (თბილისი, "პალიტრა", 2006; აგრეთვე გამოიცა გერმანიაში სახელწოდებით „როცა გაირღვა რკინის ფარდა" (პეტერ მეთცლერის გამომცემლობა, 2007), ასევე: აზერბაიჯანში, რუსეთში, ესტონეთში, ირანში
არის რედაქტორ-გამომცემელი გივი ბერძენიშვილის წიგნისა „სტალინი" (გორი, 2007)
ჯილდოები
ედუარდ შევარდნაძე სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით, ლენინის ხუთი ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით. საქართველოში მინიჭებული აქვს მრავალი საპატიო წოდება და ჯილდო.
2003 წლის 25 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენით.
ედუარდ შევარდნაძე იყო საზღვარგარეთის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და აკადემიების ნამდვილი წევრი.
მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების საპატიო ჯილდოები:
1992 წლის 26 თებერვალს ვენაში გადაეცა „მხიარული ავგუსტინეს" ორდენი.
1992 წელს დეკემბერში ქეარინგის ინსტიტუტმა (აშშ) მიანიჭა ეროვნული ჯილდო უდიდესი წვლილისათვის ადამიანის უფლებების დარგში და არაჩვეულებრივი თანაგრძნობისათვის კაცობრიობის მიმართ.
1993 წელს მიენიჭა ჰამბურგის საქველმოქმედო საზოგადოების იმანუელ კანტის (გერმანია) სახელობის პრემია 1992 წელს ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად განსაკუთრებული დამსახურებისათვის და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისათვის.
1993 წელს ამერიკის აღმოსავლეთისა და დასავლეთის უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ ჯილდოს გადაცემით დაფასდა მისი წვლილი 'ცივი ომის~ დასრულებისა და ქვეყნების გათავისუფლების საქმეში.
1994 წლის 20 დეკემბერს რუმინეთის დეკემბრის რევოლუციის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა მედლითა და დიპლომით.
1997 წლის 2 ივლისს ონასისის საერთაშორისო ფონდის (საბერძნეთი) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ონასისის ფონდის პრემია - საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და სოციალური მიღწევებისათვის.
1997 წლის დეკემბერში ნიქსონის სახელობის ცენტრის დირექტორთა საბჭომ (აშშ, ვაშინგტონი) მიანიჭა ნიქსონის სახელობის საგანგებო პრემია ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის - საბჭოთა კავშირში მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელებაში შეტანილი წვლილის, ასევე ახალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში შესანიშნავი მიღწევების აღსანიშნავად.
1998 წლის 14 იანვარს გადაეცა ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის სპეციალური პრემია საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის და, აგრეთვე, ებრაელთა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობისათვის (ისრაილი, იერუსალიმი).
1998 წლის 12 თებერვალს კალიფორნიის მეცნიერების, განათლების, მრეწველობის და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ წიგნისათვის 'ჩემი არჩევანი~ დააჯილდოვა ა.აინშტაინის სახელობის დიდი ოქროს მედლით 'განსაკუთრებული მიღწევებისათვის~.
1998 წლის 9 ივნისს გადაეცა აშშ-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის ჯილდო 'საუკეთესო ევროპელი სახელმწიფო მოღვაწისათვის~.
1998 წლის 30 ივნისს რუსეთის კოსმონავტიკის აკადემიამ გადასცა სერტიფიკატი, 'დიდი დათვის თანავარსკვლავედის~ ერთ-ერთი ვარსკვლავის სახელის სრულუფლებიანი მფლობელის სერტიფიკატი.
1998 წლის ივლისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა ოლიმპიური ოქროს ორდენით - უდიდესი დამსახურებისათვის მსოფლიოში სპორტის განვითარების საქმეში და ოლიმპიური იდეალების ერთგულებისათვის.
1999 წლის აპრილში ბუნების დაცვის მსოფლიო საერთაშორისო ფონდმა 'თანამედროვე პლანეტის~ შენარჩუნებისათვის გაღებული განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცა 'სერტიფიკატი 2000~.
1999 წლის 22 აპრილს რაისის უნივერსიტეტის ჯეიმს ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში მას გადაეცა კომპანია 'ენრონის~ პრემია - საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
1999 წლის 5 მაისს საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კონსტანტინოს სტეფანოპულოსმა მიანიჭა მაცხოვრის მხედრობის დიდი ჯვრის ორდენი.
1999 წლის 24 მაისს გადაეცა კლუბ „როტარი ინტერნეიშენელის" ჯილდო მისი, როგორც დიდი პოლიტიკოსის, წვლილისათვის საერთაშორისო აზროვნების, კეთილდღეობისა და მშვიდობის განვითარების საქმეში.
1999 წლის ივლისში ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (აშშ) დააჯილდოვა ავერელ ჰარი მანის დემოკრატიის პრემიით დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სამაგალითო საქმიანობისათვის.
1999 წლის 13 ოქტომბერს გადაეცა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო 'უმაღლესი ხარისხის დიდი ფედერალური ჯვარი" - სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
1999 წლის 14 ოქტომბერს გადაეცა ლუდვიგ ვიუნშეს სახელობის პრემია განსაკუთრებული ღვაწლისათვის ხალხთა შორის გაგებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებაში.
1999 წლის 29 ოქტომბერს გადაეცა თურქეთის მწერალთა და ჟურნალისტთა ფონდის ჯილდო ხალხთა დაახლოების საქმეში გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად.
2000 წლის 6 იანვარს იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროს პირველმა დააჯილდოვა იერუსალიმის საპატრიარქოს 'წმინდა აკლდამის რაინდთა წმინდა ჯვრის ორდენით~.
2000 წლის 6 იანვარს ქ. ბეთლემში ედუარდ შევარდნაძისა და იასირ არაფატის შეხვედრისას პალესტინის ადმინისტრაციის მეთაურმა თავისი სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს გადასცა ორდენი 'ბეთლემი - 2000~.
2000 წლის 15 მარტს დაჯილდოვდა იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენით - ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცების, საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
2000 წლის 22 მარტს დაჯილდოვდა 'ისთიგლალის~ (დამოუკიდებლობის) ორდენით - საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განუხრელ განვითარებაში დიდი დამსახურებისათვის, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გასაფართოებლად ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
2000 წლის 28 მარტს დაჯილდოვდა წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში თვალსაჩინო მიღწევებისათვის.
2000 წლის 14 აპრილს მეორე მსოფლიო ომის ინვალიდთა და ვეტერანთა სრულიად ამერიკული ასოციაციის ცენტრალურმა გამგეობამ დააჯილდოვა საიუბილეო, მემორიალური მედლით - 'მეორე მსოფლიო ომში მოკავშირე ჯარების გამარჯვების 55 წლისთავი~.
2000 წლის 19 ივლისს დაჯილდოვდა 'წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის დიდი ჯვრის ორდენით~ ბუკინგემის სასახლეში. დედოფალმა ელისაბედ მეორემ პირადად გადასცა საქართველოს პრეზიდენტს უცხოელებისათვის განკუთვნილი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და რაინდად აკურთხა.
2000 წლის 15 სექტემბერს იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კიოში რომაცუურამ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე, დააჯილდოვა კონფუცის დიდი მედლით.
2000 წლის 30 სექტემბერს მალტის რაინდთა წმინდა იოანე იერუსალიმელის დიდი ორდენის საერთაშორისო მარშალმა ოტოი ოკლიკმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა უმაღლესი ჯილდო 'დიდი ჯვარი~, რომელიც ორდენის წევრების გადაწყვეტილებით, 'ედუარდ შევარდნაძეს მიენიჭა კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, კერძოდ: ბერლინის კედლის დანგრევისა და ევროპაში მშვიდობის განმტკიცებისათვის".
2001 წლის 13 მაისს ფიდეს პრეზიდენტმა (ამასთანავე ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა) კირსანი ლუმჟინოვმა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს დიდი მხედრის ორდენი და ფიდეს მედალი.
2003 წლის 30-31 მაისს საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ედუარდ შევარდნაძეს სანკტ-პეტერბურგის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადასცა სამკერდე ნიშანი 'რუსეთის ღერბი", ქალაქის გუბერნატორმა ვლადიმერ იაკოვლევმა კი დააჯილდოვა მედლით 'პეტერბურგი 300 წლისაა~.
2011 წლის 17 ივნისს კრწანისის რეზიდენციაში საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) გენერალურმა მდივანმა მარტინ მარმმა გადასცა ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის აბრეშუმის გზის აღორძინების საქმეში.
ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაცია - 2000 წლის 9 აპრილი
ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაცია 1995 წელი
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 27/05/1997
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 03/02/1998
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება- 16/02/1999
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 12/05/ 2001 (პირველი ნაწილი)
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 12/05/2001 (მეორე ნაწილი)
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 11/10/2002
წლიური მოხსენება
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 1997 წელი
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 1998 წელი
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 1999 წელი
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2000 წელი
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2001 წელი
ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება - 2002 წელი