საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, სწორედ მან წამოიწყო პოლიტიზებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა და მან დამაჯერებლად, ხმათა 62,18 პროცენტით გაიმარჯვა.
განათლება
გიორგი მარგველაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ხარისხი. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი, პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კარიერა
ალპინიზნმით დაინტერესებული გიორგი მარგველაშვილი 90-იან წლებში მუშაობდა მთამსვლელთა გიდად სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიის, მათ შორის, „კავკასუს თრეველისათვის".
1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI - ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება) თბილისის ოფისში. მომდევნო 12 წელი (2000-დან 2012 წლის ჩათვლით) გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA): 2000-2006 და 2010-2012 წლებში ეკავა რექტორის თანამდებობა, ხოლო 2006-2010 წლებში GIPA-ს კვლევით დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ჩაება 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ის შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მიიჩნევდა მას კორუმპირებულად და ავტორიტარულად. ინარჩუნებდა რა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, გიორგი მარგველაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი კოალიცია „ქართული ოცნების" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას.
საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. მისი ინიციატივები მოიცავდა პედაგოგთა ხელფასების არსებით ზრდასა და ინვესტირებას სკოლების ინფრასტრუქტურულ განახლებაში. 2013 წლის თებერვალში, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად და ამ რანგში აქტიურად თანამშრომლობდა პრემიერ-მინისტრთან, ხოლო 2013 წლის ოქტომბრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.
პირადი ცხოვრება
გიორგი მარგველაშვილი არის 49 წლის. ჰყავს მეუღლე - მაკა ჩიჩუა (მხატვარი, მსახიობი) და სამი შვილი - ანა მარგველაშვილი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი), თეიმურაზ მარგველაშვილი და თომა მარგველაშვილი.
თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს დუშეთის სახლში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებგვერდი: margvelashvili.info
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციის ცერემონიაზე
წლიური მოხსენება
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება 2018 წელი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება 2017 წელი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება 2016 წელი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება 2015 წელი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება 2014 წელი