საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი

თამარ გოდერძიშვილი

 

თამარ გოდერძიშვილი დაიბადა 1964 წლის 5 სექტემბერს ქ.თბილისში.

1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2005 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (სრული კურსი). 2019 წელს სადოქტორო ნაშრომის წარმატებით დაცვის შედეგად მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

თამარ გოდერძიშვილს გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი, პროგრამა და ტრენინგი, მათ შორის: „ფინანსური მენეჯმენტისა და ფინანსური ანალიზის“ (სერტიფიცირებულ ფინანსურ მენეჯერთა ინსტიტუტი – ICFM, GB) კურსის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებული აქვს ICFM ტუტორის დიპლომი და სერტიფიკატი. ტრენინგების: „საჯარო ფინანსების მართვა“ (ფინანსთა სამინისტროს აკადემია), „მართვის თანამედროვე სისტემები“ (მართვის აკადემია), „ეთიკა საჯარო სამსახურში“ (საჯარო სამსახურის ბიურო), „საჯარო ინფორმაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვა“ (საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი), „მენეჯმენტი და ლიდერობა საჯარო სამსახურში“ (საჯარო სამსახურის ბიურო) გავლის შედეგად მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.

თამარ გოდერძიშვილი 1987-2014 წლებში მუშაობდა სხვადასხვა, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში (MOF), საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიაში (NSCG), საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში (GNIA-InvestInGeorgia), ასევე კერძო სექტორში. 1987 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სადაც 1996 წლამდე გაიარა ყველა იერარქიული საფეხური ეკონომისტიდან სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით. 1996-1999 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრის სტატუსით მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 1998 წლის წლიურ შეკრებაში (რუმინეთი, ქ. ბუქარესტი), ასევე მსოფლიო ბანკთან (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) რამდენიმე საკრედიტო მოლაპარაკებაში. 1999-2008 წლებში იყო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი, უფლებამოსილების ჯერ 4-წლიანი ვადით (1999-2003 წ.წ.), მეორე წარდგინების შედეგად კი – უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით (2003-2008 წ.წ.). ამასთან, 2002 წლიდან იყო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი – თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2005 წლიდან კომისიის ლიკვიდაციამდე (2007 წ.) ასრულებდა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

2008-2012 წლებში იყო რამდენიმე კერძო კომპანიის ფინანსური მრჩეველი. 2012 წელს დაინიშნა სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ, ხელმძღვანელობდა საფინანსო, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მიმართულებებს.

აღსანიშნავია, რომ თამარ გოდერძიშვილი არის ლიდერ ქალთა პირველი მსოფლიო ფორუმის (1997 წ., აშშ, ვაშინგტონი) დელეგატი საქართველოდან.

თამარ გოდერძიშვილს მინიჭებული აქვს საჯარო მოხელის საკლასო ჩინი, მოხელის მე–12 კლასი.

თამარ გოდერძიშვილი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას: 2006-2017 წლებში მიწვეული იყო ლექტორად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებაზე; 2009-2011 წლებში – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის მიმართულებაზე; 2017-2020 წლებში – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის მიმართულებაზე; 2009 წლიდან მიწვეულია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში (ACCA კურსი).

2014 წლის 21 მარტიდან თამარ გოდერძიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსად. 2019 წლის 15 მარტიდან – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელად.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.