საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

მირანდა მაჭარაძე

 

 

მირანდა მაჭარაძე დაიბადა 1985 წლის პირველ იანვარს ქ. ხონში. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2008 წელს ამავე უნივერსიტეტში  მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

მირანდა მაჭარაძემ მუშაობა დაიწყო 2006 წელს და იყო ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ასევე ადვოკატის თანაშემწე საადვოკატო ბიუროში „მზია თოდუა და კომპანია". 2007-2013 წლებში იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზისა და რედაქტირების სამმართველოში, ანალიტიკურ სამმართველოში, სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოსა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურში. 2012-2017 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2014 წლის 3 იანვრიდან მირანდა მაჭარაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად, 2015 წლის 16 ივნისიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, 2019 წლის 21 ოქტომბრიდან - ადმინისტრაციის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო 2020 წლის 15 ოქტომბრიდან - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად.

მირანდა მაჭარაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კერძო სამართლის სფეროში. 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.