საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი
ნათია პავლიაშვილი დაიბადა 1989 წლის პირველ ოქტომბერს ქ. თბილისში. 2010 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი კომუნიკაციათმცოდნეობის სპეციალობით, 2013 წელს - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის ფაკულტეტი. 2011-2012 წლებში გაიარა ისეთი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგები, როგორებიც არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ლიდერების სკოლა ქალებისათვის.
ნათია პავლიაშვილმა მუშაობა დაიწყო 2007 წელს, იყო პერიოდული გამოცემების „სიტყვა" და „ახალი დღე" ჟურნალისტი. 2011-2014 წლებში იყო პარტია „საქართველოს გზის" პრესსამსახურის უფროსი. 2012-2018 წლებში მუშაობდა ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და 2014 წლამდე იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ხოლო 2014-2018 წლებში - დიზაინის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე, ამასთანავე, 2017 წლიდან არის აკადემიის მიწვეული პედაგოგი. 2014-2015 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტს. 2016-2018 წლებში იყო მაჟორიტარი პარლამენტარის სალომე ზურაბიშვილის ბიუროს თანამშრომელი.
2018 წლის 29 დეკემბრიდან ნათია პავლიაშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად პრესასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, 2020 წლის 23 მარტს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2020 წლის პირველ ივლისს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.