გიორგი ზვიადაძე - პრეზიდენტის ვიზიტით ვატიკანთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება 

ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძემ შეაფასა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ვატიკანში იმყოფება.

როგორც გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გაღრმავდეს და განმტკიცდეს ურთიერთობები ვატიკანთან - პრეზიდენტის ვიზიტით ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

„ეს არის ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის ძალიან მაღალი დონის და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მან თავისი პრიორიტეტი განსაზღვრა. ვიზიტი არ არის იტალიის რესპუბლიკასა და ვატიკანში, არამედ პრეზიდენტს გამოკვეთილი ჰქონდა თავისი პრიორიტეტი, რომ ის ეწვია ვატიკანს. ის უმაღლესი დონის შეხვედრები, რაც გაიმართა ვატიკანში ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურთან და ამავე დროს რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან პაპ ფრანცისკესთან, ბუნებრივია ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და დიდ დატვირთვას ატარებს. 

ბუნებრივია, რომ ასეთი მაღალი დონის ურთიერთობები და შეხვედრები ემსახურება გარკვეულ მიზანს. ეს მიზანი პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა, როდესაც ბრძანა, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმას, რომ ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გაღრმავდეს და განმტკიცდეს ურთიერთობები ვატიკანთან და პრეზიდენტის ჩამობრძანებით ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

საქართველოს პრეზიდენტი ძალიან დიდი პატივისცემით მიიღო როგორც რომის პაპმა, ასევე კარდინალებმა. პრეზიდენტის მიმართ გამოხატულ პატივისცემას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც პატივისცემას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

სხვა სიახლეები