მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვია

ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვია.

მონტენეგროს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, მონტენეგროში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე.

მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.

საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას გამართავს. 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის პატივსაცემად, ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური სადილი გაიმართება.

სხვა სიახლეები