სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა კვიპროსის უმაღლესი თანამდებობის პირებთან

კვიპროსის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, ასევე, საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის კულტურული ღონისძიებებით აღნიშვნის ინიციატივა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნების ერთად დგომის მნიშვნელობა. 

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაცია და ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ანიტა დემეტრიოუსს და მას წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ანიტა დემეტრიოუსმა კიდევ ერთხელ  დაუდასტურა პრეზიდენტს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ კვიპროსის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ კვიპროსი მზადაა ამ მიმართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსში ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სამშობლოსთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება.

სხვა სიახლეები