ინტერვიუ ''EURACTIV"-თან

ინტერვიუ ''EURACTIV"-თან 

საქართველო მუშაობს, რომ ევროკავშირის გზაზე უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს, -ამბობს პრეზიდენტი

საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო წინ არიან და ამის გასაღები ოქტომბერში სათანადო არჩევნების ჩატარება, პროევროპული ხელისუფლების ფორმირება და ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იქნება, - უთხრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ინტერვიუში ,,ევროაქტივს“.

ინტერვიუ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიენიჭა, რა გავლენა იქონია ამან?

ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამაც მოსახლეობასა და ევროპული გზის მხარდაჭერას ახალი მუხტი მისცა. ერთი წლის წინ პირველმა უარმა საქართველოს მოსახლეობა ცოტათი გაურკვეველ და შესაძლოა, დაუცველ მდგომარეობაშიც კი დატოვა.

მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპული რიტორიკის ირგვლივ ხელახლა გაერთიანება დაიწყო, რაც წინა თვეებში არ მომხდარა. ახლა, ძალიან ცხადია, რომ 2024 წელი 2023 წელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და უფრო მეტად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდება, ვიდრე აქამდე.

რა დაუყოვნებლივ ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას საქართველო?

ჩვენ ოქტომბერში არჩევნები გვექნება. გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება - ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას.

თუ [ევროპის] კომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტის, მათ შორის, სამთავრობო პარტიას [ქართულ ოცნებას], რომ შეეცადოწარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომსაც ყველა შეუერთდება -  როგორ ვაპირებთ ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში.

გადაწყვეტილების მიღებამდე იყო დებატები, შეიძლება თუ არა ამ პოზიტიურ მოსაზრებას პრორუსული ხელისუფლების გაძლიერება და გარკვეულწილად, მართებულობის დამტკიცება მოეხდინა მის კურსში...

მე ყოველთვის ამ აღქმის წინააღმდეგი ვიყავი, რომელიც საქართველოს შიგნით უფრო მეტად განიხილებოდა, ვიდრე გარეთ, რადგან ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ ზუსტად იცის რა სურს - საქართველოსთვის ალტერნატიული პერსპექტივა არ არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს ხელისუფლება და ამ დროისთვის, ისინი ამას მიჰყვებიან. საქართველოს ამ უმრავლესობის აღქმის საწინააღმდეგოდ ვერ მართავ, უნდა დადო შედეგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ევროპელები ითხოვენ, არამედ იმიტომ, რომ ამას შენი მოსახლეობა ითხოვს.

როგორ აპირებთ მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლარიზაციას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა განსაზღვრული?

ამ მხრივ მე არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის როგორ შეამციროს პოლარიზაცია - არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ და არც ამერიკამ.

გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების [შედეგზე]. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა.

მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ პირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება, ჩვენ ვნახავთ რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს.

დეოლიგარქიზაცია კიდევ ერთი აქტუალური საკითხია. ევროპელი ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულები არიან ბატონი ივანიშვილის დაბრუნებით: ღელავთ, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები?

ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზე, რაც უახლოეს თვეებში მოხდება.

რუსეთი ევროპისთვის უფრო დიდ საფრთხე ხდება: ბალტიისპირეთი წუხს, რომ შეიძლება ისინი შემდეგ იყვნენ. ფიქრობთ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები საკმარისად სერიოზულად აღიქვამენ ამ საფრთხეს და კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

ჩემთვის ცოტა უხერხული იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის სერიოზულობის გაკრიტიკება. პირიქით, ვიტყოდი, რომ ამჯერად ძალიან შთამბეჭდავია სოლიდარობა. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ორი წლის შემდეგ სოლიდარობა არ ნელდება - ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, ვინმეს უკან მოტოვების გარეშე, ევროპა ევროკავშირად დარჩა, იგივე ეხება საზოგადოებრივ აზრსაც. ეს ომი, რომელიც ორი წელი მიმდინარეობს და ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვყავს მხადამჭერების უმრავლესობა.  დიახ, მეტის საჭიროებაა, რადგან უკრაინისთვის აშკარად მეტი იარაღია საჭირო, მაგრამ ეს უფრო წარმოების საკითხია, ვიდრე მიწოდების სურვილი.

შეიცვალა თუ არა თქვენთვის საფრთხის აღქმა?

მთლიანობაში, სიტუაცია ვითარდება და რუსული საფრთხე არ შეცვლილა. მათ, ვინც მხოლოდ დღეს აღმოაჩინ რუსული საფრთხე, შეიძლება იფიქრო, რომ ის შეიცვალა ან გაიზარდა. სანამ რუსეთი ისეთივეა, როგორადაც ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით მას, ყოველთვის ასე იქნება, სადაც კი რბილ ადგილს იპოვი, იქით გადაადგილდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რბილი ადგილები არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში.

როგორ მოვემზადოთ ევროპიდან აშშ-ს პოტენციური გამოთიშვისთვის?

მე უდიდესი ოპტიმისტი ვარ. როგორიც არ უნდა იყოს ახლა პოლიტიკურგანცხადებები, მე უკვე ვთქვი, რომ ამერიკულ პოლიტიკაზე კომენტარს არ ვაკეთებ.

მაგრამ ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში ამერიკა მუდმივადაა, ამერიკა ვერ შეწყვეტს ჩართულობას, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც საკითხი უფრო მწვავდება. იზოლაციონიზმი მშვიდობიანი დროის არჩევანია კეთილდღეობისთვის, ახლა კი მეეჭვება, რომ ამერიკელი საზოგადოების, ან მთავრობის არჩევანი ნატოსგან გათიშვა იყოს.

ევროპელი პარტნიორებიც ფხიზლდებიან იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ, რაც აქამდე საკმაოდ რთული იყო. ეს კრიზისი, როგორც აქამდე არსებული კრიზისების უმეტესობა, ევროკავშირისთვის კარგი გამოსაფხიზლებელი ნიშანი იქნება.

სხვა სიახლეები