ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან

ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან 

საქართველოში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები გაქვთ. მინდა დავიწყო შეკითხვით: განიხილავთ თუ არა, ან განიხილავდით თუ არა შესაძლებლობას, რომ მასში მონაწილეობა მიიღოთ, ჩამოაყალიბოთ პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვებოდა?

ამჟამად მე პრეზიდენტი გახლავართ და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულდება, ახალი პარლამენტი კი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ - ამჟამად არის ის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს და კონსენსუსს მიაღწიოს ქვეყანაში, რომელიც ღრმადაა პოლარიზებული. ეს, ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება არჩევნების წელში, რომელიც, სავარაუდოდ, ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, რომელთა შესრულებაც მოგვიწევს მას შემდეგ რაც, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს რამდენიმე დღეში. ჩვენ წლის დანარჩენი დრო, არჩევნებამდე და არჩევნების ჩათვლით უნდა გამოვიყენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოსათვის გასცეს. აი, ესაა ჩემი გეგმები. თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანების შესრულებას განსხვავებული ფორმატი დასჭირდება, მაშინ, ვნახოთ...

ასე რომ, თუ საქმე საქართველოს ევროპული მომავალს შეეხება, მაშინ შეიძლება იფიქროთ პარტიის ჩამოყალიბებაზე ან რამე სხვა გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე?

სხვაგვარად ვიტყოდი: თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი.

ასე რომ, არ გამორიცხავთ კენჭისყრაში მონაწილეობას.

არასოდეს არაფერს გამოვრიცხავ. ცხოვრებაში რამე რომ გამომერიცხა ახლაც ფრანგი დიპლომატი ვიქნებოდი.

ევროკავშირის სამიტი ახსენეთ. დღის წესრიგში ახლა, ხუთშაბათს და პარასკევს, გადამწყვეტი მომენტი დგება. ახლა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. რამდენად ცუდი იქნება საქართველოსათვის, თუ ის უარს მიიღებს?

ძალიან ცუდი. ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ეს გამოიწვევს ძალიან ღრმა იმედგაცრუებას საზოგადოებაში, რომელიც კიდევ უფრო ღრმა იქნება იმ რეკომენდაციის გამო, რომელიც კომისიამ გასცა. ჩემი აზრით ყველა დარწმუნებულია, რომ პასუხი დადებითი იქნება. ამის დასტურია არაერთი განცხადება, რომლებიც ბოლო დღეებში გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ნათქვამი იყო, რომ სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას გარდა, რეკომენდაციაც მკაფიო იყო და ამან ხალხი დაარწმუნა. მე კვლავ ის შეხედულება მაქვს, რომ ჩვენი ვალი 27 ქვეყნის წინაშე არის, რომ არაფერი მივიჩნიოთ გაკეთებულად, ვიდრე ის არ გაკეთდება. ყოველთვის შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ეს უზარმაზარ იმედგაცრუებას გამოიწვევს. ეს რუსეთსაც მისცემდა ხელს და უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებდა. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ იმედგაცრუების სათავისოდ გამოყენებას ეცდება ის ხალხი, ვინც პროპაგანდით მანიპულირებს, ვინც ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს და ასე შემდეგ. ისინი კვლავინდებურად ყველაფერში ევროკავშირს დაადანაშაულებენ და დაივიწყებენ საქართველოს. ეს ყველაფერი კი ცხადია რუსეთის სასარგებლოდ ითამაშებს.

ასე რომ, ამ კვირას საქართველოსთვის ნათქვამი უარი სახიფათო იქნება.

დიახ, ეს იქნება რუსეთისთვის ნათქვამი კი.

იქნება რუსეთისთვის ნათქვამი კი

დიახ. პოლიტიკურად ეს ერთი და იმავე რამაა. რუსეთი კვლავინდებურად ჩათვლის, რომ საქართველო რუხ ზონაშია. და ჩვენ ყველამ ვიცით ეს რას ნიშნავს, როცა რუსეთი მიიჩნევს, რომ ასეთი ქვეყანა მათი სათამაშოა.

რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ პასუხი დადებითი იქნება?

მე საქართველოს მოსახლეობასავით ვარ. თავდაჯერებული ვარ, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი, რომ კომისიის რეკომენდაციები ასეთი ზუსტი და მკაფიო იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ ისინი ევროსაბჭოს დაეყრდნობოდნენ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებას და წინასწარ გადაწყვეტილებას არ განსჯიდნენ. კომისიის მიერ გადაწყვეტილების წინასწარმა განსჯამ ჩემი თავდაჯერება გაზარდა. ასევე მიმაჩნია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერეს, რომ კრიტერიუმების შესრულების ან ვერ შესრულების მიღმა - რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ევროკავშირისთვისაც და ჩვენთვისაც და, პირველ რიგში, ჩვენთვის, მათ ასევე გააცნობიერეს, ამის მიღმა სტრატეგიული განზომილებაც არსებობს. დროის ამ მონაკვეთში ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ მთელი ეს გეოპოლიტიკური ძალები და ხელახლა წამოყვეს თავი საფრთხეებმა და საშიში იქნება, თუ საქართველოსთან სოლიდარობა არ განმტკიცდება. ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ბოლოსკენ ჯერ არა ვართ. ეს ყველას ესმის. მაგრამ, ჩვენთვის შარშან მონიჭებული პერსპექტივა, შესაძლოა, სათანადოდ ვერ შეფასდა, რადგან მას ახლდა იმედგაცრუება, რომელიც სტატუსის ვერმიღებით იყო გამოწვეული. ეს პერსპექტივა გაუქმდება, თუ ახლა სტატუსს ვერ მივიღებთ, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ეს საქართველოსთვის უარს ნიშნავს.

რეალისტურად, საქართველოსათვის ამ კვირას ,,კის“ ან ,,არას“ თქმა მჭიდროდაა დაკავშირებული საკითხთან, დაიწყებს თუ არა ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკრაინასთან.

დიახ.

უკრაინისათვის მწვანე შუქი საქართველოსათვის მწვანე შუქიც იქნება და უკრაინისათვის ნათქვამი უარი საქართველოსათვისაც უარს ნიშნავს.

ამას დავამატებდი, რომ უკრაინისათვის ნათქვამი უარი ძალიან ცუდი იქნება საქართველოსათვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოსათვისაც უარს ნიშნავს და უკვე ვთქვი, თუ რატომ იქნება ეს ცუდი. უკრაინისათვის ნათქვამი უარი დამანგრეველი აღმოჩნდება უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც, რადგან ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია. ეს დამანგრეველი იქნება ევროკავშირისთვისაც, რადგან გამოჩნდება, რომ ევროკავშირში ნებისმიერს შეუძლია  ვაჭრობა დაიწყოს.

როდესაც ნებისმიერს ამბობთ, ცხადია, რომ ვიქტორ ორბანი, უნგრეთი იგულისხმება...

ვიქტორ ორბანი, ასე მესმის. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ევროკავშირთან თამაში, გავლენის მოხდენა იმაზე, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ინტერესების მიხედვით კი არ მიიღონ, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად მოახერხებს რუსეთი ამ შიდა დისკუსიებით მანიპულირებას და ეს ძალიან საშიშია.

ასე, რომ უნგრეთს გადამწყვეტი როლი აქვს. ისე მოხდა, რომ საქართველოს მთავრობას საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს უნგრეთის მთავრობასთან. ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ მომავალს. რა კომუნიკაცია არსებობს თბილისსა და ბუდაპეშტს შორის? ლობირებს თუ არა საქართველოს მთავრობა ვიქტორ ორბანთან უკრაინის ევროკავშირში წევრობას? ხართ ამაში რამენაირად ჩართული?

არა, არ ვარ და არ ვიცი. ვიცი, რომ უნგრეთში ბევრი ვიზიტი განხორციელდა. თუ ამან ხელი შეუწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერას, ეს კარგია. ზუსტად რა პოზიცია არსებობს დღეს უკრაინისა და საქართველოს მომავლის დასაკავშირებლად არ ვიცი და არც ის ვიცი, მიმდინარეობდა თუ არა დისკუსიები ამასთან დაკავშირებით.

ვიქტორ ორბანთან რა გექნებოდათ სათქმელი?

ის, რასაც ახლა ვამბობ. მიმაჩნია, რომ ევროპის მომავლისათვის, საქართველოს მომავლისათვის, უკრაინის მომავლისთვის, თავისუფლების მომავლისათვის და იმ გეოპოლიტიკური სტაბილურობის მომავლისათვის, ვიცით,  რომელიც დღეს გაგვაჩნია, გვჭირდება, რომ გადაწყვეტილება დადებითი იყოს საქართველოსათვის, უკრაინისათვის და მოლდოვისათვის. მოლდოვა არ უნდა დავივიწყოთ, მე მაია სანდუს მხარდამჭერი ვარ, მათ ძალიან მამაცური გადაწყვეტილებები მიიღეს.  

ამ სათქმელს ევროკავშირის ბევრი მთავრობა მიიტანდა გულთან ახლოს. როგორ გგონიათ, ბუდაპეშტშიც გაიგებენ?

არ ვიცი. არ გამაჩნია ისეთი მჭიდრო კავშირები, რომ ვიცოდე, ვისზე რა იმოქმედებს. მაგრამ, ერთი წამით გვერდზე თუ გადავდებთ ამ გადაწყვეტილებების ობიექტებს, თავად ევროკავშირისთვის, ჩვენთვის,  ძალიან სწორი მიდგომაა გაფართოების შესახებ დისკუსიის ხელახალი წამოწყება, რადგან ვიცით, რომ რამდენიმე წლის წინათ ეს საკითხი მივიწყებული, გვერდზე გადადებული გახლდათ.

ვფიქრობ, ასეთი ტიპის ვაჭრობა კარგად არ მეტყველებს  სამომავლო გაფართოების გადაწყვეტილებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ან კრიზისი უბიძგებს ამ ტიპის გადაწყვეტილებებისკენ.

არადა მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდეს, გაძლიერდეს, რადგან ეს ყველას სჭირდება, ეს მხოლოდ საქართველოს  არ შეეხება. ეს ნიშნავს გაძლიერებულ ევროკავშირს. ეს ნიშნავს ევროკავშირს, რომელსაც უფრო ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა გააჩნია. შეიძლება ჩემში გაიღვიძა დიპლომატმა, რომელსაც ამ საკითხებზე უმუშავია ბევრი წლის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო ევროპა კვლავ დიდ ძალად მოევლინოს მსოფლიოს. ამ დიდი ძალის ნაწილი კი არის გაფართოება იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც იციან, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისათვის ბრძოლა.

მოდი, ამის დეტალები განვიხილოთ. კომისიამ მოხსენებაში რეკომენდაცია გასცა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმავე მოხსენებაში აღწერილია კრიტერიუმები და ნათქვამია, რომ საქართველო ამ კრიტერიუმების უმეტესობას ბოლომდე არ ასრულებს. როგორც ჩანს, ამ დასკვნებს ეთანხმებით. სად გაქვთ ყველაზე დიდი დეფიციტი? რა უნდა გააკეთოს საქართველომ?

საქართველომ ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს. მე ადრეც მითქვამს და ევროპელი პარტნიორებისთვისაც განმიცხადებია, რომ ზოგჯერ ეს კრიტერიუმები არასაკმარისად მკაფიოა. ბუნდოვანია, რადგან ზოგად პრინციპებს შეეხება - მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმას. მაშინაც კი, როდესაც თითქოს უფრო კონკრეტულ საკითხზეა ლაპარაკი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე, ისმის კითხვა - რას ნიშნავს რეფორმა? ყველამ ვიცით, რომ უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო გვჭირდება. ეს დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველია. სხვა საკითხია, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. რამდენად სწრაფად შეგვიძლია რეალური პროგრესის დანახვა? და რა არის ამ პროგრესის მაჩვენებელი? შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ მართლმსაჯულების ახლანდელი სისტემა უფრო დამოუკიდებელია, რადგან იყო დრო, როდესაც დიდი პროგრესი გვქონდა, შემდეგ იყო უკუსვლა, შემდეგ კი - ისევ პროგრესი. ასე რომ, რთული საკითხია. მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ მიზანს იზიარებს თუმცა, მგონია, რომ მეტი სიცხადეა საჭირო. ასევე, შეიძლება მეტისმეტად ოპტიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ მეტი შეთანხმებაა საჭირო პოლიტიკურ ძალებს შორის, მათ შორის,  ოპოზიციაში, თუ რა არის პირველი ეტაპი, რისი დანახვა გვსურს. შემდეგ კი,  პროგრესი შეგვიძლია ამ მაჩვენებლების მიხედვით გავზომოთ.

ევროკომისიის მოხსენებაში კონკრეტული საკითხებიცაა მითითებული. მაგალითად, ნათქვამია რომ საქართველო არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

როგორც უკვე ვთქვი, მარტივი საკითხები არ არსებობს. საჯაროდაც მითქვამს და არაერთ ინტერვიუში განმიცხადებია, რომ არ ვეთანხმები საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ სანქციებთან შესაბამისობაში, რადგან ეს მართალი არ არის. ამის დასტურია არაერთი მაღალი დონის ვიზიტი - ამერიკელი, ბრიტანელი და ევროკავშირის ექსპერტებისა, რომლებიც სანქციების საკითხებზე მუშაობენ. მათ პირადადაც შევხვდი. ისინი მიიჩნევენ, რომ ზოგადად, სანქციების ადმინისტრაცია ადეკვატურია, რადგან ფინანსური სანქციები იყო შესაბამისი. ფინანსურ სანქციებს ვემორჩილებით, ბანკები ემორჩილებიან... მას შემდეგ წამოიჭრა საკითხები, რომლებმაც ახალი პრობლემები გააჩინა. ერთ-ერთია რუსეთთან ფრენების აღდგენა, რადგან ეს ქმნის ახალ სივრცეებს, სადაც მათ სანქციებისაგან თავის არიდება შეეძლებათ.

თავად ფრენების აღდგენაც ხომ სანქციებს არღვევს...

თავად ფრენები არ არღვევს, რადგან სანქცირებული კომპანიები არ დაფრინავენ, ასე რომ, თუ პირდაპირ გავიგებთ...

ევროკავშირს აკრძალული აქვს რუსეთთან ფრენები

დიახ.

და თქვენ ამასთან შესაბამისობაში არ ხართ.

დიახ, მაგრამ ჩვენ შესაბამისობაში ვართ იმ კომპანიების დასახელებებთან, რომლებიც სანქცირებულები არიან, ან არ არიან სანქცირებულნი. თავადაც გახლავართ სანქციების ექსპერტი, რადგან თავის დროზე ირანთან დაკავშირებული სანქციების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდით. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნებისათვის უფრო რთულია შესაბამისობაში ყოფნა, ვიდრე ეს ევროკავშირის ქვეყნებისთვისაა. მათ შეუძლიათ დაკეტონ საზღვარი და ეს სხვას არავის შეეხება. აქ კი უნდა გავითვალისწინოთ თურქეთი, რომლის ტვირთებიც საქართველოს გავლით გადის რუსეთში. სომხეთს რუსეთთან საქართველოს ტერიტორია აკავშირებს. საქმე გაცილებით უფრო რთულადაა. თუმცა, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, რიტორიკა უნდა შეიცვალოს. და უნდა შეიცვალოს - როგორც ახსენეთ - პროცენტული მაჩვენებელი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირთან.  მგონია, რომ ეს ვაღიარეთ და ამას უფრო მაღალ დონეზეც უნდა ვცეთ პატივი - შეიძლება ასპროცენტიან თანხვედრას ვერ მივაღწიოთ, შეიძლება ზოგი რამ საქართველოსათვის მეტისმეტად რთული აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა ჩანდეს ტენდენცია, რომ მას ვუახლოვდებით და არა - ვშორდებით.

ეს მხოლოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეეხება. თუ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, მან უნდა აჩვენოს კიდეც სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

ის აჩვენებს უკრაინის მიმართ სოლიდარობას. ჩემი აზრით, საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, თუ რაოდენ მტკიცეა მისი სოლიდარობა, იქნება ეს ლტოლვილების საკითხი, საზოგადოების მიერ მხარდაჭერის საკითხი... თუ შევხედავთ ქართველების რაოდენობას, რომლებიც ინდივიდუალურად - რადგან ცხადია, რომ ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება არაა - იბრძვიან და კვდებიან უკრაინისათვის, დავინახავთ, რომ ეს ორი ქვეყნის სიახლოვის დასტურია, რაც დარწმუნებული ვარ, ახლაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს.

და რომელსაც მთავრობა ბოლომდე არ ასახავს.

მთავრობას შეუძლია, რომ რაღაცები უკეთ გააკეთოს. ვფიქრობ, არსებობს ევროკავშირის პოლიტიკა, რომელთან თანხვედრაში და შესაბამისობაში უნდა ვიყოთ, მაგრამ საქმე კვლავინდებურად გამოხატვის ფორმებსაც ეხება. რიტორიკითაც მეტი სოლიდარობა უნდა ვაჩვენოთ. არ მიმაჩნია, რომ ისეთი რამეებია გასაკეთებელი, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინაში იარაღის გაგზავნა, რადგან ეს საქართველოს სახელმწიფოს შესაძლებლობებს სცილდება - ჩვენ ტერიტორიები ოკუპირებულია და ვხედავთ, თუ როგორ იზრდება ზეწოლა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ვიდრე რუსეთი უკრაინის ფრონტზეა დაკავებული, მას არ გააჩნია დრო და რესურსი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოუყოფდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიიდან ტექნიკა ფრონტზე გადააადგილეს. ამავე დროს,  ვხედავთ, როგორ ზრდის რუსეთი პოლიტიკურ ზეწოლას ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მთავრობებზე, რათა მათ აეროპორტის მართვა გადააბარონ, მისცენ საზღვაო ბაზები, რომელთაც რეკონსტრუქცია ესაჭიროებათ. ეს ხვალინდელი დილის საკითხი არაა, მაგრამ ჩანს, თუ როგორ ახდენენ ისინი პოზიციების კონსოლიდაციას. გალში გუშინ მილიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა უმიზეზოდ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ გამყოფ ხაზთან მოძრაობები მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე სათამაშოდ. ყველაფერს აკეთებენ რომ აჩვენონ - ისინი კვლავაც იქ არიან.  ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაძაბულობის შემცირება არ შეინიშნება.

ეს ჩრდილების ბრძოლაა თუ რეალური საფრთხე?

გამოიცანით, რას ფიქრობენ რუსები. ნათელია, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გააკეთონ რაც მოუნდებათ, რადგან რუსეთის ძალები და სამხედრო ბაზები განლაგებულია ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცხინვალის რეგიონში, მათი ჯარი თბილისიდან 30-40 კილომეტრში დგას. ძალიან რთულია თქვა, რომ არაფერი მოხდება. არავის შეუძლია დარწმუნებით თქვას რომ არაფერი მოხდება. მაგრამ ამ საკითხმა არ უნდა განსაზღვროს სრულად ჩვენი პოლიტიკა. საქართველოს პოლიტიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დომინირებს მიდგომა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არ გადავალთ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზიდან. ამას ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს მოსახლეობაც და ამას ცხადებს ყველა. მიხარია, რომ კომისიის მიერ 8 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი პროევროპულად ლაპარაკობს. თუ ეს მხოლოდ პირველი ეტაპის შედეგია, ეს ძალიან კარგი შედეგია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს კონსენსუსი, ვერბალური კონსენსუსი ამაზე და იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, თუ მას მიიღებენ, კიდევ უფრო განამტკიცეს ერთსულოვნებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს რთული იქნება ყველა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ რაც ეხება ევროპულ გზას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოხდება, მაგრამ, რაც ეხება ევროპულ გზას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკაში კიდევ ერთი საკითხია, რომლის შემცირების აუცილებლობასაც ხაზი გაუსვა ევროკომისიამ და თქვა, რომ მეტი ერთიანობაა საჭირო. როგორია ამჟამად თქვენი ურთიერთობა მთავრობასთან?

დაბალ ნიშნულზეა, იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ არსებობს დამოკიდებულება, რომ ისინი პრეზიდენტს აღარ აღიარებენ. ეს კი ძალიან ართულებს საჭირო ურთიერთობების შენარჩუნებას. გუშინ აქ პრეზიდენტსა და პარლამენტს შევხვდი. აქაური მოდელი არსებობს ბალტიის ქვეყნებშიც - ეს ევროპული მოდელია, სადაც კოორდინაცია არსებობს ყველა ინსტიტუტს შორის, მთავარი ინსტიტუტებია და არა ის, თუ ვინ დგას ამა თუ იმ ინსტიტუტის სათავეში, მოგვწონს თუ არა ეს პირი და ვეთანხმებით თუ არა მას. მთავარია, შეგვიძლია თუ არა ინფორმაცია მაინც გავცვალოთ. კიდევ ერთხელ, ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპული საბჭოსგან ველით, სწორი მიმართულებით გვიბიძგებს. მე ამისთვის მზად ვარ. მგონია, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. კიდევ ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველა უნდა მოეწონოს.

თქვენ უკვე ახსენეთ იმპიჩმენტის მცდელობა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. იმპიჩმენტი, რომელიც მოყვა თქვენს მიერ თანხმობის გარეშე გაკეთებულ ვიზიტებს უცხოეთში. რამდენადაც ვიცი, პრაღაში ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ მთავრობას აცნობეთ და მათ თანხმობა არ მოუციათ.

მე გადავეცი ევროპული დედაქალაქების სია, რათა 15 დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ყველა შესაძლო დახმარების მობილიზაცია მომეხერხებინა. ყველა მათგანზე უარი მითხრეს. იმ ვიზიტებისგან, რომლებიც პირდაპირ არ იყო დაკავშირებული ევროპულ ამოცანასთან, თავი შევიკავე, რადგან არ მივიჩნიე საჭიროდ ამგვარი ტიპის...

დავაზუსტებ, აქ უნებართვოდ ხართ ხომ?

დიახ, დიახ. აქ უნებართვოდ ვარ, რადგან ყველა მათგანზე უარი მითხრეს. მე ვთქვი, რომ ყველა დედაქალაქში ჩავიდოდი, სადაც დეკემბრის გადაწყვეტილებამდე უნდა ჩავსულიყავი განსაკუთრებით,  კი აქ, რადგან ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში, 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არის არსებობს მხარდაჭერის საჭიროება, რადგან ის უკვე არსებობს, მივიჩნიე, რომ უპატივცემულობა იქნებოდა ევროკავშირის პარტნიორის მოწვევაზე უარის თქმა, რადგან ეს პირველი ვიზიტია და ვიზიტია, რომელზეც ჩეხეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად მოგვიწვია.

შეიძლება, რომ იმპიჩმენტი გაიმეორონ? რას ფიქრობთ?

არა, მიმაჩნია რომ ამ ტიპის ვიზიტებთან დაკავშირებით ორმაგი რისკი არსებობს და არ მგონია, რომ ამას მათთვისაც კი პოლიტიკური აზრი ჰქონდეს. ჩვენ გვჭირდება, კიდევ ერთხელ, რომ საქართველოსათვის ამ ძალიან მნიშვნელოვან წელს მოვნახოთ გზა ამ დაძაბულობების შესამცირებლად. ხვალ მე დავბრუნდები და მოვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩემს რეზიდენციაში, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იქნებიან და ევროკავშირის ელჩს გადავცემთ ხელმოწერებს, რომლებიც რამდენიმე კვირის, 8 ნოემბრის შემდეგ დაწყებული კამპანიის შედეგად შევაგროვეთ. მას მეც მოვაწერე ხელი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ  ჩემს ხელში ვიღებ რამეს, არამედ ნიშანია და სიმბოლოა იმისა, რომ ამ შედეგში წვლილი ყველამ შეიტანა - ყველა წინა ადმინისტრაციამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ და, რა თქმა უნდა, მთავრობამ.

ყველა წინა ადმინისტრაციამ, ანუ მიხეილ სააკაშვილმაც?

დიახ, რა თქმა უნდა.

თქვენ უარი განაცხადეთ მის შეწყალებაზე.

უარი არ განმიცხადებია. მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ ეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი შეასრულა  და ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა მან წარმოთქვა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი.“ ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ თავისი როლი შეასრულა. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებ, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, ტენდენცია აქვთ რომ იქცნენ ცოტა ავტოკრატებად.

მანიშნებენ, რომ დრო ამოგვეწურა. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. უკვე ვახსენე სააკაშვილი, მაგრამ არსებობს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხიც

როგორც უკვე ვახსენე, არ მიმაჩნია კორექტულად, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რასაც პრეზიდენტი ფლობს და თუ დაიწყებ ერთ რამეზე კომენტირებას და ახსნას, მაშინ ეს გამოდის სხვა ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც ასევე დაპატიმრებულია, ასევე ითხოვს შეწყალებას და მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან.

ანუ ამაზე კომენტარს არ გააკეთებთ.

კომენტარს არ ვაკეთებ.

 

სხვა სიახლეები