ინტერვიუ France 24 English-თან

ინტერვიუ France 24 English-თან 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,Talking Europe”-ში, ახლა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. 

შეთავაზება საკმაოდ დიდი მოთხოვნებით მოვიდა. თუ საქართველოს აქვს იმედი, რომ ოდესმე ბლოკში გაწევრიანდება, მას მოუწევს ღრმად პოლარიზებული საზოგადოების განკურნება და დემოკრატიის გამყარება. ახლა, ამას არ შეუმცირებია ქართველი ხალხის იმ დიდი რაოდენობის ენთუზიაზმი, რომელიც საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ქუჩებში ზეიმობდა და ჩემს დღევანდელ სტუმართან ერთად იზიარებდა ამ სიხარულს - საფრანგეთში დაბადებული საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის 2018 წელს აირჩიეს დიდწილად ცერემონიალურ პრეზიდენტად რა  დროსაც მას მმართველი გუნდის, ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერა ჰქონდა.

ახლა, ხუთი წლის შემდეგ და მას მერე, რაც პრეზიდენტი პარლამენტში იმპიჩმენტს გადაურჩა, რატომ [იმპიჩმენტის პროცესი]? ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის გამო.

ახლა, საქართველოს პრეზიდენტი ეჭვობს, რომ ,,ქართული ოცნება” ევროპული და დასავლური ღირებულებებისათვის უფრო ნაკლებადაა მონდომებული, ვიდრე ამას პარტია ცდილობს, რომ დაგვაჯეროს. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მაყურებლებს ვეტყვი, რომ თქვენ ფიზიკურად აქ, პარიზში არ იმყოფებით და თბილისიდან გვერთვებით.

საღამო მშვიდობის.

უკვე ერთი თვე გავიდა, რაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო თქვენი იმპიჩმენტი და ევროპაში ვიზიტებში დაგდოთ ბრალი. და რატომ იყავით თქვენ აქ? აქ იყავით, როგორც თქვენ ამბობთ, კერძო გარემოებაში, რათა წინ წაწიოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები. ამიხსენით, თქვენი მთავრობა, ფურცელზე მაინც და თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ასევე დატვიტა რამდენიმე დღის წინ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ, თქვა რა, რომ მოხარულია საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრით და მოხარულია, რომ საფრანგეთი საქართველოს მის ევროპულ გზაზე ეხმარება. რაიმეს ვერ ვხვდები მე? თქვენი მთავრობა არ გეთანხმებათ?

ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, როდესაც ამირჩიეს, რაც თქვენ ახლა გაიხსენეთ. ჩემი არჩევა მაშინ ნაწილობრივ მმართველი პარტიის მხარდაჭერით, მაგრამ ასევე, ხალხის მხარდაჭერით მოხდა, რადგან მე ხალხმა ამირჩია, იმ ხალხის მხარდაჭერით, რომელიც ნამდვილად პროევროპელია, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, უკვე ოცდაათზე მეტი წელია, მუდამ პროევროპელი იყო და მე, როგორც ყოფილ ევროპელს, საქართველოს მომავალ ევროპელ ლიდერად მხედავს და საქართველოს ევროპაში მივუძღვი, რასაც ჩემი არჩევის დღიდან, ხუთი წელია მუდმივად ვაკეთებ. საგარეო პოლიტიკის მხრივ მე ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოვადგენ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და რაც მე მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რათა გავაძლიერო ევროკავშირის კანდიდატობა, ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს ევროპული გზა. მაშასადამე, ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რაც გარკვეულწილად მოასწავლებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროპული საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს, ძალიან დიდი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის შედეგი, რასაც მე მივესალმები, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულწილად ჩაახშეს. მაგრამ, გადაწყვეტილების შემდეგ ისინი ნათლად ამბობენ, რომ მიესალმებიან გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებით მიდიან, მაკრონთან ვიზიტიც ამის ნაწილია. ასე რომ, თუ ეს საქართველოში ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები.

თქვენ ახლახან მიმართეთ თქვენი ქვეყნის პარლამენტს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც თქვენი იმპიჩმენტი მიმდინარეობდა და გააკრიტიკეთ ,,ქართული ოცნება”, როგორც თქვენ თქვით, რუსეთისათვის ზედმეტი პატივისცემისა და ევროპისათვის იმავე პატივისცემის არგამოხატვის გამო. არის რაღაც, რაც ახლაც არ მესმის, ეს ჩემთვის მთავრობის თამაშს ჰგავს. ეს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით ეპყრობა? როგორ აკეთებენ ამას თქვენი აზრით?

მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა,  უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან - 76%-მდე.

უზარმაზარია, ძალიან დიდია ნატოსა და ევროკავშირის წევრობისადმი მხარდაჭერა. და მაინც, ქალბატონო პრეზიდენტო, მე კვლავ ვუბრუნდები მთავარ კითხვას - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერი, „ქართული ოცნების“ პარტია, მან უარი განაცხადა უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზე; ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ომში ნატოა დამნაშავე. ვფიქრობ თქვენ მას კატეგორიულად არ ეთანხმებით. გაქვთ მასთან შეხვედრები? ეუბნებით რას ფიქრობთ? ეუბნებით, რომ ქართველი ხალხი მისი პარტიის პოლიტიკას არ ეთანხმება?    

ქართველ ხალხს მივმართავ დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები - ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება. რა მიზეზი შთააგონებს პრემიერს, ვფიქრობ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მისი სიტყვები წარმოვადგინო, ან ქვეყნის გარეთ ის [პრემიერი] საჯაროდ გავაკრიტიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ. ეს ის ხალხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემონსტრაციას აწყობდა.. დემონსტრაცია სწორი სიტყვა არაა, რომელიც უერთდებოდა ჩემი სასახლის წინ სიხარულს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ.   

კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ რუსეთზე. 15 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თქვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. მოსკოვის ჯარები დღესაც იმყოფებიან როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული და ეს ისაა, რაც მათ ახლა უკრაინაში აქვთ ოკუპირებული. როგორ ფიქრობთ, საქართველო შემდეგია? აქვს რუსეთს საქართველოზე იგივე გეგმა, რაც უკრაინაზე ჰქონდა?

საქართველო იყო პირველი და უკრაინა შემდეგი, თუ მომხდარის ქრონოლოგიას ავიღებთ. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს. მაგრამ უკრაინაში ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. ის ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა და, ალბათ, პუტინის ყველა იმედები დაამარცხა იმ გამძლეობით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის მოსახლეობამ გამოიჩინეს ამ უზარმაზარი თავდასხმის, ტრაგედიისა და აგრესიის წინაშე. მაგრამ რუსეთი კარგავს, უკვე დაკარგა თავისი პრესტიჟი, რუსული არმიის პრესტიჟი.

ექნება თუ არა საქართველოში რაიმეს გაკეთების ცდუნება, ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობთ და ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებიც შეგვიძლია. და მინდა დავამატო ის, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან  და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. არ ვიცი რატომ ვიმალებით რაღაცის უკან. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს; ჩვენი ბანკები ემორჩილებიან და ასეც გააგრძელებენ. ჩვენ დასავლეთის მხარეს ვართ, ეს ეჭვგარეშეა და ასეც გავაგრძელებთ.

ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა გკითხოთ, ზოგადი შეშფოთების საგნის შესახებ - როგორც დასაწყისში ვახსენე, ევროკავშირს ცხადად სურს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროპის ნაწილი გახდეს და იყო დრო, როდესაც უმეტესობა საქართველოს შემხედვარე ამბობდა, რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დემოკრატიული ნოვატორია. ეს ის მიზანია, რომელიც ახლა უფრო შორსაა, თუ რომელიც ახლოვდება? იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ევროპაში ამბობს და მე ვციტირებ - საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლაა, საქართველო უკან მიდის. 

თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს. ვიმედოვნებ, რომ ისინი კონსოლიდირებული იქნებიან და მე ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი.

ჩვენ დრო ამოგვეწურა, მაგრამ ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ - ქალბატონო პრეზიდენტო, ახლო მომავალში გეგმავთ თუ არა ევროპაში დაბრუნებას და ამჯერად, სთხოვთ თუ არა ამისათვის მთავრობას ნებართვას?

მე ახლახან პარიზში ვიმყოფებოდი “პარიზის მშვიდობის ფორუმზე” და ამისათვის არ მომითხოვია. ვფიქრობ, აზრს მოკლებულია. 

მესმის.

თუმცა, მსურს დავაზუსტო - მე ვიქნები იქ,  სადაც ჩავთვლი, რომ საჭირო იქნება ისევ და ისევ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად - კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერის, კონსოლიდაციისა და ევროპის გზაზე ჩვენი იქ მიყვანისათვის, სადაც საჭიროა. მე არ ვიმოგზაურებ სიამოვნებისათვის. 

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დრო ამოგვეწურა. დიდი მადლობა დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისათვის.

სხვა სიახლეები