ინტერვიუ Ouest-France-სთან

ინტერვიუ Ouest-France-სთან 

«ჩვენ გვჭირდება ევროპელების მხარდაჭერა», - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Ouest-France-სთან ინტერვიუში თავისი ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას "ჯერ კიდევ შესაძლებლად" მიიჩნევს. "რუსეთი აგებს ამ ომს", მაგრამ ის ცდილობს "ევროპისკენ მიმავალი ჩვენი გზის დესტაბილიზაციას", - ამტკიცებს ის. ოთხშაბათს, 31 მაისს ბრიუსელში ვიზიტისას პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით წარსდგა.

პარიზში ორდღიანი ვიზიტისას ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედს არ კარგავს. 2022 წლის ივნისში მოლდოვამ და უკრაინამ ევროპელებისგან წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიიღეს. საქართველოს კანდიდატის სტატუსის წელს მიღება სურს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, თბილისში ხელისუფლების მხრიდან მოსკოვთან დაკავშირებით ურთიერთგაგების სიგნალები იზრდება. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 19 მაისს მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო კავშირის აღდგენამ, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ცივი წყალი გადაასხა. სამშაბათს, 30 მაისს ბრატისლავაში (სლოვაკეთი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება ომის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რამაც მთელი პროევროპული ბანაკის აღშფოთება გამოიწვია.

საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის 32 წლისთავი აღნიშნა, თქვენ ევროპარლამენტში ძალიან მკაცრად ისაუბრეთ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლების შესახებ. რატომ?

ჩვენ ვუახლოვდებით ევროპისკენ მიმავალი გზის გადამწყვეტ მომენტს, რომელიც პრაქტიკულად უწყვეტი იყო. ჩვენ ვუახლოვდებით გადამწყვეტ მომენტს, როდესაც ძალიან მძიმე იქნება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მეორე უარს მიიღებს. ასე რომ, წინ გვაქვს რამდენიმე თვე იმისათვის რომ, ერთი მხრივ, საქართველო შემობრუნდეს სამთავრობო მოქმედებების კუთხით, მეორე მხრივ კი, მოსახლეობა დარჩეს მობილიზებული. ეს ასეც არის, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ამავდროულად, ჩვენ ასევე, ვაკეთებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მობილიზებას, რათა მათ გაიგონ, რომ რუსეთმა დაიწყო იმ იარაღით თამაში, რომელიც დღეს მას საქართველოში აქვს. ეს არ არის სამხედრო იარაღი. რუსეთი საკმარისად დაკავებულია და საკმარისად ცუდ მდგომარეობაშია უკრაინაში, მაგრამ მას ზეწოლის მოხდენის სხვა მრავალი საშუალება აქვს: გავლენა იქონიოს ქართული ფსიქოლოგიის იმ ასპექტებზე, რომელსაც ათწლეულებია იცნობს, რათა შეეცადოს და გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე, მოახდინოს დესტაბილიზაცია.

თქვენი აზრით, ამჟამად გაერთიანების და დესტაბილიზაციის მცდელობაა?

ვერ ვიტყვი, რომ ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს არის მცდელობები, რომ სიტუაცია ნაკლებად ნათელი, უფრო გაურკვეველი გახადოს, რომ ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს არის მიზანი.

თქვენ შეხვდით ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს. რა გითხრეთ მათ? შესაძლებელია, რომ საქართველოს წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს?

კიდევ შესაძლებელია, უდავოდ.

გადაწყვეტილია?

არა. ჯერ კიდევ შესაძლებელია - ეს არის მესიჯი. გზავნილია ისიც, რომ ორივე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა; შარლ მიშელი ამ ზაფხულს, ხოლო კომისიის პრეზიდენტის ჩამოსვლის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მაგრამ ორივეს აქვს ეს განზრახვა. ევროპარლამენტის პრეზიდენტიც გეგმავს ჩამოსვლას. ყველა უნდა იყოს მობილიზებული და ვფიქრობ, საპარლამენტო დელეგაციებიდანაც ბევრი ვიზიტი გვექნება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აიძულოს საქართველოს პარლამენტი მიიღოს ის საჭირო გადაწყვეტილებები და მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა.

რას ელით დღეს ევროპელებისგან?

მხარდაჭერას.

და საფრანგეთისგან?

მხარდაჭერას.

არ არის საკმარისი მხარდაჭერა?

არის და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველა ხედავს, რომ საფრანგეთის პოზიცია ძალიან განვითარდა, შეიცვალა. ეს ასევე ეხება გერმანიის პოზიციასაც. დღეს ევროკავშირის გაფართოების საკითხში საფრანგეთი და გერმანია აღარ ყოყმანობენ. მაგრამ საქართველომ, თავის მხრივ, უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი.

თქვენ ძალიან მკაცრი იყავით საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ პოლიტიკურ საფრთხეს გრძნობთ არსებულ ვითარებაში?

არა, ჩემს პოზიციას საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მანდატი ძალაშია კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ვადაში გვექნება ის წინსვლა, რომელიც საჭიროა. მე ზურგს მიმაგრებს და ჩემთან ერთად დგას მოსახლეობა, რომელიც ძალიან მიზანდასახულია და რომელმაც აჩვენა თავისი სიმტკიცე და მონდომება. უფრო მეტიც, ჩვენ გვყავს ერთ-ერთი იშვიათი მოსახლეობა, რომელიც არ გამოდის ქუჩაში პენსიის, ან ხელფასების მოთხოვნით, ის ითხოვს ევროპას ევროპული დროშებით. ვფიქრობ, ეს იმსახურებს დანახვასა და აღიარებას. მე დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მაქვს მთლიანად მოსახლეობის და განსაკუთრებით, მისი ახალგაზრდობის მხარდაჭერა. ახალგაზრდებს არ სურთ რომ ეს შესაძლებლობა წაართვან.

საქართველოს მომავალი ევროპაშია?

აბსოლუტურად. საკმარისია რუკას შეხედოთ, რომ ნახოთ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ეს არის გზა, რომელიც საქართველომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ აირჩია. [ეს გზა] ყოველთვის წარმატებული არ იყო, რადგან იმ დროს ევროპელები არ უყურებდნენ საქართველოს ისე, როგორც დღეს. შავი ზღვა ახლა ევროპული ინტერესების ზღვა და არის ჩვენი საერთო საზღვარია ევროკავშირთან. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან შეიცვალა. და კიდევ ერთხელ, ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც აზროვნებს, როგორც ევროპელი მოსახლეობა.

რას ეტყვით ევროპელებს, ფრანგებს, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი ევროკავშირის გაფართოების მიმართ?

მე ფრანგულ მხარეს ვიყავი, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გაფართოებაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ვხედავთ, რომ ყოყმანი ძალიან ცუდია გაფართოების სფეროში, რადგან ეს აძლევს რუსეთს საშუალებას იფიქროს, რომ მას კიდევ შეუძლია დაბლოკოს, რაც მცდარია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გაფართოება ამ ქვეყნებისთვის სტაბილურობასა და მშვიდობას ნიშნავს. მათ არანაირი დამატებითი პრობლემა არ მოუტანიათ. მეორე მხრივ, უკრაინაში, რომელიც ჯერ არ არის წევრი ჩვენ ნათლად ვხედავთ არასტაბილურობას, სირთულეს და სოლიდარობის საჭიროებას. გამოდის, რომ პირიქითაა. ყველანაირი ნაცრისფერი ზონები საშუალებას აძლევს რუსეთს ეცადოს, დესტაბილიზაცია მოახდინოს. ასე რომ, უნდა ჩამოვაცილოთ რუსეთს ყველა ეს ცდუნება და შემდეგ დავაბრუნოთ იმ ფარგლებში, რაც ბოლოს და ბოლოს რუსეთის საზღვრებს დაემსგავსება. ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავისთავად თითქმის მთლიანი კონტინენტია და მცირედი აღქმაც კი არ აქვს იმისა, რომ საზღვრებითაა გარშემორტყმული და არა უკაცრიელი მიწით.

შიშობთ რომ დღესდღეობით რუსეთის მიერ წარმოებული ომის გადმოდინება მოხდება?

არა, არ ვფიქრობ ასე. მე ვხედავ, რომ რუსეთი აგებს ამ ომს. ამ ომს, როგორც ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებდა კგბ-ს ოფიცერი, რომელიც მან წააგო. მან წააგო ზელენსკისთან, წააგო ევროპელების ერთიანობასთან, წააგო საკუთარ არმიასთან, რომელსაც მან დაუკარგა დაუმარცხებლობის ავტორიტეტი. ის იძულებული გახდა მიემართა ბანდიტი პრიგოჟინისთვის, რომელიც სხვა ბანდიტებს ხელმძღვანელობს. ასე რომ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ რუსეთმა, რომელსაც დღესაც უჭირს მობილიზება, სხვა ავანტიურა წამოიწყოს. საქართველოში კი მას უკვე აქვს ბაზები და ჰყავს ჯარები. არ არის საჭირო თავიდან დაწყება. რუსეთის თამაში საქართველოში ისევ ფსიქოლოგიური საშუალებებით ზეწოლის მცდელობაა, რათა საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რუსეთისადმი პასუხი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი და დემოკრატიული რეფორმების გზის გაგრძელებაა. საუბარი არ არის მოკლეზე გადახვევაზე, საქართველომ თავისი გზა უნდა გაიაროს. ესეც ნათელია.

კონკრეტულად რა საკითხებში?

ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ყველაზე სასწრაფო და ყველაზე რთული მართლმსაჯულების სფეროა. თუმცა, ეს არ არის არითმეტიკული ან ბიუროკრატიული წარმოდგენა იმის შესახებ, ვაკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს. ჩემს ინტერვიუებში დომინირებს ის, რომ ევროპელებს სურთ დაინახონ პოლიტიკური ნება და უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს პოლიტიკური ნება არ შეიცვლება და სიგნალებით გამოიხატება. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ კანდიდატობა თავისთავად ხანგრძლივი პროცესია. კანდიდატურის მინიჭება უფრო სიმბოლურია და ქართული მხრიდან კი სიმბოლურია «კის» თქმა. ჩვენ გავწევთ საჭირო ძალისხმევას. საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო სიგნალებს აგზავნის.

თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამ კვირაში, რომ ნატოს გაფართოება იყო პასუხისმგებელი მიმდინარე ომზე. რა რეაქცია გქონდათ თქვენ?

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის წახალისება ხდება ყოყმანით და არასდროს სიმტკიცით, რაც არ უნდა აგვერიოს დაპირისპირებაში. არავინ ითხოვს საქართველოსგან რუსეთთან დაპირისპირებას. აბსოლუტურად არავინ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ცდილობს ამ იდეების გატარებას. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს მონდომება, ჩვენი პარტნიორების მონდომება, საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.

რა ბერკეტების იმედი გაქვთ, რომ წლის ბოლომდე მიაღწიოთ პროგრესს, რაზეც საუბრობთ?

მოსახლეობა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ვეტოს უფლება გაცილებით ნაკლებად სიმბოლური გახდა მას შემდეგ, რაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა იმავე პოზიციის დასაცავად. ასე რომ, ეს ხდება პოლიტიკური ვეტო. მე უკვე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ვაპირებ გამოვიყენო ვეტო ყოველთვის, როცა იქნება გადახრა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაციით დასახული ხაზიდან, გადახრა პირდაპირი გაგებით, და არა შინაარსობრივად. რადგან, არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენ დეტალურად შევასრულებთ თორმეტ რეკომენდაციას, რომლებიც არ არის «კანონის დაფები», მაგრამ ეს არის სწორი მიმართულებით სვლის იდეა. და ჩვენ ამ ძალიან კარგი მიმართულებით მივდიოდით დაახლოებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ მას.

ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, მოსკოვთან საჰაერო კავშირების აღდგენამ შეიძლება თუ არა ევროპისკენ მიმავალი გზა შეაფერხოს?

ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა ბრიუსელში. მე თვითონ გავაკეთე ძალიან მკაფიო განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით და მიმაჩნია, რომ უნდა შევწყვიტოთ ამბივალენტური მესიჯების გაჟღერება.

რამდენი რუსი ჩამოვიდა საქართველოში ომის დაწყების შემდეგ?

საქართველოში შემოვიდა და გავიდა 700 000-ზე მეტი რუსი. ჩამოვიდა და დარჩა დაახლოებით 80 000. ეს დიდი რიცხვია 3 700 000 მაცხოვრებლიანი ქვეყნისთვის. ისინი ძირითადად, დიდ ქალაქებში არიან. ცხადია, ეს მოსახლეობა არანაირ პრობლემას არ ქმნის. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და არანაირ პრობლემას არ უქმნის ხალხს, ვისაც იღებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებობს რეგულაციები და ამასაც ვთხოვ საჯაროდ მთავრობას, რომ არ დავტოვოთ უყურადღებოდ, რადგან დღეს თუ ხვალ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ არ მომხდარა, შეიძლება იყოს ინციდენტები. როდესაც იცნობ რუსეთს, იცი, რომ ის ამაყობს იმით, რომ ყოველთვის იცავს რუსულენოვანთა უფლებებს. არ არის საჭირო მისთვის არარსებული არგუმენტების მიცემა. ოსეთსა და აფხაზეთში სიტუაცია არ არის მოგვარებული.

შეუძლია თუ არა ქვეყანას ევროკავშირში შესვლა მიმდინარე სასაზღვრო კონფლიქტით?

ეს არ არის სასაზღვრო კონფლიქტი, ეს ოკუპაციაა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ოკუპირებული ტერიტორიებით ევროპაში შესვლა. მე ვხედავ, რომ აფხაზეთში საპროტესტო აქციებია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხი აპროტესტებს რუსეთის მიერ მიწების ყიდვის მცდელობას. იმ მიწების ჩათვლით, რომლებსაც აქვთ ძლიერი სიმბოლური დატვირთვა. აქამდე აფხაზები ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთი მიწების რუსებისთვის მიყიდვას. ეს გვიჩვენებს თუ რა განწყობაა. ვფიქრობ, ამ ოკუპაციის ერთადერთი გამოსავალი სწორედ ევროპაა. ევროპაში შესვლა, დიდი ხნის განმავლობაში, ასევე ამ მოსახლეობის ამბიცია იყო. აფხაზები ყოველთვის ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ყველაზე დასავლური მოსახლეობაა და, შესაბამისად, გზა ევროპისკენ. ეს არის მთელი ევროპის კონტინენტის შეთანხმებული გამოსავალი, რომელიც აიძულებს რუსეთს, დაუბრუნდეს საკუთარ საზღვრებს და გახდეს ნორმალური მეზობელი.

ანუ 1991 წელს დაბრუნება?

დიახ. მეტიც, ამას ითხოვენ უკრაინელები. რამდენადაც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ ამ ომში, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სხვას არაფერს არ დათანხმდებიან გარდა ტერიტორიული სუვერენიტეტის დაბრუნებისა. რომელი ევროპული ქვეყანა დასჯერდებოდა ნაკლებს?

რა შეცვალა ომმა ევროპისთვის?

ყველამ აღიარა რუსული რეჟიმის ნამდვილი და ღრმა ბუნება. საბჭოთა ერქმევა მას, ცარისტული, თუ პუტინის რუსეთი. ეს ჩემი დიდი ხნის რწმენაა, წიგნიც კი დავწერე ამ თემაზე, რომ რუსეთმა არ იცის, რომ საზღვრები აქვს. ეს არის გაქანებული იმპერიალიზმი, რომლის დანახვა ევროპელებს არ სურდათ. მათ სურდათ [რუსეთის] გამართლება სხვადასხვა არგუმენტებით, რომლებსაც მათ რუსული პროპაგანდა სთავაზობდა. დღეს ცხადია, სიმართლეს და რეალობას ვეღარავინ დამალავს და მე მჯერა, რომ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ყველანაირი ხელშეწყობა და მცდელობა რუსეთისთვის, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია თავის დაღწევა - შეუძლებელია, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა ხვალ. საუბარი არ არის რუსეთის განადგურებაზე. საუბარია რუსეთის შეცვლაზე და ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურ ერად ქცევაზე. თქვენ ახსენეთ მეფეები, საბჭოთა რეჟიმი, პუტინის რეჟიმი. პუტინის რეჟიმი, თავისი ცნობილი ვერტიკალურობით და ავტონომიის ნებისმიერი მარჟის გაუქმებით, რეჟიმის ნებისმიერ ცვლილებას ძალიან სახიფათო ხდის.

გეშინიათ რუსეთის ფედერაციის დაშლის ეფექტის?

დაშლის, დომინოს ეფექტის შიშები იყო ის, რასაც ჩვენ გვთავაზობდნენ სსრკ-ს დასრულებისას და ამბობდნენ, რომ ეს საშინელება იქნებოდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. ეს არის რუსეთის შიგნით არსებული რესპუბლიკების გადაწყვეტილება და ეს არის არჩევანი და მომავალი, რომელიც მათ ეკუთვნით. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტვინის მტვრევა, რომ მუდამ ვეცადოთ წინასწარ დავინახოთ, რითი შეიძლება გამართლდეს რუსეთი, რომ ის კვლავ იყოს ის რაც არის, ანუ იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელიც თვლის, რომ მისი ყველა მეზობელი ექსპანსიის სფეროა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ დროს.

თქვენ საკმაოდ უნიკალური შემთხვევა ხართ; საფრანგეთის სამსახურში მყოფი დიპლომატი, შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი. რუსულ დეზინფორმაციას საფრანგეთშიც ამჩნევდით? ასეთი ძლიერი იყო?

მე ამის ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ გამოვცადე და ძალიან რთული იყო. მე ასევე გამოვცადე ის ჩემს კოლეგებთან ერთად, ფრანგულ დიპლომატიაში, სადაც ჩვენ ვიბრძოდით გაფართოებისთვის. იმ დროს, როდესაც საჭირო იყო რუსული გაზის მიწოდების დასრულება და როდესაც იყო ნამდვილი ბრძოლა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შიგნით, იმისათვის, რომ უნდა გაზრდილიყო თუ არა საფრანგეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ასე რომ, ახალი არაფერია.

შესაძლოა რუსული დეზინფორმაცია დაბრუნდეს?

არა, მე მჯერა, რომ ის, რაც ჩვენ ვნახეთ ევროპაში წელიწადნახევრის განმავლობაში, არის განსხვავებული ევროპა; ევროპა, რომელიც იღებს მსხვერპლს თავისი პრინციპების შესანარჩუნებლად და ეს არის ევროპა, რომელიც მისგანვე შეუმჩნევლად გადაიქცა ძალაუფლებად, როგორც ბატონი ჟურდენი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ველოდით და ეს ახლა ხდება.

სხვა სიახლეები