საქართველოს სურს, რომ რუსეთმა დატოვოს მისი [საქართველოს] ტერიტორია უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში
- რუსეთმა უნდა ისწავლოს, ,,სად არის მისი საზღვრები“ ამბობს ზურაბიშვილი
- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისიდან საუბრობს ინტერვიუში
საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთს უნდა მოეთხოვოს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 15 წლიანი ოკუპაცია, იმ საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომლითაც კრემლის ომი უნდა დასრულდეს უკრაინაში.
,,რუსეთმა უნდა ისწავლოს, თუ სადაა მისი საზღვრები“, განაცხადა ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დედაქალაქ თბილისიდან. ,,საქართველოს საკითხები უნდა იქნას განხილული, რადგან არავინ უნდა იფიქროს, რომ შესაძლებელია ამ ომის გადაჭრა რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე,“ - განაცხადა მან.
ზურაბიშვილის მოწოდება რეგიონული წესრიგის აღდგენაზე დამოკიდებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადამწყვეტ მარცხზე უკრაინაში, მომენტი, რომელზეც მან [სალომე ზურაბიშვილი] თქვა, რომ სწრაფად ახლოვდება. ,,რუსეთმა პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლა, თუ არა მთლიანად ომი“ - თქვა მან საპრეზიდენტო რეზიდენციიდან, რომლის ფასადიც საქართველოსა და უკრაინის დროშებითაა მორთული.
2008 წელს რუსეთმა თბილისიდან 20 მილის მანძილზე ჯარი და ტანკები გააგზავნა ორ სეპარატისტულ არეალში, რომლებიც მოგვიანებით კრემლმა დამოუკიდებლად ცნო, პირველად ცალმხრივად შეცვალა სახელმწიფოს საზღვრები, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. რუსეთმა თავისი ჯარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩააყენა და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს იკავებს, რომელიც საერთაშორისოდ, კავკასიაში მდებარე რესპუბლიკის ნაწილად რჩება აღიარებული.
,,დიდი შეცდომა“
რუსეთისაგან, დანებების პირობების ფარგლებში, [ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის] სრული გაყვანის მოთხოვნის გარეშე ,,დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - ისეთივე დიდს, როგორც 2008-ში, 2014-ში,“ - თქვა ზურაბიშვილმა, იგულისხმა რა, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის ანექსია.
თითქმის ერთი წელია, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ომის შედეგი ჯერ კიდევ არაა ნათელი, რადგან ორივე მხარე გაზაფხულზე პოტენციურად გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. უკრაინის ამერიკელმა და ევროპელმა მოკავშირეებმა შეიარაღების მიწოდება გაზარდეს, რათა კიევის ძალები ფართომასშტაბიანი შეტევის წინააღმდეგ გააძლიერონ, რომელზეც ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა გეგმავდეს.
საფრანგეთში დაბადებული ზურაბიშვილის მიერ რუსეთის კრიტიკა, მას უთანხმოებაში აყენებს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც ფრთხილობს, რათა თავიდან აირიდოს პუტინის გაღიზიანება უკრაინაში შეჭრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დაგმო რუსეთის ,,გაუმართლებელი“ აგრესია, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთზე და უარი თქვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, გასულ თვეს კი, თავისი პოლიტიკის კრიტიკოსები ,,საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის“ სურვილში დაადანაშაულა.
4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე სახელმწიფომ, გააფართოვა ვაჭრობა თავის ჩრდილოელ მეზობელთან, და მიიღო ათიათასობით რუსი, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა დანაზოგით ხელში, რამაც საქართველოს ეკონომიკისათვის 2 მილიარდი დოლარის მოულოდნელი შემოსავალი მოიტანა.
70 წლის ზურაბიშვილი 2018 წელს აირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. დიდწილად ცერემონიალური როლია, თუმცა ოფიციალურად ის მთავარსარდალია. ინტერვიუში მან ნათლად თქვა, რომ ის აღიარებს პოლიტიკაზე ზემოქმედების მოხდენის თავის ლიმიტებს, თუმცა მან თქვა, რომ მისი ღია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ქართველების უმეტესობის მხარდაჭერით სარგებლობს.
ევროკავშირი, ნატო
მიუხედავად ამისა, მან აღიარა, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ,,მეტად ფრთხილი“ საქართველოს სტატუსიდან გამომდინარე - ქვეყანა, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა და არ აქვს ის დაცვა, რაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს აქვთ, რომლებში გაწევრიანებისკენაც საქართველო მიისწრაფის.
საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფება ივნისში დაზიანდა, როდესაც წევრმა ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს უკრაინასა და მეზობელ მოლდოვას, ამით დააყენეს ბლოკში გაერთიანების გზაზე, ხოლო თბილისს უთხრეს, რომ ჯერ კიდევ სჭირდებოდა კონკრეტული პირობების დაკმაყოფილება, რათა იმავე კატეგორიისთვის მიეღწია.
ევროპარლამენტმა საქართველო მედიათავისუფლების რეპრესირების, სასამართლო რეფორმისა და სამოქალაქო თავისუფლებების უკუსვლის გამო გააკრიტიკა - მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამო, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, იხდის რა სასჯელს. მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია. საქართველოს მთავრობა უარყოფს ბრალდებებს.
სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში შემოსვლის შემდეგ დააკავეს. 2013 წელს მისი პრეზიდენტობის ვადის დასრულებით წასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საქართველოში. ის უცხოეთში წავიდა, როდესაც მმართველმა პარტიამ, ,,ქართულმა ოცნებამ", [რომელიც მისმა მეტოქე მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ქვეყნის უმდიდრესმა კაცმა] ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს ძალა, რომ შეიწყალოს ქვეყნის 2003 წლის პრო-ევროპული ვარდების რევოლუციის ლიდერი, კომენტარს არ აკეთებს თავის გეგმებზე, მაგრამ ამბობს - არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური საქმე განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროკავშირის გარკვეული მოთხოვნები, ნაწილობრივ პოლიტიკური განხეთქილების გამო, პრეზიდენტმა თქვა, რომ მოვიდა დრო, ,,ევროპამ მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება.“ ქვეყანას არ შეუძლია კიდევ ერთი წარუმატებლობა განიცადოს ფორმალური კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე, რამაც საქართველოს ,,რუხ ზონად“ წარმოჩენით შესაძლოა გაათამამოს რუსეთი თავისი ამბიციების განსახორციელებლად, თქვა მან.
,,თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
,,ვიცი, რომ არ ვართ იდეალურები, ვიცი, რომ არის საკითხები, რომლებსაც არ ვაკეთებდით, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ წინ უნდა წავიდეთ.“