ინტერვიუ France inter-თან

ინტერვიუ France inter-თან

მოგესალმებით, ქალბატონო სალომე!

მოგესალმებით.

გმადლობთ, რომ დათანხმდით ჩვენს მოწვევას. ,,ფრანს ინტერს“ ერგო თქვენი მასპინძლობის პატივი უკარინაში, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაახლოებით, 8 თვენახევრის წინ. დღეს თქვენ ისევ პარიზში იმყოფებით, ,,მშვიდობის ფორუმზე", რომელიც გუშინ გაიხსნა და დღესაც გაგრძელდება. საქართველო, რომლის პრეზიდენტიც თქვენ ხართ, უკვე 4 წელია, ფორუმში მონაწილეობს; ამის შესახებ რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. საქართველო პატარა ქვეყანაა კავკასიაში. 3 500 000-იანი მოსახლეობით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელსაც [უნდა აღვნიშნოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია] დიდი საზღვარი აქვს რუსეთთან და გრძელდება დასავლეთით, შავი ზღვისკენ - ეს შესავლისთვის.

ქალბატონო სალომე, როგორია სიტუაციის თქვენი ანალიზი, ვნახეთ რომ რუსები იძულებული გახდნენ ამ კვირას რომ გამოსულიყვნენ ხერსონიდან, უკანასკნელი დიდი უკრაინული ქალაქიდან, რომელიც მათ ხელში რჩებოდა, ყველაფერი მოგვარებული არ არის, მაგრამ თვლით თუ არა, რომ ეს სერიოზული გარდამტეხი მომენტია ამ ომში?

ეს გარდამტეხი მომენტია. ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ, მცდარი გათვლები ამერიკის და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგობის ხანგრძლივობის შესახებ, და დღესაც მცდარი გათვლა იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა.

ამაში დამარცხების დასაწყისს ხედავთ?

დიახ. 

გულწრფელად?

დიახ.

ერთი თვის წინ, ასევე რთული ეპიზოდი იყო, როდესაც კრემლმა გამოაცხადა დიდი საყოველთაო მობილიზაცია ბრძოლის ასაკის მქონე რუსების გასაწვევად, მაგრამ მათგან გარკვეულმა ნაწილმა რუსეთიდან გაქცევა და მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლა გადაწყვიტა. გვახსოვს სასაზღვრო პუნქტებთან კილომეტრიანი რიგების შთამბეჭდავი კადრები. რამდენმა შეაფარა თავი თქვენთან, საქართველოში?

ძალიან საინტერესოა, მე წამოსვლამდე ვიკითხე მონაცემები. 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 710 000 დან 720 000 მდე.

700 000 ... 3 500 000 მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის, შევახსენებ [მსმენელს].

მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო, რომ აქვს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია, სამხედრო ბაზებით. 

ორი პრორუსული რეგიონი...

და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე. არის დროდადრო ვერბალური დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, ეს რუსი მოსახლეობა, რომელიც ჩამოვიდა და ჯერჯერობით რჩება, არის ის, რომელსაც არ სურს გაიზიაროს ამ პუტინისეულ ომში მყოფი რუსეთის ბედი, არ სურთ მობილიზაცია, არიან საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები..

განათლებულები?

განათლებულები.

რატომ დაუშვა ეს ვლადიმერ პუტინმა? რატომ გამოუშვა ისინი, მას სავარაუდოდ, შეეძლო ძალიან სწრაფად ხელი შეეშალა მათი გამოსვლისთვის?

თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ეს შეასუსტებდა მოსახლეობის რეაქციას განსაკუთრებით, მოსკოვში, სადაც ამ მობილიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ეს ქმნის [ქვეყნის] გარეთ მასას, რომელიც მას არ ექვემდებარება. კიდევ გავიმეორებ, ის ყველა გათვლას არასწორად აკეთებს და ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი შეხედულებისამებრ...

რას საქმიანობენ ეს რუსები თქვენთან, საქართველოში? 

ბევრი მათგანი IT სფეროშია, ისინი მუშაობენ, ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა. კიდევ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, თუ რას იმეორებენ აქ ყველგან, მე ვიტყვი, ჩვენ სრულიად და დიდი მონდომებით შევუერთდით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, რადგან ჩვენი ბანკები არიან როგორც ამბობენ «ultra compliant» , ამიტომ ისინი (რუსები) იძულებულები არიან ნაღდი ფულით ჩამოვიდნენ, ეს თანხა ეყოფათ თუ არა...

ვისაუბრებთ ამ სანქციების შესახებ; ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ გვიჭირს გავიგოთ რომელ მხარესაა საქართველო, ისევ უკრაინის მხარეს, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორს.

სრულად უკრაინის გვერდით - რაც შეეხება მოსახლეობას. ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში.

უმრავლესობა?

სრულად! თქვენ თუ ჩამოხალთ საქართველოში ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და ასევე სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა. 

რაც შეეხება მთავრობას?

დიახ, ვიმეორებ, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ეხლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!

ეს მთავრობა ძალიან შორს წავიდა. ამ ზაფხულს თქვენ ხალხის მტერი გიწოდეს... ივლისის შუა რიცხვებში...

ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ ცხადია არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც. 

ამის სათქმელად ხართ ჩამოსული?

ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი.

ამას გარდა, როგორ უნდა მოხერხდეს ყველა მხარის ერთ მაგიდასთან დასხდომა? ეს ჯერ კიდევ ძალიან შორი პერსპექტივაა.

ერთი პრინციპი უნდა იყოს მთავარი, მაგიდასთან დასხდომა უნდა გადაწყვიტონ მხარეებმა, რომლებმაც იომეს. უკრაინამ...

უკრაინამ და რუსეთმა?

რუსეთმა... თავისთავად, ის რაღაც მომენტში უნდა დათანხმდეს. ისინი თამაშობენ მოლაპარაკებების თემით.

როგორაა შესაძლებელი ამ მხარეების ერთ მაგიდასთან დასხდომა? ეს შეუძლებელი ჩანს.

რაღაც მომენტში, ამისთვის სიტუაცია მომწიფდება. 

ამ ომს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. შიშობთ, რომ შესაძლებელია ევროპელებმა, რაღაც მომენტში, აღარ გამოიჩინონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, თუ ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება?

ვფიქრობ, რუსეთი გათვლას ამაზე აკეთებდა. მას ეგონა, რომ აქაც იგივე მოხდებოდა, რაც ყოველ ჯერზე ხდებოდა საქართველოში: 1991 წელს, 2008 წელს და ყირიმში - 2014 წელს; ცოტა ხმაურის შემდეგ, ევროპელები დაუბრუნდებოდნენ (მასთან) ბიზნესს, როგორც ყოველთვის. ეს ასე არ მოხდა. მას ასევე, ეგონა, რომ კომფორტს მიჩვეული ევროპელი მოსახლეობა აუჯანყდებოდა ხელისუფლებას და მათ სანქციებს, რომლებიც ძვირი უჯდება მოსახლეობას, ეს ასე რადიკალურად არ მოხდა. მართალია, რთულია ეს ყველაფერი, იქნება მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ნაკლები ენთუზიაზმი ექნება, მაგრამ სრული გახლეჩა, რასაც რუსული მმართველობა ელოდებოდა, არ მოხდა, არცერთი მათი მოლოდინი არ შესრულდა.

თქვენ სრულიად ენდობით ევროპელებს? ისინი უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობას შეინარჩუნებენ?

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჯერად, ყველაფერი ნათელია, ევროპის რეორიენტაცია მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის დღესდღეობით საბოლოოა. ყველამ გაიგო, რომ არ შეიძლება დამოკიდებული იყო არადემოკრატიულ ქვეყანაზე. ეს დიდი გაკვეთილია, რომელიც ყველამ გაიგო, უკრაინის წყალობით. 

გმადლობთ. კარგ დღეს გისურვებთ.

მადლობა თქვენ.

სხვა სიახლეები