საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Brussels Morning-თან

ექსკლუზივი: ჩვენ მეტად ახლოს ვართ ნატო-ს წევრობასთან

„Brussels Morning“ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, სადაც ნატო-ს სამომავლო წევრობის საკითხი განიხილა

1921 წელს, რუსეთის რევოლუციის  შემდეგ, მცირე ხნით დამოუკიდებლობამოპოვებულმა ერმა-სახელმწიფომ, საქართველოს რესპუბლიკამ, 70 წლის შემდეგ კვლავ ოფიციალურად აღიდგინა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ეს პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოლოდინს აჭარბებს.

საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს აქვს ოჯახის ისტორია, რომელიც თანხვედრაში მოდის ქვეყნის მწარე წარსულთან. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქართული დიასპორის შთამომავალია, რომელმაც 1921 წელს პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში იპოვა.

ის გაიზარდა როგორც ფრანგული ელიტის ნაწილი, შეუერთდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურს და საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ეროვნული თავდაცვის საერთაშორისო და სტრატეგიული საკითხების სამმართველოს უფროსად დანიშნა. 2003 წელს ის საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა მინისტრად მიიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ხელმძღვანელობდა წარმატებულ მოლაპარაკებებს, რომლის შედეგადაც რუსეთის სამხედრო ბაზებმა ახალქალაქი და ბათუმი დატოვეს.

2018 წელს კი, ზურაბიშვილი გახდა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი.

სწორედ ამ რანგში 22 იანვარს ბრიუსელს ეწვია და შეხვედრები ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართა. საქართველოში ნატო-ს წევრობისაკენ სწრაფვა სადავო არაა. ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის საგანია. ქვეყნისათვის, რომელსაც დე ფაქტო არ აქვს სუვერენული კონტროლი ტერიტორიის 20%-ზე - 2008 წელს რუსეთთან ომის შემდგომ - სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხედვა რთული განსახორციელებელია. 

- თქვენი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი ნიშანდობლივი მიღწევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეთანხმების მიღწევა იყო, რომლის საფუძველზე რუსეთის ჯარებმა დატოვეს საქართველო. ამჟამად რუსეთის ჯარები წარმოდგენილნი არიან არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიებზე, რომელზეც დე ფაქტო კონტროლი მათ აქვთ, არამედ უფრო ფართოდ რეგიონში. როგორ ხედავთ ამ რეგიონის მომავალს ახალი კონტექსტიდან გამომდინარე? რა როლი შეუძლია ითამაშოს საქართველომ?

ერთი რამ რისიც ყოველთვის მჯეროდა არის ის, რომ კავკასია უნდა იყოს რეგიონი, სადაც რამდენიმე აქტორის მაგივრად, ყველა მთავარი აქტორი  იქნება წარმოდგენილი. 

ამ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არ უნდა დარჩეს ჩვენი ნატოელი და ევროკავშირელი პარტნიორების ყურადღების მიღმა. ევროკავშირიც და აშშ-ში ბაიდენის ახალი ადმინისტრაციაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, იქნება ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერება და საქართველოს კონფლიქტების მოსაგვარებლად მეტად მაღალი რანგის პოლიტიკური საუბრის დაწყება თუ მინსკის ჯგუფში მნიშვნელოვანი მონაწილეობა.

საქართველო მუდამ იყო სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ქვეყანა. სწორედ ამიტომ, უნდა განვაგრძოთ კავკასიაში ჩვენი როლის - როგორც ევროპული ფასეულობების განვითარება ჩვენს ნატოელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დროს, რაც მთელი რეგიონისათვის ტრაგედია იყო, საქართველო ნეიტრალური დარჩა და მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ამ სიტუაციის გაგრძელება - სადაც მუდმივად გავაღრმავებთ კავშირებს ჩვენს ორ ახლო მეზობელთან.

სტაბილურობისაკენ ამ სწრაფვაში ვერ უგულებელვყოფთ დასავლეთის როლს. კავკასია უნდა იყოს სავაჭრო, დამაკავშირებელი, მშვიდობის ცენტრი. ევროკავშირსა და ნატოს დახმარება შეუძლია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერით, სწორედ ამას გავუსვი ხაზი ბრიუსელში ჩემი ვიზიტისას.

- თორმეტი წელი გავიდა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან. არის საქართველო უფრო ახლოს ნატო-ში ინტეგრაციასთან?

ბევრად ახლოს. ჩვენი ნატოელი პარტნიორების დამოკიდებულება ახლა თითქმის ერთსულოვნად მხარს უჭერს ჩვენი ინტეგრაციის გზას. ჩვენ ვხედავთ მეტ ვიზიტებს, მეტ მკაფიო მხარდაჭერას, მეტ განცხადებებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჩვენი შეიარაღებული ძალები ბევრად ახლოსაა ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან, ვიდრე ადრე. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდიდან, თბილისში ვუმასპინძლე ნატო-ს გენერალურ მდივანს, გენერალური მდივნის მოადგილეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, თითოეულმა მათგანმა ძალიან დადებითი განცხადება გააკეთა საქართველოს ინტეგრაციისათვის მზაობასა და იმ მარტივ ფაქტზე, რომ ვერცერთი მესამე ძალა ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს გაწევრიანებას.

მაშინაც კი, თუ წევრი ქვეყნები არ არიან მზად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანებაზე, ჩვენ განვაგრძობთ მეტ თანამშრომლობებსა და პარტნიორობებზე მუშაობას. განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც წინა დეკემბერს დამტკიცდა კარგი მაგალითია თუ როგორ შეგვიძლია ველოდოთ და მივიღოთ მეტი ალიანსისაგან.

იგივე შეიძლება ითქვას სამხედრო წვრთნებზე - 15 წლის წინ ვის შეეძლო წარმოედგინა  საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნები ამ რაოდენობით და ხარისხით და მისი გაძლიერებული წარმომადგენლობითობა შავ ზღვაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სტაბილურობა და განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისათვის და სწორედ ამიტომ ნატო-ს წევრობა ასეთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება ჩვენთვის.

თუმცა ჩვენ მეტი გვჭირდება. საქართველომ აჩვენა ერთგულება და სიმტკიცე. როგორც ბრიუსელში ვთქვი, მოვიდა დრო ალინსმა გამოიჩინოს მეტი სოლიდარობა და გამბედაობა.

- საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წვლილი შეიტანეს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში, ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი ჯარისკაცი, ვიდრე ალიანსის სხვა რომელიმე ქვეყანამ, თუ არ ჩავთვლით აშშ-ს. როგორი გავლენა იქონია ამ წვლილმა საქართველოზე?

საქართველო მართლაც მნიშვნელოვნად მონაწილეობდა ISAF-შიც და მომდევნო - მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციაშიც. ეს აჩვენებს, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ერთგული წევრია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალური ძალისხმევის ნაწილი ვართ. ჩვენ ასევე გავგზავნეთ ჩვენი ჯარისკაცები მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რათა ევროკავშირს სუბსაჰარულ აფრიკაში სტაბილურობის შენარჩუნებაში დავხმარებოდით.

ავღანეთი მეორე ქვეყანა იყო, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ვესტუმრე. ეს იყო ბრიუსელში ვიზიტის შემდგომ, ზუსტად ორი წლის წინ. იქ ჩვენი უნიფორმიანი ქალებისა და კაცების საამაყო თავდადების გარდა, ვნახე ადგილზე ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან დაფასების უდიდესი ხარისხი. თითქმის ყველა შეხვედრაზე, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ პირებთან  და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან მქონია, ქართველი სამხედროებს აქებდნენ მათი სიმამაცისა და დამოკიდებულებისთვის.

თუმცა ამ მისიებიდან მიღებული სარგებელი ორმხრივია. საქართველოსთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობამ აამაღლა პროფესიონალიზმი და მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა.

- მთიანი ყარაბაღის ომმა და დაძაბულობამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ნატოს ცალკეული წევრი ქვეყნებისათვის სხვადასხვა პრიორიტეტები და ინტერესები გამოავლინა. საფრანგეთი და თურქეთი საუკეთესო მაგალითია. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ასეთი მოცემულობა საქართველოზე და მთლიანობაში რეგიონზე?

საბოლოო ჯამში, გასული წლის ომმა ხაზი გაუსვა საუკუნეების დროინდელ ჭეშმარიტებას - საქართველო, თავისი ხანგრძლივი კულტურული, რელიგიური და მეზობლური კავშირებით სომხეთთან და მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორობით აზერბაიჯანთან, საუკეთესოდ შეესაბამება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამამყარებლის როლს. ჩვენ ვიცნობთ კავკასიას, ამ კონფლიქტის დროს ნეიტრალურები დავრჩით და მუდმივად მოვუწოდებდით მშვიდობისა და თანამშრომლობისაკენ.

რა თქმა უნდა, როგორც მანამდეც ვთქვი, და უზრუნვლევყავი, რომ ამაზე ხაზი გამესვა ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრისას - ევროპამ და ვაშინგტონმა თავისი როლი უნდა ითამაშოს. შესაძლოა, იმაზე დიდი როლიც კი, ვიდრე ამ დრომდე მათ სურდათ. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მონაწილეობა რეგიონული სტაბილურობის ძალისხმევაში გადამწყვეტია.

საბოლოოდ, ჩვენი სამი ქვეყნის მომავალი კავკასიაში ამ რეგიონის კავშირის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის რეგიონად ჩამოყალიბებაა. ეს ჩვენი მთავარი საერთო ინტერესია.

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Brussels Morning-თან

სხვა სიახლეები