სტატია - Voz de América

საქართველოს პრეზიდენტი აკრიტიკებს დასავლეთს, პუტინის ექსპანსიონიზმის მიმართ, გადაჭარბებული ტოლერანტობის გამო

კაროლინა ვალიადარესი

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მიერ პრეზიდენტ პუტინის „დაშოშმინების“ მცდელობები, ვერ შეაჩერებს მის ექსპანსიონისტურ მისწრაფებებს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმასაც რომ, რუსეთი დღევანდელი ომისთვის ყირიმის ანექსიის გამოცდილებაზე დაყრდნობით ემზადებოდა.

„ამჟამად უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია იმის მაგალითია, რომ დასავლეთის მცდელობებმა, განემუხტა ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში არსებული სიტუაცია, მარცხი განიცადა“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარასკევს მიცემულ ინტერვიუში.

ამ დღეებში ვაშინგტონში მყოფმა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ის გადაჭარბებული თვითდამშვიდება გააკრიტიკა,  რომელსაც მისი თქმით, დასავლეთი, რუსეთთან მიმართებაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებდა. 

ზურაბიშვილის თქმით, დასავლეთი იყენებდა „დიალოგის პოლიტიკას, ცდილობდა ყველა გზის მოსინჯვას რუსეთთან საერთო შეხების წერტილების მოსანახად, რათა ამ ქვეყანას უარი ეთქვა აგრესიულ პოლიტიკაზე და უფრო მეტად თანამშრომლობით გაჯერებულ ურთიერთობებზე აეღო ორიენტაცია“.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ევროპის სახელმწიფოების უმეტესობაში არსებობდა ერთგვარი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ „არავინ უნდა აკეთოს ისეთი რამ, რაც გააღიზიანებს რუსეთს, რაც უფრო მეტად გამოიყვანს მას წყობიდან“. ასეთი მიდგომის მომხრენი იმედოვნებდნენ, რომ ამის წყალობით რუსეთის შეხედულებები შეიცვლებოდა, თუმცა „ახლა ვხედავთ, რომ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა“, – ასკვნის იგი.

ზურაბიშვილი, რომელმაც პრეზიდენტის სავარძელი 2018 წელს დაიკავა, ამჯერად ვაშინგტონში, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

პრეზიდენტმა გაიხსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის დროსაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია  მოახდინა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ამჟამად  უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ხასიათიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ეს ქვეყანა „მოსალოდნელი აგრესიის დასახვედრად ემზადებოდა“. „უკრაინელთა წინააღმდეგობა საომარი ეტაპისათვის ინტენსიური მომზადების შედეგია“, – ამბობს ზურაბიშვილი.

ნატოში შესაძლო შესვლა:

ექსპერტების აზრით, იმ კონფლიქტებმა, რომლებთან შეჯახებაც, რუსეთის პროვოკაციების გამო მოუხდათ საქართველოსა და უკრაინას, უდავოდ გაართულეს ამ ქვეყნების შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო), რისკენაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში ისწრაფოდნენ.

თუმცაღა „დღეს ის ქვეყნებიც კი, რომლებიც თავის დროზე ძალიან ერიდებოდნენ ევროკავშირის გაფართოებას, ახლა სრულიად საპირისპიროდ უყურებენ ამას და ერთსულოვანნი არიან მოცემულ საკითხში“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირში შესვლის საკითხთან დაკავშირებით.

ნატო-ში ინტეგრაციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია ზედმიწევნით ნათელია: „გადამწყვეტი სიტყვა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ სამხედრო სფეროში, რათა მიღწეულ იქნას ნატო-ს აუცილებელი სტანდარტები“.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი ზოგიერთი ლათინოამერიკული ქვეყნის კავშირებზე რუსეთთან, როგორებიცაა მაგალითად,  ვენესუელა, ნიკარაგუა ან კუბა, პრეზიდენტი პასუხობს რომ: „ასეთი კავშირები და გავლენები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ გამომდინარე ამ ქვეყნების საგრძნობი გეოგრაფიული დაშორებიდან, ასეთი ურთიერთობები და გავლენები რუსეთის მხრიდან ვერ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე“.

*   „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან – ლუის ფელიპე როხასთან თანამშრომლობით, მაიამი, ამერიკის შეერთებული შტატები.

სხვა სიახლეები