ინტერვიუ i24-თან

ქალბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო წესრიგი, ამერიკის დომინაციით, რომელიც 1945 წელს დამყარდა დღეს სრულად თავდაყირა დგას. ვხედავთ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც აჩვენებს ისეთ ძალთა წამოწევას, როგორიცაა ჩინეთი და მისი რუსი მოკავშირე, ამავდროულად ადგილი აქვს დასავლეთის (როლის) შემცირებას..

არ ვიტყოდი, რომ დღეს დასავლეთის (როლის) შემცირებას და რუსეთის ძალაუფლების წამოწევას აქვს ადგილი. ჩინეთის ძალა ეს სხვა საკითხია, რეალურად ეს რიცხოვნობის თემაა. თუმცა ამ დროისთვის არის ცვლილება იმ ევროპულ ბალანსში, რომელიც ჩვენ ვიცოდით, - დღევანდელი ევროპა ბევრად უფრო გაერთიანებული და ბევრად უფრო მიზანდასახულია,  გაანალიზების პროცესშია როგორც ,,ძალის ევროპა“ ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ არა მხოლოდ.

გარკვეულწილად რუსეთის აგრესიული ოპერაციის პარადოქსია ის, რომ  განამტკიცა ევროპა და დაყოფილი ევროპის ნაცვლად მივიღეთ „ძალის ევროპა“ და მეორე, ის რომ მივიღეთ ევროპელებისა და ამერიკელების გაერთიანება და ევროპაში ამერიკის ინტერესების დაბრუნება. ფიქრობდნენ, რომ ავღანეთის შემდეგ, ამერიკა შებრუნდა აზიისა და წყნარი ოკეანეთისკენ და მან გარკვეულწილად დატოვა ევროპა, ევროპელები და ევროპის ირგვლივ მყოფი თეატრიც, ანუ ჩვენ, საქართველო, უკრაინა, მოლოდვა. დღეს კი ვხედავთ ამერიკელებს, ხელახლა ჩართულებს რეალურად ევროპელების გვერდზე. ეს ყველაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ვხედავთ დასავლეთის (როლის) შემცირებას.

ვლადიმერ პუტინს აქვს აკვიატება, რომ ააღორძინოს საბჭოთა იმპერია. ჩამოირეცხოს, როგორც თვითონ ამბობს, დასავლეთისაგან მიყენებული დამცირებისგან. თქვენი აზრით, ქალბატონო პრეზიდენტო, თუ ის მივა უკრაინის ანექსიამდე, გამოუცხადებს ნატოსა და ევროკავშირს ომს?

ზედმეტად არ უნდა გავამუქოთ მდგომაროება. თუ რეალობას შევხედავთ, პუტინი სამდღიან ომს, მაში გამარჯვებას  და  ახალგაზრდა, არც თუ ისე გამოცდილი ლიდერის მხრიდან დანებებას ელოდა. მაგრამ, უკრაინაში ის ისევე იძირება, როგორც ნაპოლეონი ჩაიძირა რუსეთში, ისტორიის სხვა მომენტში. მისმა ოპერაციამ წარმატებას ვერ მიაღწია, მან ვერ შეძლო უკრაინის ხელმძღვანელობის დატერორება, რაც გარკვეულწილად, ყველა ფრონტზე ყოვლისმომცველი ოპერაციის მიზანი იყო. თუმცა, ვხედავთ, რომ სამი დღის კი არა, სამი კვირის შემდეგაც უკრაინა კვლავაც უძლებს.  პარადოქსია, მაშინ როცა რუსეთი ფიქრობდა, რომ ყველანაირად აღჭურვილი იყო, იძულებულია მიმართოს ჩინეთს შეიარაღებისა და დამატებით, თავიანთი ჯარისკაცებისთვის სამხედრო რაციონის მოთხოვნით, ესაა დამამცირებელი, არა?!

ასევე, რასაც ვხედავთ ისაა, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სარდლობას, უკრაინის ფრონტის მომარაგებისთვის იყენებს. ბრძოლის თავდაპირველ გეგმაში ეს გათვალისწინებული არ იყო. ჩვენთან ვხედავთ, რომ ორი ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა, უკრაინაში გავიდნენ დამატებითი ძალები. რუსეთმა ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს, რომელიც თავად აღიარა, ახლახან გამოუცხადა, რომ დაფინანსება უმცირდებათ, რათა თავი გაეტანათ. ამ ფაქტორების გამო ჩანს, რომ რუსეთს ღია გამარჯვება არ ექნება, რაც ყველას შეგვაშინებდა და გვათქმევინებდა, რომ მთელ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს დაიკავებდა.

ვფიქრობ, რომ საღი გონება უნდა შევინარჩუნოთ. რუსეთმა ძალის დემონსტრირება მოახდინა ევროპის შუაგულში და ძალის ეს დემონსტრირება უკრაინული წინააღმდეგობის წყალობითა და უკრაინის პრეზიდენტის შესანიშნავი მედიაკამპანიით  (მედიისა და დასავლელი ლიდერების წინაშე) გაიყინა.

ვფიქრობ, მათ [დასავლეთის ლიდერებმა] ნამდვილად გამოიღვიძეს და აქამდე არნახული გამძლეობის უნარი და მობილიზაცია ვიხილეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, თუ ხვალ ვლადიმერ პუტინი დაუპირისპირდება პოლონეთს, ან ბალტიის სამ ქვეყანას, თქვენთვის ეს ,,კაზუს ბელი“ იქნება, მესამე მსოფლიო კონფლიქტის დასაწყებად, რომელიც ამერიკასა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოიცავს?

თუ ამას იზამს, რა თქმა უნდა! მაგრამ არ უნდა გავყვეთ ამ სცენარს, რადგან ეს სწორედ ისაა, რაც ვლადიმერ პუტინს სურს.

ის იყენებს ბირთვული თავდასხმის მუქარას, უკრაინის ატომური ენერგიის ბაზებზე თავდასხმას, იყენებს (ეს სხვა ფსიქოლოგიური იარაღია) იდეას, რომ ხვალ რუსეთსა და ჩინეთს შორის  ალიანსი იქნება. ვლადიმერ პუტინი, ყოფილი კგბ, ფლობს  არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ფსიქოლოგიურ იარაღსაც.

ვფიქრობ, ერთი მხრივ, უკრაინისა და მეორე მხრივ, დასავლეთისა და ჩვენი დაცვა ეს სიმშვიდისა და საღი აზრის შენარჩუნებაა. არავინ რუსეთის მიმართ პროვოკაციას არ ახდენს და ადამიანები მხოლოდ თავს იცავენ. ეს ყოველთვის ასე იყო. ყველა ნარატივი და იდეა, რომ რუსეთის პროვოცირებას ახდენენ, რაზეც ის პასუხობს, დღეს უკრაინის შემთხვევიდან გამომდინარე, ძალიან ნათელია. ზელენსკი აქაც უშეცდომო იყო, ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ისეთი, რომელსაც შეეძლო გაემართლებინა რუსული პროპაგანდა, რომ რუსეთმა პასუხი გასცა პროვოკაციას. ასეთ სტილში უნდა გაგრძელდეს, პროვოკაციის გარეშე, დიპლომატიით.

მოლაპარაკებები გრძელდება და უკრაინელები შეცდომის გარეშე აგრძელებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მაშინაც კი, როცა არ არის შედეგი და როცა რუსეთი დენაციფიკაციას და ჩვენი მოკავშირე უკრაინის დემილიტარიზაციას, ან უკრაინელი ერის გაუქმებას აპირებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა მოლაპარაკებებზე მიდის და ეს აუცილებელია, რადგან შედეგი, რაც არ უნდა იყოს ის, იქნება მოლაპარაკებების შედეგი.

როგორც უკრაინასა და მოლდოვას, თქვენს ქვეყანასაც, რომლის პრეზიდენტიც ხართ, აქვს პრორუსული, სეპარატისტული რეგიონები.

პრორუსული არა! სეპარატისტული, აღიარებული რუსეთის მიერ, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია.

თქვენ გრძნობთ საფრთხეს ვლადიმერ პუტინის ინტერვენციული მიდრეკილებით?

ჩვენ ამ მიდრეკილების გამო საფრთხის ქვეშ ვართ 1800-იანი წლებიდან და რეგულარული ინტერვალებით გვქონდა შემოჭრები და ოკუპაციები. ასე რომ, ჩვენც შევიძინეთ გამძლეობის გარკვეული უნარი და არ განვიხილავთ ყველაზე ცუდს. ჩვენ გავქვს ეს ორი სამხედრო ბაზა, რომელიც ნაწილობრივ, უკრაინაში დამატებითი ძალების გასაგზავნი გარნიზონი იყო. ჩვენ ვართ სიტუაციაში, რომელშიც არანაირ პროვოკაციას არ ვახდენთ, ეს საქართველოს პოლიტიკაა 2008 წლის კონფლიქტიდან - ავირიდოთ ყველაფერი, რაც შეიძლება რუსეთის მიერ პროვოკაციად შეფასდეს. საპირისპიროდ, ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისაკენ, რადგან ესაა ჩვენი ეგზისტენციალური მიმართულება, რომელსაც ვერავინ შეგვაცვლევინებს.

თქვენი აზრით, პროცედურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ევროკავშირში გაწევრიანების  თქვენი მოთხოვნა, რომელიც ვერსალში განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იყო ამ კვირაში, უსარგებლო ხომ არ არის და ხომ არ იწვევს ვლადიმერ პუტინთან სიტუაციის გამწვავებას?

არა! უნდა შეწყვიტონ იმის განხილვა, რომ როცა ქვეყანები აკეთებენ თავიანთ მშვიდობიან არჩევანს, (რადგან ევროკავშირი ყველაზე მშვიდობიანი და ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა), ეს არ შეიძლება ჩაითვალოს, სიტუაციის გამწვავებად, რომელ გამწვავებაზეა საუბარი? ერთადერთი ვინც ამას აკეთებს რუსეთია!

ასე რომ, კი საქართველო აგრძელებს თავის გზას ევროკავშირისაკენ, რომელიც ძალიან გრძელი და საკმაოდ ბიუროკრატიული იყო. დღეს რაც ხდება, უკრაინელების წყალობით, ისაა, რომ ევროპელები, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და  მათ კართან მყოფი ქვეყნების მიმართ, თავიანთი დამოკიდებულებისა და აღქმის გადახედვის პროცესში არიან. ეს დღეს შესაძლებლობის ფანჯარაა. (არ ვიცი შემდგომ  როგორ ტრანსფორმირდება, მაგრამ) ეს მოვლენა განამტკიცებს ჩვენს სვლას იმ ევროპისაკენ, რომელიც ჭეშმარიტად, ჩვენი  ისტორიული პერსპექტივაა. ჩვენი ღირებულებების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით სწორედ აქ ევროპულ ოჯახს მივეკუთვნებით და არა რომელიმე სხვას.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებით, ან ომით თავის მიზნებს მიაღწევს. თქვენი აზრით, რეალურად შესაძლებელია რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება, მაშინ როცა, ვიცით რომ იტყუება. მან მოატყუა ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, ნაფტალი ბენეტი. შესაძლებელია მასთან გამოსავლის პოვნა?

რთულია ამის თქმა, რადგან დღევანდელი ვლადიმერ პუტინი გასცდა ხილვად ზონას. თუმცა ძალთა ბალანსი არის ის, რაც რეალობაში დიპლომატიურ შედეგს განსაზღვრავს. დღეს ვლადიმირ პუტინის ომის მიზნები მაქსიმალისტურია, მაგრამ მისი შესაძლებლობები მცირდება. მას უჭირს თავისი ჯარის შენახვა და ყველა ფასად დამატებითი ძალების მობილიზებას ცდილობს. მოცემულ მომენტში ძალთა ბალანსი რეალობას ასახავს, რუსებმა ეს ძალიან კარგად იციან, ეს სტალინის და სხვა რუსი მმართველების თეზისი იყო. ისინი პირველ რიგში, ძალთა ბალანსს აკვირდებიან და დღეს ძალთა ბალანსი მათ ეუბნება, რომ არ გაუმარჯვიათ, როგორც ამას ელოდნენ, რომ ქვეყანამ, ბევრად პატარამ და ნაკლებად კარგად აღჭურვილმა, საბოლოო ჯამში, გაუძლო და მოცემულ მომენტში, იმის გათვალისწინებით, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალა, რუსეთს მოუწევს დიპლომატიური გამოსავლის მოძებნა. ეს დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგი დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, უკრაინელებზე, პრეზიდენტ ზელენსკიზე, მისი გადასაწყვეტია სად არის კომპრომისის ხაზი, მან უნდა იცოდეს შეიძლება თუ არა კომპრომისი. ამ ქვეყანამ  და მისმა მოსახლეობამ ძალიან ძვირი გადაიხადა ამ ომის გასაძლებად, ისინი დანებებას ვერ მიიღებენ.

მისცემთ თუ არა ამ ომს და მოცემულ მომენტში, ბირთვული იარაღით მუქარას მომაკვდინებელი სიგიჟის კვალიფიკაციას?

მე ვერ მივცემ კვალიფიკაციას. მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, კვალიფიკაციებს არ ვანიჭებ, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ აგრესიამ ტოტალური განზომილება მიიღო, უფრო მეტად ტოტალური, ვიდრე 2008 წლის ომის დროს. არავინ იცის რა არის ომის საბოლოო მიზანი რუსეთის პრეზიდენტისათვის, არავინ არ არის მის გონებაში ჩახედული და მხოლოდ მან იცის სადამდე წასასვლელადაა მზად. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ის არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, ფსიქოლოგიურ იარაღს იყენებდა. ასე რომ, ის სამხედრო იარაღის გარდა, რეზულტატის მიღწევას ფსიქოლოგიური იარაღით შეეცდება - მუქარით, ატომური იარაღის მუქარით, ყველაფრის განადგურების მუქარით, ბოლომდე წასვლის მუქარით. ასე რომ, უნდა ვიყოთ მშვიდად და თვალი ვადევნოთ.

რუსეთის პრეზიდენტი  ბრძოლისა და უკრაინაში შეჭრის შესაწყვეტად მრავალ პირობას აყენებს - უკრაინის მხრიდან ყველა სახის სამხედრო მოქმედების შეჩერება, უკრაინის ნეიტრალიტეტი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად და დონბასის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარება. თქვენთვის, როგორც  საქართველოს პრეზიდენტისა და უკრაინის მეზობელი ქვეყნისათვის ეს მისაღებია? 

ისინი დამატებით კიდევ ითხოვენ იმას, რასაც დენაციფიკაციას უწოდებენ, რაც კარგად არ მესმის რას ნიშნავს. ისინი ასევე ითხოვენ, რომ პრეზიდენტი შეიცვალოს და პირობების გარეშე  ქვეყნის დანებებას მოითხოვენ. ვფიქრობ, ეს უთუოდ მიუღებელია.

თქვენი აზრით, აკეთებს  თუ არა ყველაფერს ბაიდენის ადმინისტრაცია იმისათვის, რომ  სიტუაციის მართვის სადავეებთან იმყოფებოდეს, იმ სიტუაციისა, რომელმაც შესაძლოა, ევროპა ომში ჩაითრიოს? 

ვერ ვხედავ სად არის ევროპის ჩათრევა ომში? ევროპას ძალიან ნათელი და მტკიცე პოლიტიკა აქვს, რომელიც უკრაინის  მხარდაჭერას გულისხმობს პირდაპირ და რუსეთისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებით, რაც თავის შედეგს უკვე აჩვენებს. ეს შეესაბამება ევროკავშირის ბუნებას, რაშიც ისინი დღეს ბევრად უფრო გაცნობიერებულები და ერთიანები არიან. ამერიკა შესანიშნავად უჭერს მხარს ამ პოლიტიკას.

ვფიქრობ, დღეს დასავლეთის მხრიდან აქამდე არნახული, რეალური სტრატეგია, აწონილი სტრატეგიაა: ზუსტად ისე, რომ არ დადგეს ომში ჩათრევის რისკი და ამავდროულად, დაუჭირო მხარი მას, ვინც მართალია და ეს უკრაინაა.

ინტერვიუ i24-თან

 


სხვა სიახლეები