საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ოფიციალური ნაწილი პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრით დაასრულა.

​მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. პოლონეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.
​საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრემიერი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ზაფხულში გაიმართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება. საქართველოს პრეზიდენტმა წინადადებით მიმართა პრემიერს რომ ,,თბილისის კონფერენცია", რომელიც საქართველო - პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას, მისი როლისა და დახმარების ამაღლებას ემსახურება, აეწიოს სტატუსი და სტრატეგიულ დიალოგად გადაიქცეს, ისეთივე როგორიც არსებობს ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, როგორიცაა მაგალითად, ,,დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი". პრეზიდენტის ინიციატივით, შესაძლებელია ეს ფორმატი დამატებით პლატფორმად იყოს გამოყენებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. საქარველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა 13 ევროპული ქვეყნის მიერ 1 მაისს გაფორმებულ დეკლარაციას, რომელიც პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს მიეძღვნა და რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა.
​მხარეებმა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსათვის ქუთაისში პოლონური არქეოლოგიური მისიის მოღვაწეობის მნიშვნელობა და მაღალი შეფასება მისცა მას. პოლონეთის პრემიერმა გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა პოლონეთში საქართველოს წლისა და საქართველოში პოლონეთის წლის გამოცხადების შესახებ. ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების თვალსაზრისით, მხარეებმა საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნია საქართველოს როლის გაძლიერება ,,აბრეშუმის გზის" პროექტში. საქართველოსათვის საინტერესოა სამი ზღვის - შავი ზღვის, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის ინიციატივაში მონაწილეობა, რაც ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გახდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, რეგიონული განვითარების საკითხებს და აღინიშნა, რომ საქართველოსათვის საინტერესო მაგალითია პოლონეთის სახელმწიფო მოწყობა და დეცენტრალიზაცია, რადგან რეგიონთა შორის ურთიერთობები საქართველოს განვითარებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღინიშნა, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით, საქართველოსათვის საინტერესოა პოლონური გამოცდილების გაზიარება, რადგან პოლონეთში უმუშევრობის დონე ძალიან დაბალია. მხარეებმა ასევე ცირკულარული მიგრაციის საკითხზეც იმსჯელეს, რომელიც არალეგალური მიგრაციის საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაა.

სხვა სიახლეები