ინტერვიუ France 24-თან

ინტერვიუ France 24-თან

კანონი რომელსაც სამი კვირა უპირისპირდებიან, მოითხოვს, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებს, დარეგისტრირდეს როგორც უცხო ძალების ინტერესების გამტარი. კანონი მისი მოწინააღმდეგეების მიერ განიხილება დისიდენტური ხმების წინააღმდეგ  მიმართულ რუსული ინსპირაციის კანონად.

მოგესალმებით, ქალბატონო სალომე, გმადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ. სწორად რომ გავიგოთ მოვლენები, თქვენ ქვეყნის სათავეში ხართ, და ეწინააღმდეგებით ამ კანონს. რამდენიმე წამში აგვიხსნით თუ რატომ. თქვენ შეგიძლიათ ვეტო დაადოთ ამ კანონს, რომელსაც კიდე მესამე მოსმენა აქვს წინ პარლამენტში, მაგრამ მთავრობას შეუძლია გადალახოს თქვენი ვეტო, რადგან ამისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები აქვს. ეს ნიშნავს რომ თქვენ ხელ-ფეხი შეკრული გაქვთ?

დიახ და არა.

ანუ? აგვიხსენით...

დიახ, რადგან ჩემი ვეტოს დასაძლევი უმრავლესობა იგივეა, რაც  ამ კანონის მისაღებადაა საჭირო. ანუ ხმების რაოდენობა საკმარისია ვეტოს დასაძლევად. არა, იმიტომ რომ ეს ვეტო არ არის მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, მის უკან დგას ქუჩაში გამოსული მთელი მოსახლეობა და  ამ კანონს აპროტესტებს, რადგან ეს კანონი პუტინის კანონის ასლია, ებრძვის ამ ქვეყანაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეწინააღმდეგება იმ მხარდაჭერას, რაც საერთაშორისო ევროპულმა და ამერიკულმა ორგანიზაციებმა განახორციელეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მისი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული. მიზანი დღეს და განსაკუთრებით, პარტია ,,ქართული ოცნების“, რომელიც რუსულ კოშმარად გადაიქცა, საპატიო თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ არ არის მხოლოდ ეს კანონი. საკითხი დგას შემდეგნაირად, აიღებს თუ არა საქართველო გეზს რუსეთის მიმართულებით ხელისუფლებაში მყოფი პარტიის გამო, თუ საქართველო მის გეზს შეინარჩუნებს?

კანონის მოწინააღმდეგეები და მათ შორის, თქვენც ამბობთ, რომ ის რუსული ინსპირაციისაა, რომ მიმართულია დისიდენტების გასაჩუმებლად. მართლაც ასე მოხდა რუსეთში, მაგრამ რატომ ფიქრობთ რომ ასევე მოხდება საქართველოშიც?

ეს ამ კანონის ერთადერთი მიზანია, მას არანაირი სხვა მიზანი არ აქვს. ის გასულ წელს გაიწვიეს, მაშინ ხელისუფლების წამომადგენლებმა დაპირება გასცეს რომ აღარ დააინიცირებდნენ მას, რომ ის საჭირო არ იყო, და დღეს, პროვოკაციულად, ისევ წარადგინეს. დღეს საქართველოს მოსახლეობის განცდა... მე არ ვარ ოპოზიციის წევრი, ვარ სახელმწიფოს სათავეში და ვიცავ კონსტიტუციას, კონკრეტულად, მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას, გააკეთონ ყველაფერი მათი შესაძლებლობის ფარგლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მე ამ მიმართულებას ვიცავ და ამ მიმართულებისთვის ქუჩაში უკვე ორი კვირაა გამოდის სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი ტერიტორია აქვს, მან სამი ომი გადაიტანა რუსეთთან, იცის, თუ რა არის რუსული იმპერიალიზმი, რა დამართა რუსეთმა საქართველოს ეკლესიას, ქართულ ენას და არ არის მზად იტვირთოს ახალი რუსული დიქტატურა - იქნება ის საბჭოთა, თუ სხვა ახალი რუსული მოდელის.

როდესაც მე მოწინააღმდეგე ვახსენე, მე კანონის მოწინააღმდეგე ვიგულისხმე. შეგიძლიათ გვითხრათ, ეს კანონი როგორ ცვლის ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებას?

ის ჯერ არ ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას, რადგან ჯერ არ არის მიღებული.

როგორ შეცვლიდა ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებას მიღების შემთხვევაში?

ეს კანონი პუტინის მიერ რუსეთში შემოღებული კანონის ასლია, რომელმაც რუსეთში მოქმედი სრულიად არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დამორჩილება შეძლო. ამის მცდელობაა დღეს საქართველოში, მაგრამ ეს მცდელობა წარმატებული ვერ იქნება, რადგან საქართველო რუსეთი არ არის.

ამ კანონის პირველი ვერსია გაწვეული იქნა, გასულ წელს უდიდესი მანიფესტაციების შედეგად, შემდეგ მოხდა მისი გადახედვა და დაკორექტირება. ვხედავთ კადრებს პარლამენტიდან, პროტესტი არ სუსტდება. 2024 წლის თბილის შეიძლება გახდეს ის, რაც იყო კიევი 2014 წელს, 10 წლის წინ, ცნობილი მაიდანი, რამაც იმდროინდელი პრორუსი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის გადაგდომა გამოიწვია?

მოვლენები არასოდეს მეორდება იდენტურად. დღევანდელი გამოწვევეა იგივე არ არის. დღეს საქართველო ევროპის კართან დგას, მიიღო კანდიდატი წევრის სტატუსი და შეიძლება წლის ბოლოს მოიპოვოს გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დაწყების ნებართვა. და ეს რუსეთისთვის არის რისკი, რომ დღეს საქართველო და ხვალ სომხეთი, რომელიც იმავე გზას ადგება, საერთოდ გათავისუფლდეს მისი გავლენისგან. ეს არის მიზანი დღეს, ის უფრო მეტია, ვიდრე ეს კანონი. გამოსვლა, რომელიც ორი დღის წინ ჰქონდა ბატონ ივანიშვილს, პარტია ქართული ოცნების საპატიო  თავმჯდომარეს, რომელიც ბრალს სდებს ჩვენს პარტნიორებს, დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, რომ ისინი არიან აგენტები, რომლებიც რევოლუციისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ  და ომისკენ მოუწოდებენ,  ბრალს სდებს დასავლეთს, რომ მან გარკვეულწილად, უკრაინაში ომის პროვოცირება მოახდინა, ეს იყო კრემლის რიტორიკა, რომელიც გააჟღერა ,,ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. სწორედ ამას აპროტესტებს ქართველი ახალგაზრდობა ქუჩაში, და ამას გააპროტესტებს ოქტომბრის არჩევნებამდე. ძალიან მალე, რამდენიმე თვეში საქართველომ უნდა დაადასტუროს მისი 30 წლიანი არჩევეანი, არჩევანი, რომელიც მან დამოუკიდებლობის შემდეგ გააკეთა, ეს არის მოსახლეობის 80 პროცენტის ევროპული არჩევანი.

თქვენ შიშობთ, რომ რუსეთი საბოლოო ჯამში გაიმეორებს საქართველოში იგივეს, რაც უკრაინაში გააკეთა?

მე არაფრის არ მეშინია რუსეთისგან. მე მჯერა საქართველოს მოსახლეობის.

ბოლო კითხვა ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გააჟღერეთ თქვენი ოცნება, ბევრი ქართველის, მაგრამ ასევე, თქვენი პირადი ოცნება, ევროპული სულისკვეთება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. თქვენ რეალურად გრძნობთ ევროპელების მხრიდან მხარდაჭერას? გუშინ დაიგმო პოლიციის მიერ მანიფესტანტებზე განხორციელებული აგრესია, თუ არ ვცდები დაკავების სამოცამდე ფაქტი იყო... ამას გარდა, ნამდვილად გრძნობთ მხარდაჭერას ევროპელების მხრიდან?

დიახ, რადგან კანდიდატობის სტატუსი არ იყო გარანტირებული, ეს უდიდესი ავანსი იყო ქართველი ხალხისთვის, უკანასკნელი წლების განმავლობაში მათი მიზანმიმართულობის აღსანიშნავად და უფრო მეტიც, ქართველი მოსახლეობის მიერ გამოხატული ევროპული პოზიციის აღსანიშნავად. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ გააკრიტიკებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის გადაცდომებს, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივაც, (რომელიც უფრო ადრე მიენიჭა) და კანდიდატის სტატუსშიც, რომ გეოგრაფიული მდებარეობა შეფერხებას აღარ წარმოადგენს, რომ ყველაფერი საქართველოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ეს უნდა აჩვენოს კიდევ ერთხელ მან ოქტომბერში, არჩევნებზე.

დიდი მადლობა ქალბატონო სალომე, რომ პასუხობდით ჩვენს შეკითხვებს ფრანს 24-ზე, და რომ გააკეთეთ კომენტარები ამ ძალიან წინააღმდეგობრივი კანონის მეორე მოსმენით მიღების შესახებ, რომელსაც უკვე 3 კვირაა უპირისპირდებიან ქუჩაში. გმადლობთ.

სხვა სიახლეები