ინტერვიუ RFI-სთან

 

დემონსტრაცია და კონტრდემონსტრაცია საქართველოში ხელისუფლების მიერ ინიცირებული საგარეო გავლენის შესახებ საკამათო კანონპროექტის გარშემო. ოპოზიცია მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ რუსი მეზობლის მხრიდან ზეწოლით მოქმედებაში ადანაშაულებს. ევროკავშირმა, თავის მხრივ, უკვე განუცხადა საქართველოს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია წევრობის კანდიდატის სტატუსთან. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგება ხელისუფლებას და მხარს უჭერს აქციის მონაწილეებს. მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა RFI-ს.

RFI: როგორ შეაფასებთ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს?

სალომე ზურაბიშვილი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, როგორც ჩემთვის, ეს აზრს მოკლებულია. იმ დროს, როცა საქართველომ ახლახან, 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და ემზადება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, (ყოველ შემთხვევაში, ეს არის შესაძლო პერსპექტივა) სრული აბსურდია იმ კანონის ხელახლა შემოტანა, რომელიც გასულ წელს უარყო არა მხოლოდ მთელმა მოსახლეობამ, არამედ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც. [ამ უკანასკნელმა] ძალიან ნათლად მიუთითა, რომ არ იყო სასურველი კანონის არსებობა, რომელიც იმავე თემაზე პუტინის კანონის ასლი იქნება და რასაც რუსეთში პრაქტიკულად მოჰყვებოდა არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების განადგურება.

RFI: გაქვთ განცდა, რომ ახლა ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით?   

სალმე ზურაბიშვილი: ჩვენ ისტორიულ მომენტში ვართ. ვფიქრობ, ისტორიული მომენტი იქნება არჩევნების მომენტი [2024 წლის 26 ოქტომბერი] და იქ საქართველოს მოუწევს გააძლიეროს თავისი არჩევანი, ევროპული არჩევანი და ეს იქნება აბსოლუტურად გადამწყვეტი.

RFI: თქვენ ესაუბრეთ ემანუელ მაკრონსა და შარლ მიშელს, რომ გეთხოვათ, ევროსაბჭოს ფარგლებში წამოეჭრათ საქართველოში არსებული სიტუაცია. რა რეაქცია შეიძლება იყოს ევროკავშირის მხრიდან ამ სიტუაციის შესაბამისი?

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი კომუნიკაციის მიზანი იყო, რომ იმ დროს, როცა უამრავი რამ ხდება მსოფლიოში, მრავალი კრიზისია, რომლებიც ყურადღებას ითხოვს, ეს ყურადღება ჩვენც უნდა დაგვითმონ. ანუ საქართველო არ რჩება ჩვენი მთავარი პარტნიორების ყურადღების მიღმა, რადგან გადამწყვეტ მომენტში ვართ და ამ მდგომარეობაში ვიქნებით, წლის ბოლომდე, არჩევნებამდე და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებამდე.

და ეს ყურადღება არსებობს, ორივესგან მივიღე პასუხი. ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილებოდა ევროსაბჭოზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ფორმალურ დღის წესრიგში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყურადღება შენარჩუნდეს, რათა გაგრძელდეს მაღალი დონის ვიზიტები და საქართველო დარჩეს ეკრანზე.

დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნებმა სასურველი შედეგი გამოიღოს და რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენს მაგიდაზეა, რეალურად შესრულდეს, რათა დავიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები. საქართველოს არ აქვს უფლება ხელიდან გაუშვას ეს შანსი.

RFI: ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამ კანონის უარყოფით განაპირობებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას...

სალმე ზურაბიშვილი: მე ვაპირებ ვეტოს დადებას და ვეტო დავადე ყველა კანონს - იყო რამდენიმე - რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპულ რეკომენდაციებს და ეს არის უაღრესად სიმბოლური ჟესტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას ითვალისწინებს. პასუხი იმაზე, რომ ვეტოს აუცილებლად დაძლევს პარლამენტი, რომელსაც ხმების საჭირო რაოდენობა აქვს, იქნება ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან.

ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ პერსპექტივას და ევროპულ არჩევანს და ცხადია, რომ კოალიციური მთავრობა, რომელიც შეიქმნება არჩევნების შემდეგ, თუ მოსახლეობა თავის ევროპულ არჩევანს დაადასტურებს, არის მთავრობა, რომელიც უარს იტყვის ყველა ამ კანონზე, რომლებიც არ არის ევროპული.

მჯერა, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ხელისუფლება (და ეს რამდენჯერმე თქვეს მათ), ელოდებ არჩევნებს, არჩევნების ჩატარებას და არჩევნების შედეგებს, რათა გაიგორა სურს საქართველოს. ეს არის ის, რაც განაპირობებს [მათ] რეაქციებს და ამასობაში არაფერი განსაზღვრავს მოულოდნელ ცვლილებებს ევროპულ პოზიციაში.

RFI: ამ კანონს ეწოდება "რუსული კანონი". როდესაც ჩვენ აქ, საქართველოში რუსეთის გავლენაზე ვსაუბრობთ, რას ნიშნავს ეს?

სალმე ზურაბიშვილი: ეს რუსული კანონი არანაირ საჭიროებას არ შეესაბამება. არასამთავრობო ორგანიზაციების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირება და დაფინანსება, რომლებიც ეხმარებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომენტიდან, ეს ყველაფერი უკვე ძალიან გამჭვირვალე. ამ კანონი არანაირი საჭიროება არ არსებობს.

თუ ეს ვინმეს ინტერესებს ემსახურება, ეს არის მოსკოვის ინტერესები, რადგან ის აშორებს საქართველოს ევროკავშირს, რომელიც ყოველთვის იყო რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიცია და დღესაც ხელახლა გააქტიურდა. ასე რომ, ეს რუსული გავლენის ნიშანია. აქ ტრანსფორმირებული ოფშორების კანონი [საგადასახადო კანონი, რომელიც დასავლური სანქციების გვერდის ავლას დაუშვებს, რედაქტორის შენიშვნა], რომელიც ემსახურება დასანქცირების მოლოდინში მყოფი, ან უკვე სანქცირებული რუსი ოლიგარქების ინტერესებს, ასევე რუსული გავლენის ნიშანი, ისევე როგორც ლგბტ კანონებზე პროპაგანდა… დაბოლოს, ყველაფერი, რაც ვიცით რუსეთში რუსული პროპაგანდის შესახებ, მას აქ ვპოულობთ მოქმედებაში.

 

სხვა სიახლეები