ინტერვიუ CNN International News-სთან

ინტერვიუ CNN International News-სთან

საქართველოს პარლამენტი ერთი ნაბიჯით ახლოსაა ,,უცხოელი აგენტების შესახებ კონტრავერსიული კანონპროექტის დამტკიცებასთან. კანონმა სამი მოსმენიდან პირველი უკვე გაიარა. კანონპროექტი უცხოეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ავალდებულებს უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირებას. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა მას შემდეგ, რაც ის რამდენიმეკვირიანი პროტესტის გამო ერთი წლით შეყოვნდა. კრიტიკოსები კანონპროექტს რუსულ კანონს უწოდებენ და ადარებენ კანონმდებლობას, რომელსაც რუსეთი დისიდენტების გაჩუმებისა და მუქარის მიზნით იყენებს.  კანონპროექტის დასაგმობად პარლამენტის წინ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კონტრავერსიულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ის ახლა თბილისიდან გვერთვება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის.

ჩვენს მაყურებელს აუხსენით, რა არის თქვენი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეაა, თუ ცუდი და რატომ?

ეს საშინელი იდეაა, რადგან როგორც ქართველმა საზოგადოებამ ქუჩაში ნათლად აჩვენა ეს რუსული კანონია. ეს პუტინის კანონის ზუსტი ანალოგია, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩახშობის მიზნით მიღე. რაც აქ [საქართველოში] ხდება ისაა, რომ შარშან ეს კანონი გატესტეს, ვერ მივიდა ბოლომდე და მოსახლეობის დემონსტრაციების წყალობით ევროკავშირი კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ახლა ევროკავშირს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, რადგან წლის ბოლოს შეიძლება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები გაგვეხსნას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასე რომ, რუსეთი ახლა თავის ჰიბრიდულ სტრატეგიას იწყებს, აძლიერებს მას და ცდილობს ამ გზაზე შეგვაჩეროს, ცხადია, ხელისუფლების დახმარებით.

რიცხვების თვალსაზრისით, თუ ოცნების პარტია ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად და მის მისაღებად საკმარისი პოლიტიკოსების მოგროვებას შეძლებს, რისი გაკეთება შეგიძლიათ მის დასაბლოკად?

როგორც ვთქვი, მე შემიძლია ვეტოს დადება, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტოა, რადგან მათ შეუძლიათ მისი დაძლევა იმდენივე ხმით, რამდენიც აქვთ. ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მოპოვება, რადგან ის [კანონპროექტი] ასევე ეხება პარტნიორებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოსთან მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან თანამშრომლობენ, რომლებიც ნამდვილად ყველაზე დიდი მხარდაჭერები არიან ჩვენი ინსტიტუტების, დემოკრატიისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმავალი გზის. ასე რომ, ეს ნამდვილად გეოპოლიტიკური ომია, მაგრამ რბილი ომი, არა სამხედრო ომი, რომელსაც უკრაინაში ხედავთ, არამედ სხვა ტიპი, რომელიც რუსეთმა იცის, თუ როგორ აწარმოოს ამ ტიპის რბილი ძალა, რბილი ბრჭყალებში.

რომელ პარტნიორებზე საუბრობთ, რომლებსაც მმართველ პარტიაზე ამ რბილი ძალის გამოყენება შეუძლიათ?

არა, მე რუსულ რბილ ძალაზე ვსაუბრობ. რუსეთი ამ ქვეყანაში სულ უფრო მეტ პროპაგანდას იყენებს. ჩვენ ქვეყანაში ბევრი რუსი მიგრანტი გვყავს, რომლებიც რეალურად არ კონტროლდებიან. რუსეთი კი ამ ქვეყანას იმით იცნობდა, რომ ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოზე იმპერიულ კონტროლს ახორციელებდა. ასე რომ, ჩვენ იმავე სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორშიც უკრაინა. ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს. ამიტომ ახლა რუსეთი ცდილობს საქართველო თავისი გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს. ის ასევე ხედავს, რომ სომხეთი კავკასიის სახელმწიფოების იმ კლუბს უერთდება, რომელთაც ევროპისკენ სვლა სურთ. ასე რომ, ეს რუსეთისთვის ნამდვილად გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური ბრძოლაა.

მაშინ, როცა თქვენ ცდილობთ რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეთ, რომელ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოზე ეს გავლენა, რათა შეეცადონ ეს კანონპროექტი შეაჩერონ?

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, ანუ ძალიან ახლოს მოლაპარაკებების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს და ყველა ქართველი თავს ევროპელად თვლის, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 80% მუდმივად აცხადებს, რომ ევროკავშირში და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება სურს. და ეს ისაა, რაც ვერაფერმა შეცვლილა, ვერც ომმა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებამაც კი. მოსახლეობის მიზანდასახულობა ერთიანია და არ შეიცვლება. და სწორედ ეს მიზანდასახულობაა, რაც ამ წლის ოქტომბრის არჩევნებამდე მოგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს მივიღებთ. ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ შეგვიძლია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი გვქონდეს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია იყო ხელისუფლებაში სტაბილურად უჭერს მხარს ქართულ დემოკრატიას და საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან შეერთებას.

მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არჩევანია, არა? ეს კანონპროექტი ნამდვილად იმის სიმბოლოა საქართველო ევროპისა და ამერიკისკენ უფრო იხრება თუ რუსეთისკენ და ნამდვილად ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის. ასე რომ, ნებისმიერ არგუმენტ, რომელსაც ამერიკელები, ან ევროპელები იტყვიან, ალბათ, დიდი გავლენა არ ექნება, ამ კანონპროექტმიიღებენ და თქვენ ვეტოსაც დაძლევენ.

დიახ, მაგრამ ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დაუშვებს ისეთი მთავრობა იყოს ხელისუფლებაში, რომელიც აშკარად პრორუსულია, რადგან ეს ეწინააღმდეგება მოსახლეობის მთავარ, ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა და ეს არ შეიცვლება.  

რა იქნება თქვენი შეშფოთების საგანი ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში? მასობრივი დემონსტრაციების სამი ღამე გვქონდა, მაგრამ ასევე დიდი რაოდენობით ძალიან კარგად შეიარაღებული პოლიცია. როგორ ფიქრობთ რა რეაქცია ექნება ხალხს? და არის თუ არა მთავრობის მიმართ სრული მხარდაჭერა სამხედრო ძალაში, პოლიციაში? არსებობს წერტილი, როდესაც ისინი შესაძლოა დარწმუნდნენ, რომ მომიტინგეებზე ასე მძიმე რეაგირება არ მოახდინონ?

ვფიქრობ, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, მათაც ჰყავთ შვილები, რომლებსაც ევროპასა და შეერთებულ შტატებში წასვლა და სწავლა სურთ. ისინი თვითონ არიან სამი ოჯახიდან ერთი, რომელსაც ნათესავები და ახლობლები  ევროპაში ან აშშ-ში ჰყავთ. ასე რომ, ეს ქვეყანა უკვე მრავალმხრივ დასავლეთშია. ასე რომ, არ მგონია, აქ ძალადობის სცენები ვიხილოთ. ვფიქრობ, თვითონ მოსახლეობა ძალიან მშვიდობიანია. რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახეთ მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციები, სადაც ბევრი ახალგაზრდა მღეროდა და ცეკვავდა. დარწმუნებული ვარ ტენდენცია ასე გაგრძელდება. ეს სტრატეგიად უნდა იქცეს და მომავალ არჩევნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და ჩვენ ამ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი გზა ევროპისკენ - არჩევნების თემა ეს იქნება, რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება იმაში თუ, რას აირჩევს საქართველო.

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო.

სხვა სიახლეები