ინტერვიუ Sky News-თან

 

დღეს ვენთან ერთადაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დიდი მადლობა პრეზიდენტო ამ შესაძლებლობისათვის. თქვენ ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის შემოჭრა... ეს სამჯერ მოხდა.

დიახ, სამჯერ მოხდა, თქვენ მართალი ხართ. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ცხოვრობ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იყოს იმპერიალისტური.

რა სახის რჩევებს აძლევთ და აძლევთ თუ არა მაგალითად, უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვი [რუსეთს]? გრძნობს თქვენი მთავრობა რუსეთის ზეწოლას და წნეხს? ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, თქვენ ესაუბრებით თქვენს კოლეგას უკრაინაში. 

დარწმუნებული არ ვარ, რომ უკრაინელებს რაიმე რჩევა უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ თითქმის პარალელური ისტორიები გვქონდა: მე-19 საუკუნის იმპერიალისტი რუსეთი, მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთი, გვქონდა შემოსევები, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ. ასე რომ, ჩვენ ერთ გზაზე ვდგავართ, ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივყვებით. ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და  ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა. 

თქვენ ამას ამბობთ ქალბატონო პრეზიდენტო, მაგრამ თქვენი იმპიჩმენტის მცდელობა იყო იმის გამო, თუ რამდენად ახლოს ხართ ევროპასთან.

დიახ, მაგრამ იმპიჩმენტი არ მოხდა. ეს არ იყო  წარმატებული. გასულ წელს მიღებული რეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა - ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რომელმაც ნამდვილად მტკიცედ წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით, საითაც მიდიოდა საქართველო მთელი თავისი ისტრიის განმავლობაში.

ღელავთ თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა თქვენს ქვეყანაზე?

 რა მა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ.

ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია;  ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს...

როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია...

დიახ, ისინი ახლაც ოკუპირებულია, ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენი ყურადღება სხვა ისტორიას მივაპყრო, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ. როგორ იცით, თქვენს ქვეყანაში  1950 წლებიდან 2000-იან წლებამდე 100 000-მდე ჩვილი მოიტაცეს. ჩვენ ფოტოებს ვაჩვენებთ მაყურებელს, სადაც გამოსახულნი არიან 19 წლის ანა და ლიზა - ისინი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადებისას დააშორეს ერთმანეთს და 2005 წელს სხვადასხვა ოჯახს შავ ბაზარზე მიყიდეს. მათ დღეს ერთმანეთი იპოვეს. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მაყვლასა და მის შვილ, დავითის შეხვედრას, ისინი პირველად ხედავენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, როცა სინამდვილეში ის გაყიდეს. ვიცით, რომ მთავრობა ამ საქმეებს იძიებს, მაგრამ რა სახის სამართალი აღსრულდა ამ ოჯახებისათვის, რა სახის კომპენსაცია არსებობს ასეთის შემთხვევაში? 

ამ ფაქტების გამოვლენის პროცესი, რომელები წლების წინ ხდებოდა და რომელმაც სრულია საქართველოს მოსახლეობა შეძრა,  აქტივისტებმა და არასამავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს, თუმცა, არ ვიცი რაიმე ფორმის კომპენსაცია მიენიჭათ თუ არა მათ [ოჯახებს], ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

 

სხვა სიახლეები