სალომე ზურაბიშვილი : საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დაისმება

პრეზიდენტის ინტერვიუ LE MONDE-თან
ჟურნალისტი: სილვია კოფმანი
 
2018 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტად არჩეული ყოფილი ფრანგი დიპლომატის აზრით, საქართველო, პირველ რიგში, „ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს თავის მოლოდინებსა და შესაძლებლობებზე“
 
2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა დაახლოებით 60 %-ით არჩეული ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი, სამშაბათს, 19 თებერვალს, პარიზში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება. ქვეყნის პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბრიუსელის შემდეგ.

- ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო), თქვენი პრეზიდენტად არჩევა არ გაუკრიტიკებია, თუმცა გააკრიტიკა არჩევნების ორ ტურს შორის, თქვენი მხარდამჭერი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახელთან დაკავშირებული ფონდების მიერ ვალების გადახდა საქართველოს 600 000 მოქალაქისთვის.

- კრიტიკა გაისმა და კრიტიკა დღეს ყველგან ისმის მსოფლიოში, ძალადობრივი საარჩევნო მარათონი ხომ მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.

პირადად მე, არჩევნების დროს, არასოდეს მოვსწრებივარ ასეთ ძალადობრივ კამპანიას. ეჭვგარეშეა, რომ კამპანიის დროს  რუსული ტექნოლოგია იყო გამოყენებული.
ეუთომ, რომლის წარმომადგენლებსაც მე შევხვდი, რეკომენდაციები შეიმუშავა მომავალი არჩევნებისთვის. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვარ ერთ-ერთი გარანტი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდება.
ვალების საკითხი კი საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იდგა - საქართველოსათვის მოსახლეობის ჭარბვალიანობა მწვავე პრობლემაა. თუმცა, კერძო ფონდების მიერ ვალების გადახდის დაპირება ნამდვილად არჩევნების ორ ტურს შორის მოხდა.

- ეუთომ ასევე გააკრიტიკა გარკვეული აღრევა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

- საქართველოს მიერ დამტკიცებული საპარლამენტო მოდელის თანახმად, პრეზიდენტი ზეპარტიულია,  რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინსტიტუციათა თანდათანობით დაბრუნებას წინა პლანზე.
 
ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიერო პრეზიდენტის ფუნქცია და მისი სიმბოლიკა. პრეზიდენტს  პატივი უნდა ვცეთ, იმიტომ, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მან დაკარგა თავისი უფლებამოსილების ნაწილი.

პრეზიდენტის ფუნქციის ჩემი ხედვა, საყოველთაო არჩევნებით მონიჭებული ლეგიტიმურობით,  ასეთია: კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გვევლინება ქვეყნის ევროპული ორიენტაციის გარანტად და მისი სიტყვა მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ხელს უწყობდეს ქართული საზოგადოების განვითარებას.

დღეს მე აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ იმ პარტიისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას, ჩვენ წინასაარჩევნო შეთანხმება არ გვქონია და, ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ერთმანეთს არც შევხვედრივართ.
მადლიერი ვარ პარტიისაგან მიღებული მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვალდებულებებს.
ჩემს ამ პოზიციას ის ფაქტიც ამყარებს, რომ  ექვსი წლის ვადით ამირჩიეს და პრეზიდენტად საკუთარ კანდიდატურას აღარ წარმოვადგენ, ჩემი ასაკის - 66 წლის - და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის თანახმად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.

- როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის?

- ახლა ძალიან საინტერესო პერიოდია. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე - ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ... და ვიმყოფებით იმ კრიტიკულ ფაზაში, როდესაც ისმის წევრობის კანდიდატურის წამოყენების საკითხი, იმ ფონზე, როდესაც ევროპა თვითონ განიცდის კრიზისს. რამდენად შეიძლება საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა არსებობდეს ევროპულ ოჯახში, რომელიც გაფართოების დილემას თავს დააღწევს?  ეს გამოწვევაა. უამრავი შესაძლო ფორმატი არსებობს. ჩვენ თავისუფლად ავირჩევთ ევროპას და დაველოდებით, რომ ევროპა მზად იყოს ჩვენთვის. ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველო ნათლად ჩამოყალიბდეს თავის მოლოდინებსა და შესაძლებლობებზე. საფრანგეთი და გერმანია ჩვენი მთავარი მხარდამჭერები არიან.

- ნატოსთან ურთიერთობას რაც შეეხება?

- აქ საქმე გვაქვს პარადოქსთან. საქართველო იმდენად მზადაა ნატოში გაწევრებისთვის, რომ ნატომ ხვალ რომ მისცეს გაწევრების სამოქმედო გეგმა, საქართველო მას ორ თვეში შეასრულებს. პრობლემა აქ ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური განწყობებია ორგანიზაციის გაფართოებასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების ურთიერთობებისა და რუსული ფაქტორის გათვალისწინებით. ჩვენ ძალიან გვინდა ნატოს წევრობა და, ამ მოლოდინით, ვაგრძელებთ ერთობლივი პროგრამების განხორციელებას ნატოსთან ერთად.
 
- როგორი უნდა იყოს პოლიტიკა მოსკოვთან, რომელმაც 2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაცია განახორციელა?

- ჩვენი მოთხოვნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაცული იყოს, არ იცვლება. დღეს საქართველოს აღარ დარჩა რაიმე საშუალება რუსეთთან ურთიერთობისათვის: ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და მდგომარეობა არ იცვლება, ალბათ, რუსეთი უნდა განვითარდეს და მეტად მოქნილი იყოს, ეს კი არ ხდება. დიალოგის შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩვენ ამ დიალოგში მარტო არ მივიღებთ მონაწილეობას და მასში ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ჩავრთავთ. ამდენად, ჩემი სურვილია, ტრამპისა და პუტინის  მომავალ სამიტამდე ვაშინგტონში ჩავიდე და ჩვენს პრობლემებზე ვისაუბრო.

- როგორ აფასებთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას, რომლის მინისტრიც იყავით, შემდეგ კი დაუპირისპირდით მას?

- დასაწყისში მისი საქმიანობა დადებითი იყო : დიდი ენერგიით განხორციელებული რეფორმები, „ვარდების რევოლუცია“ [2003]… კრიტიკის მთავარი საგანი, გარდა მისი ავტორიტარიზმისკენ გადახრისა, არის ის, რომ მან ბოლომდე ვერ გამოიყენა პლანეტათა საოცრად ხელსაყრელი განლაგება, რომლითაც სარგებლობდა: მოსახლეობის სრული კონსენსუსი, საქართველოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერა - მათ შორის რუსეთისაც, რომლისგანაც ვღებულობდით იმ მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიგვეღო. საქართველომ ხელიდან გაუშვა არაჩვეულებრივი შანსი, რომ კიდევ უფრო წინ წასულიყო და მეტი წარმატებისთვის მიეღწია. ჩვენ ძალიან უკან დავიხიეთ, ძალიან მძიმე ტვირთით, რომელსაც ქვეყანაში არსებული შიდა დაპირისპირება ქვია და რომელიც არჩევნების დროს დავინახე.

- ის ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს, ჰოლანდიაში. შეუძლია თუ არა საქართველოში დაბრუნება?

- არა მგონია. ვფიქრობ, რომ დღეს ის თავისმა მომხრეებმაც კი უარყვეს, იმიტომ, რომ მოძრაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, დღეს ორადაა გაყოფილი. მისი ბოლო მხარდამჭერები ალბათ, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეუერთდებიან, მაგრამ, არა მგონია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სალომე ზურაბიშვილი : საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დაისმება

 

სხვა სიახლეები