ინტერვიუ Radio France info-სთან

ინტერვიუ Radio France info-სთან 

ყოფილი ფრანგი დიპლომატი, დაბადებული პარიზში, ის დღეს დედაქალაქშია და ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში” მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილი, ,,ფრანს ინფოს” სტუმარია.  

საღამო მშვიდობისა.

საღამო მშვიდობისა.

დიდი მადლობა, რომ დათანხმდით ,,ფრანს ინფოს” მოწვევას. უკვე მეორეა დღეა, რაც კანდიდატის სტატუსის თქვენს მოთხოვნაზე ევროკომისიამ მწვანე შუქი მოგცათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკემბერში სახელმწიფოსა და მთავრობის 27-მა მეთაურმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია თქვენთვის?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ძალიან კარგი ამბავია ისეთ მომენტში, როდესაც მსოფლიოში და ჩვენთანაც ახალი კარგი ამბები იშვიათობაა. ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია, რომელმაც დიდი იმედი მისცა საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც ეს გამოხატა.

აღინიშნა ეს ამბავი გუშინ?

აღინიშნა, მე მოვიყვანე მოსახლეობა, რომ დაგვეწყო პეტიციისათვის ხელმოწერების შეგროვების კამპანია დეკემბრის გადაწყვეტილების პერსპექტივით და ვფიქრობდი, რომ ეს ბოლო კვირები ამისთვის იქნებოდა გამოყენებული და ასეც იქნება, მაგრამ გარკვეულწილად, გადაგვასწრო კომისიის რეკომენდაციამ, რომელიც ბევრად უფრო ნათელი და წამახალისებელი იყო, ვიდრე ველოდით.

კომისია ყოველთვის ბევრად უფრო მკაფიოა იმასთან დაკავშირებით რა არ გაკეთდა. საკმაოდ მკაცრი პირობებია, ეს პროცესია…

ეს არის უფრო რეკომენდაციები, ვიდრე პირობები და წარსულში ვნახეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ყველა ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული, ანუ არც ისე მკაცრია. ცხადია, რომ დღეს ევროკომისია, უდავოდ სტრატეგიული გარემოებებიდან გამომდინარე, (უკრაინა, შუა აღმოსავლეთი და მსოფლიოში მისი როლიდან გამომდინარე) უფრო ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებას და ცხადია, რომ დღეს “სანახევრო“ პასუხი იქნებოდა კატასტროფული ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის და ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა (იმისთვის, ვინც მას არ იმსახურებს) რუსეთისთვის.

ეს არის გზავნილი რომელსაც თქვენ აჟღერებთ? ,,საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ შევიდეს ევროპაში, იყურება ევროპისკენ“.

დიახ. 

… იმ დროს, როდესაც საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნამდვილი ბრძოლაა გავლენებისათვის?

არ ვიცი ეს გავლენების ბრძოლაა თუ არა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. უპირველეს ყოვლისა, მისი სახე, ასევე, სამხედრო და სტრატეგიული გაგებითაც და ის კომპენსაციის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ის არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. რუსეთი ცდილობს შეძლებისდაგვარად სარგებელი ნახოს, ცდილობს ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: - კმარა!

თქვენ ახსენეთ ორი რეგიონი, რომლებიც საქართველოს ნაწილი იყო, სადაც იყო რუსეთთან კავშირში მყოფი სეპარატისტული მოძრაობები - ეს იყო 2008 წელს და როდესაც უყურებთ დღევანდელ სიტუაციას, ფიქრობთ, რომ დასკვნები არ იყო გამოტანილი, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ? 

პირიქით, ვფიქრობ, რომ დღეს ამ დასკვნებზე ფიქრი მიმდინარეობს, რადგან გარკვეულწილად, გადაწყვეტილება და იმედია ის ევროპული საბჭოს მმართველების მიერ დეკემბერში გამყარდება სწორედ იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა ბუქარესტში 2008 წლის ნატოს სამიტზე, რომელმაც არ მიიღო უკრაინა და საქართველო და რუსეთს შესაძლოა, გაუჩინა შეგრძნება, რომ ჰქონდა მწვანე შუქი. ეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს დღეს და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!

თქვენმა ქვეყანამ მძიმე ისტორიული მოვლენები გადაიტანა, თქვენი მოსახლეობა არის ამ დებატების შუაგულში, რომელი გზა აირჩიოს, საით გაიხედოს, და თქვენ ხართ პარიზში, მონაწილეობთ ,,მშვიდობის ფორუმში“, ამ სიტყვას აქვს შინაარსი დღეს, აქტუალურ კონტექსტში?

ამ სიტყვას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ რეგიონშია და ქართველებმა ყველანაირი რეალობის მიუხედავად, შეძლეს საკუთარი ენისა და სამი ანბანის გადარჩენა და რეგიონში იდენტობის შენარჩუნება; რეგიონში, სადაც წარსულის ყველა იმპერიამ ჩაიარა. ისინი მოვიდნენ და წავიდნენ, ზოგმა უფრო გრძელვადიანი ოკუპაცია მოახდინა, ვიდრე სხვებმა... დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან ცხადია, რომ ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ არის ეს 80% შენარჩუნებული ომის, ოკუპაციის, რუსეთის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების და ზეწოლის მიუხედავად. ეს ევროპისთვის მუდმივი 80%-ია, რადგან ეს ჩვენთვის ერთადერთი შესაძლო მომავალია. უნდა ვიყოთ ამ წითელი ხაზის მეორე მხარეს.

ამ უკანასკნელ თვეებში ევროკავშირის დროშები აღმართული იყო საქართველოს დიდი ქალაქების მოედნებზე, თბილისში, შეიძლება პარალელის გავლება მაიდანთან, იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში 2014 წელს?

ჩვენ მაიდანი უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა, საქართველო პროდასავლურ და პროევროპულ არჩევანს დღეს არ აკეთებს. ის დიდი ხანია რაც გაკეთდა, მნიშვნელოვანია, რომ ის განმტკიცდა, რეფორმები ზოგჯერ რთულია, ის გრძელდება, სამწუხაროდ, ქართველები ცოტა მოუთმენელნი არიან, ისინი თავს აფარებენ ევროპას, არსებობს მნიშვნელოვანი მიგრაციული მოძრაობა, სწორედ ევროპული გადაწყვეტილება, კიდევ გავიმეორებ, გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში (წინასწარ ვერ განვჭვრეტთ მთავრობების გადაწყვეტილებას), იმედის მომცემი იქნება ქართული ახალგაზრდობისთვის, მოსახლეობის ნაწილს კი გააგებინებს, რომ ევროპული მომავალი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოშიცაა შესაძლებელი და ამისათვის მობილიზაციის გაკეთებაა საჭირო.

მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს  გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: -  რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე.

ის რაც ხდება თქვენთან, პატარა კალიბრით იგივეა, რაც დღეს ხდება მსოფლიოში? დღეს და ხვალ პარიზში დიპლომატების, მთავრობების და სახელმწიფოების გარემოცვაში იქნებით, რომ ისაუბროთ მშვიდობაზე მსოფლიოში, სადაც დემოკრატია და ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო და უფრო უპირისპირდება ერთმანეთს, სადაც გამოსავლის ნაკლებობაა. კრიზისი ახლო აღმოსავლეთში ამას დრამატულად ცხადჰყოფს ერთ თვეზე მეტია უკვე. რისი იმედი გაქვთ თქვენ, და რა შეიძლება მოხდეს ამ შეკრებებზე, ამ დისკუსიებზე დღეს?

რა შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, ვერ ვიპოვით ჯადოსნურ გამოსავალს იმ განსხვავებებზე, რომლებიც მთელს მსოფლიოს ახასიათებს, მაგრამ რაც უფრო და უფრო ცხადია და ხაზი უნდა გაესვას არის ის, რომ ავტორიტარული რეჟიმები იწვევენ ომებს, აგრესიას და ერთადერთი რეჟიმები, რომლებიც თავს ინარჩუნებენ, არიან დემოკრატიული რეჟიმები. ანუ მეტი დემოკრატია ნიშნავს ნაკლებ ომს, მეტი ავტორიტარიზმი ნიშნავს მეტ აგრესიას. 

ეს არის გზავნილი რომელსაც გააჟღერებთ მშვიდობის ფორუმზე, სანამ გაფრინდებით უკან თბილისში, საქართველოში?

დიახ.

დიდი მადლობა რომ დასთანხმდით ,,ფრანს ინფოს" მოწვევას.

გელოდებით საქართველოში.

დიდი სიამოვნებით, გმადლობთ!

მადლობა თქვენ!

სხვა სიახლეები