ინტერვიუ L'Express-თან

ინტერვიუ L'Express-თან 

სალომე ზურაბიშვილი: ,,ქართველ ხალხს ევროპული მიზნიდან ვერაფერი გადაახვევინებს

ბრიუსელში ევროპარლამენტისათვის უკვე 13 წელია საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ მიუმართავს. ევროპელი დეპუტატების წინაშე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება 31 მაისს ითხოვა. მაშინ, როდესაც ემანუელ მაკრონმა 1 ივნისს მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე შეთავაზება გააკეთა, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებები წლის ბოლოს დაწყებულიყო, საქართველოს პრეზიდენტს სურს, არ დაივიწყონ მისი ქვეყანა, რომელიც დღეს, როგორც არასდროს მიმართული ევროპისკენ.

L'Express: თქვენ განაცხადეთ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე. მართლა ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია?

სალომე ზურაბიშვილი: დიახ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, მივიღოთ სტატუსი 2023 წლის ბოლომდე. ერთი წლის წინ საქართველოს კანდიდატურა უარყოფილი იყო. ქართველები იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან საქართველომ ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე კი, ისინი, ვინც საქართველოს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდნენ, გეოგრაფიის არგუმენტს იშველიებდნენ. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს [ევროინტეგრაცია] შეუძლებელი იყო, რადგან საქართველო არ იყო პოტენციურად ევროპული ქვეყანა. დღეს ამას აღარავინ ამბობს. ჩვენ ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ შავი ზღვა გახდესხიდი“ და არა საზღვარი ევროპასა და საქართველოს შორის.

თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობა უფრო პრორუსულ ტრაექტორიას ატარებს [რედაქტორის შენიშვნა: საქართველოში პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა ხელმძღვანელობენ პოლიტიკას, ხოლო პრეზიდენტს მცირე ძალაუფლება აქვს]. მოსკოვი-თბილისის ფრენების გახსნა, გასული წლის მარტის კანონიუცხოური აგენტების შესახებ“...

არ მომწონს კვალიფიკაცია "პრორუსული". ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ პრორუსული არ არის. უბრალოდ, საკუთარ თავს რუსეთის მხრიდან მანიპულირების უფლებას აძლევს, რადგან საკუთარი ჩრდილის ეშინია და ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს მომავალი არჩევნები.

შეიძლება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შენელებამ ქართველ ხალხს ხელი ააღებინოს ?

ქართველ ხალხს ხელს ვერაფერი ააღებინებს, ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ საქართველო ყოველთვის ევროპისკენ იყო შეტრიალებული, იმ დონემდე, რომ ხანდახან თავს ევროპელებზე მეტად ევროპელად თვლიდა! ეს ქართული კულტურის ნაწილია. მეორე ის არის, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ერთადერთი, ვინც ჩვენთან არასდროს შემოიჭრა და ყოველთვის გვეხმარებოდა, ევროპელები არიან.

2008 წლის ომის შემდეგ და ფაქტობრივად, 1992 წლიდან - რუსეთს აქვს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც ეს 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინულ დონბასის შემთხვევაში იყო. მიზანი: გავლენა მოახდინოს საქართველოს მოსახლეობაზე, რათა შემოატრიალონ ის ევროპული არჩევანიდან. მაგრამ, ამ მანევრებმა მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი, რაც რუსებს არ ესმით, ისევე როგორც მათ არ ესმოდათ, რომ მათი ომი უკრაინაში, გარკვეული ქვეყნების შეშინების ნაცვლად, დააჩქარებდა [შვედეთი, ფინეთი] ნატოში გაწევრიანებას...

გწყინთ იმის ხილვა, რომ დასავლეთი კარგავს ინტერესს საქართველოში არსებული ვითარების მიმართ?

მათ არ აქვთ დრო საქართველოსთვის და ეს სრულიად გასაგებია. უკრაინა, ჩინეთი და ირანი - უფრო მწვავე თემებია, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ევროპელები ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს არ კარგავენ. მათ გაიგეს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს ელოდება, რომ ევროპამ და აშშ-მ ამ ზონას ზურგი შეაქციოს, რათა ბერკეტი აღიდგინოს კავკასიაში.

ოთხშაბათს, 31 მაისს ევროპარლამენტში თქვენი გამოსვლისას თქვენ ისაუბრეთ საქართველოშიპოლარიზაციაზე“. რას გულისხმობთ?

ქართველების 80%-ზე მეტი პროევროპელია, მაგრამ ეს კატეგორია არ არის ერთგვაროვანი. პარტიებად იყოფიან, ამა თუ იმ ლიდერს ეთაყვანებიან... პოლიტიკური პეიზაჟი ძალიან დაქსაქსულია. რაც შეეხება დანარჩენ 20%-, თუ ისინი არ არიან პროევროპული, არც პრორუსულები არ არიან, ეს არის ის პუნქტი, რაზეც კატეგორიული ვარ. უარს ვამბობ ქართველი ხალხის წარმოდგენაზე, როგორც მოსახლეობაზე, რომელიც დაიყოფა რუსეთის თემაზე.

რუსეთის არმია მოიგებს თუ წააგებს ომს უკრაინაში, ფიქრობთ რომ თქვენ ხართ მოსკოვის შემდეგი სამიზნე?

არა, რადგან რუსული არმია უკვე დამარცხდა უკრაინაში! ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მეთაური ხუთჯერ შეცვალა. მობილიზაციას ვეღარ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს დიდი საშუალებები, არეულობაა რუსეთის არმიაში.

პრეზიდენტის ტიტული საქართველოში პრემიერ-მინისტრზე ნაკლებ პოლიტიკურ ძალაუფლებას ატარებს. თქვენი ხშირი პოლიტიკური უთანხმოების შემდეგ, იტყვით, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდით?

ისინი ცდილობენ. მაგრამ ზეწოლის განსახორციელებლად მათ უნდა შეეძლოთ ჩემთვის რაღაცის ჩამორთმევა! მე არ მაქვს რეალურად დიდი ძალა. მე მაქვს სიტყვა და ამას ვერ წამართმევენ. მე მაქვს არჩევნების ლეგიტიმაცია. მე მყავს მოსახლეობა, რომელმაც იცის, რომ მტკიცედ პროევროპული ვარ, ის უფრო და უფრო მყარად მიდგას უკან. ეს არის ჩემი ძალა და ეს იქნება ჩემი ძალა მანდატის ბოლომდე, წელიწადნახევარი.

უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ როგორ ხედავთ ვითარების განვითარებას?

ეს ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის, ქვეყნის დანაკარგებისა და ნგრევის გათვალისწინებით, მაგრამ ეს არის გამარჯვება. დღეს ჩვენ ველოდებით უკრაინის კონტრშეტევას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გზა უშეცდომოდ გაიარა. ის არის იქ, სადაც უნდა იყოს. მას ყოველთვის აქვს სწორი მესიჯები. და ის აღწევს იმას, რასაც არავის ეგონა რომ მიაღწევდა. თქვენ უბრალოდ უნდა ნახოთ, რა მიიღო მან გერმანელებისგან, ფრანგებისგან და იტალიის ახალი მთავრობისგან, ეს არაჩვეულებრივია! აღფრთოვანებული ვარ უკრაინელებით. და ასეა საქართველოს მთელი მოსახლეობა. თბილისში რომ ჩამოხვიდეთ, ყველა კედელზე უკრაინის დროშებს დაინახავთ.

თუ რუსეთი წააგებს ომს უკრაინაში, გეგმავთ, ასე თუ ისე, 1992 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დაბრუნებას?

არ მიყვარს ეს სიტყვა "დაბრუნება". ჩვენ არაფერს ვიბრუნებთ. მეორე მხრივ, როცა რუსებსა და უკრაინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება და რაღაც მომენტში, ეს აუცილებლად იქნება, უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა, რომელიც მას აქამდე უჭერდა მხარს, მის უკან უნდა იდგეს. მაგრამ მე უფრო შორს მივდივარ. თუ რუსეთი არ იქნება იძულებული ამ მოლაპარაკებების ბოლოს დათმოს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები, ხუთ, ათ ან თხუთმეტ წელიწადში ის ხელახლა წამოიწყებს ამას. ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ოკუპაცია და იყოს რუსული საზღვრები - რეალური საზღვრები. როდესაც დრო მოვა, ეს ცვლილებები იქნება არა არჩევანი, არამედ ვალდებულება.

სხვა სიახლეები