პრეზიდენტი - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

ინტერვიუ France Info-სთან

უკრაინა რუსეთის სამიზნეა, მაგრამ ის არ არის ერთადერთი სამიზნე. ზეწოლა ძალიან ძლიერია ისეთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საღამო მშვიდობისა ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენი მოწვევა.

საღამო მშვიდობის.

სანამ დავიწყებდეთ,  თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ვნახოთ უკვე სამი დღეა რა ხდება თქვენს ქვეყანაში. უდიდესი დემონსტრაციები რუსეთში მოქმედი კანონის წინააღმდეგ, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებული იყო პარლამენტის მიერ, მაგრამ ქუჩის ზეწოლის შედეგად, საბოლოოდ მოხდა მისი გაწვევა. მოვისმინოთ მარინ მულსეს განმარტებები.

საქართველოში ქუჩის ზეწოლამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხელისუფლებაზე. აღმასრულებელი ხელისუფლება უკან იხმობს კანონს, რომელიც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას. ეს განცხადება დედაქალაქში ორდღიანი მასიური დემონსტრაციების შემდეგ გავრცელდა. საპროტესტო აქციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლით გამოყენებით დაშალა. საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია სამშაბათს, პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებამ, რომელის მიხედვიტაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუელებები, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა დაეკისრებათ.

ამ კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს კანონი შთაგონებულია რუსეთში არსებული მსგავსი კანონით, სადაც კრემლი მას დამოუკიდებელი პრესის, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და თავიანთი ოპონენტების რეპრესირებისთვის იყენებს. ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმა კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადებას, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გავრცელებულ  სპრესრელიზში  ასევე დასძინა, რომ დაიწყება საჯარო კონსულტაციები ტექსტის უკეთ გაცნობისთვის. რაც ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ბოლომდე არ უხურავს კარს ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შესაძლებლობას. ეს განცხადება  არ ამშვიდებს ოპოზიციას და ის განაგრძობს მანიფესტაციებისაკენ მოწოდებას.

ხელისუფლებამ დაინახა არა პოლიტიკური ძალაუფლება, არამედ ნამდვილი ხალხის ძალაუფლება და უკან დახევა მოუწია. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, რადგან შესაძლოა « ქართული ოცნება »  ჩვენს მოტყუებას ცდილობდეს.

საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა,  რომელმაც 2008 წელს რუსეთის სამხედრო ჩარევის შედეგად ტერიტორიების ნაწილი დაკარგა. მას  ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები გააჩნია. ეს ორიენტაცია მან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ აიღო, როდესაც ხელისუფლებაში პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, რომელიც დღეს ოპოზიციაში იმყოფება და ციხეშია.

როგორც გითხარით,  დღეს საღამოს ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი.

ქალბატონო პრეზიდენტო, საღამო მშვიდობის. დიდი მადლობა ჩვენი მოწვევის მიღებისთვის. თქვენ ევროპული ორიენტაციის, ხართ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსი, თქვენ ასევე მიულოცეთ აქციის მონაწილეებს. შეიძლება თუ არა დღეს საღამოს ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი არის პროევროპული და ის დაუპირისპირდა  საკუთარ ხელისუფლებას, რომელიც პრორუსულია?

უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხი პროევროპულია და ეს ამ საღამოს არ დაიწყებულა. ეს დიდი ხნის ტრადიციაა და ყოველთვის, როდესაც [ქვეყნის] ეს ევროპული ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მოსახლეობა ქუჩაში გამოდის და ეს რეგულარულად ხდება. საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ არ დაუშვებს ქვეყანის ამ გზიდან გადახვევას. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ნამდვილად ვერ იტყვის, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია თქვას, რომ ქვეყნის ერთადერთი ბედი და ალტერნატივა ევროპული ალტერნატივაა და რომ ეს კანონი გვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს. სწორედ ამიტომ, მე მაშინვე, როგორც კი ეს კანინო იყო ინიცირებული, აღვნიშნე, რომ ვაპირებდი მასზე ვეტოს დადებას, მაგრამ მოსახლეობამ ამ კანონს ბევრად უფრო ეფექტური ვეტო დაუპირისპირა. ხვალ პარლამენტში კანონი ფორმალურად გაიწვევა.  მე ასევე აღვნიშნე, რომ მე ვეტოს დავადებდი ნებისმიერ ახალ კანონს, რომელიც დაემუქრება ევროკავშირის მიერ, ჩვენთვის დაკისრებულ 12 რეკომენდაციის სულისკვეთებასა თუ შინაარსს. ეს რეკომენდაციები ევროკავშირმა დაგვაკისრა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მისაღებად,  რაც აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის.

კანდიდატის სტატუსს ისევ დავუბრუნდებით, მაგრამ ჯერ ისევ ამ კანონპროექტზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცეცხლზე ნავთი დაასხა. ეს რუსული ჩარევაა? ეს კანონი რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული, ან შემოტანილი?

ძალიან ძნელი სათქმელია. ცხადია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას და ჩვენს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.  არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი ფინანსების რეგისტრაციის იდეას ვხედავთ რუსულ და უნგრულ კანონებში. ამ კანონის მიღება დღეს საქართველოში ნიშნავს იმას, რომ საქართველო იღებს რეკომენდაციების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.

როგორ ახსნით, ასეთი კანონის მიღების  შესაძლებლობას?

კანონი სამთავრობო უმრავლესობამ მიიღო; მას შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებიც მას სურს.  ისმის კითხვა, რომ ამ კანონის ინიცირება მოხდა იმისათვის, რომ გართულებულიყო ევროპული გზა, თუ იმიტომ, რომ მომხდარიყო  არასამთავრობო ორგანიზაციების უკეთ კონტროლი, მითუმეტეს, როდესაც ვუახლოვდებით 2024 წელს და არჩევნებს, ანუ ეს წმინდა საარჩევნო გათვლაა? ძალიან ძნელია ამაზე საუბარი ამ კანონის ინიციატორების ნაცვლად. მე, როგორც პრეზიდენტმა ვიცი,  რომ ეს კანონი მიუღებელი და მავნებულურია იმ დროს, როდესაც წყდება ჩვენი ევროპული მომავალი.

მაპატიეთ, მაგრამ თქვენ იცნობთ ამ პარტიას რომელიც ხელისუფლებაშია, "ქართული ოცნება", ხელისუფლებაში ქართველებმა მოიყვანეს. ეს პარტია ბუნდოვანი იყო, ცრუობდა იმასთან დაკავშირებით რისი გაკეთება უნდოდათ ქვეყნისთვის?

სულაც არ იყო ბუნდოვანი. მე ამ პარტიამ მხარი დამიჭირა არჩევნებში. ეს არის პარტია, რომელმაც კონსტიტუციაში შემოიტანა ჩვენი ევროპული ორიენტაცია, ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია.

ეს არის პარტია, რომელმაც ჯერ კიდევ კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილებამდე განაცხადა, რომ 2024 წელს იქნებოდა კანდიდატურის წარდგენა ევროკავშირში. მან უცებ შეანელა ამ გზაზე სვლა, გაუჩნდა კითხვები და ეჭვები მის ორიენტაციასთან დაკავშირებით. თუმცა, მოსახლეობა იმ პოზიციაზეა, რომელიც აირჩია.

უკრაინაში ომის გამო?

შესაძლოა. შესაძლოა, უკრაინაში ომის გამო, შესაძლოა, გარკვეული შეშფოთების გამო იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება საქართველს ემუქრებოდეს. მაგრამ ვერცერთი ახსნა ვერ შეცვლის იმას, რომ საქართველოსათვის ევროპული მომავლის გარდა, სხვა ალტერნატივა არსებობს. ქართველ ხალხს ეს ამ ხელისუფლებაზე უკეთ ესმის და ამას ქუჩაში გამოსვლით აჩვენებს.

თქვენ ისაუბრეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომელიც გასულ ზაფხულს საქართველომ ვერ მიიღო. ბრიუსელი შეცდა? საქართველოს ევროპასთან დაკავშირება « სასწრაფოა »?

ის, რომ საქართველომ ვერ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი გარკვეული ფორმის გაფრთხილებაა. მეორე უარი ტრაგიკული იქნება საქართველოსთვის, მისი მოსახლეობისთვის, რომელმაც უკვე განიცადა პირველი იმედგაცრუება. მეორე იმედგაცრუება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის, რომელიც თავს ევროპულად მიიჩნევს და არა მხოლოდ ამ ბოლო ეტაპზე. ეს იქნება ასევე უკიდურესად საშიში, რადგან რუსეთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საქართველო ხდება ნაცრისფერი ზონა, (რაც არ ყოფილა 1991 წლიდან) სადაც ევროპასა და დასავლეთს ნაკლები ინტერესი აქვთ. ეს უკიდურესი საფრთხეა. სტრატეგიულად, საქართველოს ამჯერად კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

თქვენი შიშობთ, რომ ევროკავშირში არ შეხვალთ, თუ შიშობთ, რომ შესაძლოა, რუსების მხრიდან მოხდეს სავარაუდოდ, შემოჭრა უკრაინის მსგავსად? თუ ეს ორი რამ ერთმანეთზეა დამოკიდებული ?

უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, ისევე, როგორც საქართველოში. ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი ტერიტორია, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს წარმოადგენს. ამიტომ ეს აგრესია პირველი არ არის, ეს არის აგრესიების სერია, რომელიც გადაიტანა საქართველომ. უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია  ევროკავშირი და  ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

აღნიშნული კანონპროექტი ამოღებულია, თუმცა აქციის მონაწილეები დღეს აგრძელებენ მანიფესტაციას. რატომ ?

იმიტომ, რომ კანონპროექტი ფორმალურად უნდა გაიწვიონ. განცხადება გაკეთდა, მაგრამ ფორმალური გაწვევა ხვალ მოხდება, როგორც გავიგე. ამისათვის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. მე საჯაროდ აღვნიშნე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ იქნება ამ კანონის ნებისმიერი ვარიანტის ხელახალი შემოტანის მცდელობა, ჩემი ვეტო კვლავ გამოყენებული  იქნება, ისევე როგორც ნებისმიერი კანონის შემთხვევაში მომავალ თვეებში, რომელიც შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირმა მოგვცა, და რომელთა შესრულებაც ახლა აუცილებელია მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკურმა ძალების მხრიდან,  რათა ჩვენ მზად ვიყოთ სტატუსისთვის.  ქუჩებში გამოსულმა ხალხმა აჩვენა, რომ ისინი ამაში ერთსულოვანნი არიან, და ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ის არ არის პოლარიზებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპულ მომავალს ეხება. 

კანდიდატურის ბოლომდე წარმატებით მიყვანაში  ენდობით თუ არა ხელისუფლებას?

მე არავის ვენდობი. ბრძოლა იქნება საჭირო. ეს არის პირველი მოგებული ბრძოლა. ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწევს გაერთიანება, რათა გავიაროთ ის ეტაპები, რომლებიც მიგვიყვანს ამ კანდიდატურის მოპოვებამდე. საუბარი არ არის ვინმესთვის « კარტ ბლანშის » მინიჭებაზე, ან წინასწარ ნდობაზე.

მომდევნო საათებში, ან მომდევნო დღეებში მანიფესტაციების გამწვევების შემთხვევაში, შიშობთ რომ შეიძლება მოხდეს რუსეთის მხრიდან ჩარევა?

როგორც უკვე მოგახსენეთ,  რუსეთმა ჩარევა უკვე განახორციელა, ის უკვე ჩვენს ტერიტორიაზეა. არ მგონია, რომ დღეს რუსეთს შეეძლოს ყურადღების გადატანა მისი მთავარი სამოქმედო ტერიტორიიდან, სადაც მან უკვე აჩვენა, რომ ვერ შეძლო უკრაინული საოცარი წინააღმდეგობისათვის მისი ნების თავსმოხვევა მთელი ამ გრძელი თვეების განმავლობაში.  ასე რომ, მე ამას არ ვშიშობ, არამედ იმას, რომ საქართველომ არ გაუშვას ეს არაჩვეულებრივი შანსი, რომელიც უკრაინამ დააჩქარა, სწორედ რომ უკრაინელების საოცარი ბრძოლის წყალობით.

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენთან ერთად იყავით ამ საღამოს Franceinfo-ს პირდაპირ ეთერში.

 

სხვა სიახლეები