ინტერვიუ Tagesspiegel-თან

ინტერვიუ Tagesspiegel-თან

საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს უკრაინაზე თავდასხმის შესახებ

„პუტინს თავისი ქვეყანაც კი აღარ ყავს სრული კონტროლის ქვეშ“- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი ქვეყნის პოზიციაზე უკრაინის ომზე, კიევის ბრძოლისუნარიანობაზე და კრემლის მეთაურის შესამჩნევ სისუსტეებზე საუბრობს.

ავტორი იულიანე შოიბლე

ქალბატონო პრეზიდენტო, მას შემდეგ რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, თბილისში ათეულობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში - სოლიდარობის განცხადებები და საპროტესტო ტალღა უფრო ადრე აგორდა საქართველოში, ასევე უფრო მრავალრიცხოვანი იყო და უფრო დიდხანს გრძელდებოდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რითი არიან ქართველები უფრო შეშფოთებულნი?

უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა არაფერ კავშირშია შიშთან. ეს სოლიდარობის გრძნობა ეფუძნება ჩვენი ქვეყნების მრავალწლიან მეგობრობას. ორივე ქვეყანა ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით, ორივე ვიბრძოდით 1918 წელს დამოუკიდებლობისათვის, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენივე სურვილის საპირისპიროდ, საბჭოთა კავშირმა ჩაახშო და ძალით მიგვიერთა. 1991 წელს ხელახლა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი შეეწინააღმდეგა და სეპარატისტული კონფლიქტები გააჩაღა. უკრაინას და საქართველოს ძალიან ბევრი აქვს საერთო. ამით აიხსნება ქართული სამოქალაქო საზოგადოების სპონტანური რეაქცია, როდესაც მან უკრაინას დაუჭირა მხარი.

14 წლის წინ თქვენც გაქვთ მსგავსი გამოცდილება გავლილი.

2008 წელს ზუსტად ის გადავიტანეთ, რაც დღეს უკრაინაში ხდება: რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმა, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, ორი სეპარატისტული, ე.წ. “დამოუკიდებელი” რესპუბლიკის აღიარებით დასრულდა - ესენია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ბევრი ფაქტორი გვახსენებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს, დონეცკსა და ლუჰანსკსიტუაციას - თუმცა, დიდი სხვაობა ის არის, რომ აქედან წარმოშობილი კონფლიქტი მთელს ქვეყანას მოედო. საქართველოს შემთხვევაში ომს დედაქალაქამდე არ მოუღწევია.

როგორია მდგომარეობა თქვენს ქვეყანაში - არსებობს თუ არა დაძაბულობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში?

არა, ვინაიდან საქართველომ ცალმხრივად განაცხადა, რომ არასოდეს შეეცდებოდა, ძალის გამოყენებით ამ რეგიონების დაბრუნებას. ჩვენ არ გვყავს სამხედრო შენაერთები ადმინისტრაციული ზოლის გაყოლებაზე განთავსებული. თუმცა, საინტერესოა, რომ ორივე “სახალხო რესპუბლიკის” ხელმძღვანელობის განცხადებებით, ქართულმა მხარემ პროვოკაციები სცადა. ისინი შეწუხებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ორივე სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსული ჯარი, რომელსაც ეს რეგიონები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, საკმაოდ შემცირდა. რუსეთმა ცოცხალი ძალა და შეიარაღება გაიწვია ამ რეგიონებიდან და უკრაინის ფრონტზე გადაისროლა. ამას დაემატა მოსკოვის ოფიციალური განცხადება, რომ სეპარატისტების დაფინანსება შემცირდება და მათ ამიერიდან საკუთარ ფინანსურ საჭიროებებზე თვითონ უნდა იზრუნონ. ეს ამ რეგიონებში დიდი საზრუნავი, თუმცა ეს გამოწვეულია არა ჩვენს მიერ, არამედ იმით, რომ რუსეთმა სისუსტე გამოავლინა.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ ომს წააგებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ვერავინ იტყვის დანამდვილებით, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ომი. თუმცა ცხადია, რომ ეს ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს პუტინს ჰქონდა ჩაფიქრებული. მან გამოიწვია ისეთი რეაქცია, როგორსაც არ მოელოდა: არც ევროკავშირის მხრიდან ელოდა ერთიან პოზიციას, არც საფრანგეთისა და გერმანიისგან ასეთ მტკიცე ჩართულობას კონფლიქტში - ამას რუსები არ იყვნენ მიჩვეულები წარსულში. მან ასევე სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელთა მობილიზაციის უნარ, რაც უკეთ ეცოდინებოდა, ისტორია რომ უფრო კარგად ესწავლა: უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში იცავდა თავს ჰიტლერისა და სტალინის აგრესიისაგან - მათ შორის, ომის შემდეგაც კი დიდი ხნის განმავლობაში. ეს შეიძლება უკვე მოვიხსენიოთ როგორც ტრადიცია.

პუტინმა ვერ გათვალა თავისი შესაძლებლობები?

პირველ რიგში, მას უკრაინის ხელმძღვანელობის სწრაფად დანებების იმედი ჰქონდა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა - და აღმოჩნდა, რომ ერთ დროს შთამბეჭდავი სამხედრო ძალა, უძლეველი კი არა, პირიქით, დემორალიზებულია. შეიარაღება ნაწილობრივ მოძველებულია. ბევრი ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხანგრძილივი ოპერაციაარ იყო დაგეგმილი. ის ფაქტი, რომ პუტინი ახლა ჩინეთს მიმართავს და უკრაინაში განთავსებული ჯარისკაცებისთვის სამხედრო შეიარაღებას და საკვებს სთხოვს, აჩვენებს მის სისუსტეს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა პუტინი ასეთი ალიანსის მიმართ შიშებს აღვივებს.

თქვენ ახსენეთ ევროკავშირის მტკიცე პასუხი პუტინის თავდასხმაზე. თქვენმა პრემიერ-მინისტრმა კი, დასავლეთის სანქციები გაკიცხა, რაც თქვენ ასევე გააკრიტიკეთ.

მე ეს პოზიცია არ გამიკრიტიკებია. ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ ბევრ სანქციებს ვახორციელებთ, მაგალითად, ფინანსურ სადამსჯელო ღონისძიებებს. ასევე, ჩვენ ჩვენი საკუთარი სანქციები გვაქვს: არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები და ორივე ოკუპირებული ტერიტორია ჩვენთვის მუდმივ სანქციას წარმოადგენს. საქართველო მიუერთდა ყველა იმ საერთაშორისო რეზოლუციას, რომელმაც რუსეთის ქმედებები დაგმო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია. თუმცა ჩვენი სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია ორი ოკუპირებული ტერიტორიისდა ასევე, იმის გამო, რომ ჩვენ, როგორც დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანა, არ ვართ არც ნატოსა და არც ევროკავშირის დაცვის ქვეშ. ამას ჩვენი პარტნიორები აღიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ოდნავ შეზღუდულია: ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უსაზღვროა. გასულ ორშაბათს მე მქონდა ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში, რომელსაც უკრაინის წარმომადგენელი დაესწრო, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის პარლამენტებში. საქართველო ამ საშინელ ომზე თავისი რეაქციით საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილია.

ორი კვირის წინ თქვენ ბრძანდებოდით პარიზსა და ბრიუსელში, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. რამდენად იმედიანად ხართ ამ საკითხთან მიმართებაში, მალე განხორციელდება თუ არა ასეთი რეალობა?

უკრაინის წინააღმდეგობამ ევროპა უკვე შეცვალა. მჯერა, რომ მომწიფდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიერთების ხანგრძლივი პროცესები უკვე აღარ შეესაბამება ისეთი ქვეყნების მოლოდინებს, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრნი და აღარასოდეს სურთ, დაბრუნდნენ საბჭოთა კავშირში, ან მსგავსი წარმონაქმნის ნაწილი გახდნენ. ერთი რამ ნათელია: რაღაცა უნდა შეიცვალოს, და ეს უნდა მოხდეს უფრო სწრაფად და უფრო მტკიცე პოლიტიკური პროცესის შედეგად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

იგივე ეხება თუ არა ნატოს?

ახალ პოლიტიკურ პერსპექტივებს მე უფრო ევროკავშირში ვხედავ. ამ საკითხზე აზრის შეცვლა უკვე მოხდა.

რა რჩევას მისცემთ ხელისუფლებას კიევში თქვენი 2008 წელს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე?

არავის არ შეუძლია, რაიმე რჩევა მისცეს კიევს. ვინაიდან უკრაინის ხელისუფლება ამ სიტუაციგამკლავებას უაღრესად შთამბეჭდავი გზით და საშუალებებით ახერხებს: როგორც ქვეყნის შიგნით ერთიანობით, ასევე საერთაშორისო დიპლომატიი. უახლეს ისტორიაში ვერ ვიხსენებ ვერცერთ ქვეყანას, რომელმაც მოახერხა, საერთაშორისო თანამეგობრობის უკეთ მობილიზება საკუთარი საქმის მხარდაჭერაში. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველწუთიერად წარმოუდგენელ წნეხს უძლებს. აქედან გამომდინარე, არც კი ვიფიქრებდი, მისთვის რამე რჩევის მიცემას, თუ როგორ შეუძლია მას ამის უკეთ გაკეთება.

ზელენსკიმ ჯერ ვერ მოახერხა ამერიკელების იმ აზრზე დათანხმება, რაც მას ჩაფიქრებული აქვს. აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გვაფრთხილებს მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე, თუ ნატო პირდაპირ ჩაერევა კონფლიქტში და ცდილობს, წითელ ხაზების გავლებას გვერდი აუაროს. აღიქვამს თუ არა პუტინი ამას, როგორც სისუსტეს?

არ მგონია, რომ დღეს პუტინს რაიმე ნაბიჯის აღქმა შეუძლია, როგორც სისუსტის გამოვლინება. ის ავტორიტარულად მართული ქვეყნის ხელმძღვანელია და ფიქრობს ალბათ, რომ დასავლეთმა მეტი სამხედრო ძლიერება უნდა გამოავლინოს. მაგრამ ის მალე მიხვდება, რომ დემოკრატიული ქვეყნები სხვანაირად მოქმედებენ. გადამწყვეტია არა სამხედრო საშუალებები, არამედ საზოგადოებების მტკიცე პოზიცია, სანქციები, თავისუფლად გამოხატული საზოგადოებრივი პოზიციები. პუტინი ცდილობს, რუსეთში ყველა ინფორმაციის გაკონტროლებას, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ მას საკუთარი საზოგადოებაც კი, არ ყავს ისეთი კონტროლის ქვეშ, როგორც ეს მას ეგონა.

სხვა სიახლეები