პრეზიდენტი - დროა დავიბრუნოთ ჩვენი ისტორია!

დროა დავიბრუნოთ ჩვენი ისტორია!
ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა.
მისი მემკვიდრეობის ობიექტური შეფასების დროც დადგა! 

დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა იდეოლოგიის გამოისობით ერეკლე მეფე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერასთან იყო გაიგივებული. მისი უდიდესი მიღწევები სამხედრო თუ სახელმწიფო სფეროში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში კი მივიწყებული ან დამახინჯებული, მსგავსად დანარჩენი ჩვენი ისტორიისა.

დამოუკიდებელ საქართველოში კი ნაცვლად მისი მოღვაწეობის ხელახალი გადააზრებისა, საბჭოთა პროპაგანდისეული კლიშეების ინერციით გაგრძელდა ამავე ხელმოწერის გამო მისი განუზომელი მემკვიდრეობის უგულებელყოფა.

დროა დავიწყოთ მისი ღვაწლის გახსენება და აღიარება!

იქნება ეს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, სასწაული სამხედრო გამარჯვებები, დიპლომატიური და სტრატეგიული ხედვა, რამაც გადაარჩინა საქართველო სპარსეთის და ოსმალეთისგან  და საბოლოოდ აღადგინა კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. 

დღევანდელი საქართველო და ზოგადად რეგიონის ქვეყნები ვცხოვრობთ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც ერეკლე II-ის პოლიტიკური აზროვნებისა და მოღვაწეობის შედეგია. 

მან დაიწყო საქართველოს მოდერნიზაცია და მისი მეფობის ხანაში საქართველომ მსგავსად ევროპული ქვეყნებისა გამოიარა ადრეული ინდუსტრიალიზაციის პირველი ეტაპი. სამართლებრივი რეფორმებით, კულტურისა და განათლების განვითარებით, განახორციელა იმდროინდელი ევროპული იდეები.

მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობით, ქალაქების მშენებლობით, სამართლებრივი რეფორმებით  დაარსა მან თანამედროვე ეკონომიკის საფუძველი საქართველოში. 

გლეხთა გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმებითა და ტოლერანტული გარემოს განვითარებით, მან შექმნა განმანათლებლობის ეპოქის ევროპული ყაიდის სახელმწიფო, რომელიც  მეზობელ ქვეყნებში პატივისცემით სარგებლობდა. ერეკლე მეფის რეპუტაციამ, სიმამაცემ, რეფორმატორობამ და თანამედროვეობამ ევროპულ მონარქიებამდე მიაღწია.

დღემდე დაუმსახურებლად პრორუსულად შერაცხული მეფე ერეკლე, რეალურად იყო ევროპული ორიენტირის მქონე ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის დაუღალავი მებრძოლი, კავკასიის შემკვრელი და გამაძლიერებელი, რეფორმატორი და განმანათლებელი, ერთდროულად მეომარი და დიპლომატი. 

დროა დავინახოთ და დავაფასოთ "პატარა კახის" დიდი ნამოღვაწარი.

სხვა სიახლეები