საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას განუმარტოს შემდეგი:
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა უკვე მოახსენა საზოგადოებას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილები პროკურატურის მიერ გაიგზავნა 2-ჯერ, ამა წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს. ყველა წერილს პროკურატურის მხრიდან დაედო გრიფი „საიდუმლო“. ე.ი. კანონმდებლობის მიხედვით, საქმე გვაქვს საიდუმლო წარმოებასთან. 8 აგვისტოს განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ გრიფდადებული წერილების უკანონო განსაჯაროებაზე მიუთითებდა - უდავოა, რომ მოხდა მათი გაგზავნის ფაქტისა და შინაარსის ნაწილობრივი განსაჯაროება მაშინ, როცა მათ გრიფი მინიჭებული ჰქონდა თავად პროკურატურის მხრიდან.
შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა აღნიშნავს, რომ: „სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია“. აღნიშნულ წერილებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი და მათი გაგზავნა მოხდა საიდუმლო წარმოების ფორმატით. თუ გრიფის მინიჭება არ უნდა მომხდარიყო, მაშინ რატომ მიანიჭა ის თავად პროკურატურამ?
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ის ზედმიწევნით იცავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებსაც მოუწოდებს კანონის შესრულებას. აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ სახელმწიფო ინსტიტუციები ჯერ დაასაიდუმლოებენ დოკუმენტს, შემდეგ კი დასაიდუმლოებულ წერილს განასაჯაროვებენ გრიფის მოხსნის გარეშე, ეს საფრთხეს შეუქმნის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სისტემის ფუნქციონირებას და ამ კანონით დაცულ სიკეთეს.