პრეზიდენტი - ჩვენ, ყველა, ერთი ევროპული ოჯახის წევრი ვართ - ესაა ჩვენი მომავალი, სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არცერთს არ გაგვაჩნია!

ეს განცხადება პრეზიდენტმა მოლდოვაში, სამუშაო ვიზიტისას შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც  მაია სანდუსთან მოლაპარაკებების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი:

მოგესალმებით, 

ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მასპინძლობისათვის. ჩემთვის დიდი პატივია დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, ამ ძალაინ რთულ პერიოდში. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში, 12 წლის შემდეგ, პირველად ტარდება. ასეთ ვიზიტს ცხადია, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, რაც ევროპასა და უკრაინაში ხდება, ძალიან ძნელია ჩვენი საუბარი ორმხრივი ურთიერობებით დავიწყოთ.

ჩვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარია ის, რაც უკრაინაში ხდება, ის, რაც ამ დილით ხდებოდა. ეს უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ახორციელებს: კიევის დაბომბვა, მოქალქეების წინააღმდეგ ასეთი უმკაცრესი ქმედებები - ეს ყველაფერი მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში, მიუღებელია ევროპაში, მიუღებელია ჩვენი ორივე ქვეყნისა და ჩვენი ღირებულებებისთვის. რუსეთის აგრესია დღევანდელ დღეს ანაქრონიზმია. ეს არის ჩარჩენა ომებისა და ტოტალიტარიზმის საუკუნეში. 

ომი უკრაინაში ასევე, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისა და ალბათ, მთლიანად მსოლფიოსთვის, ამიტომ, არ შეიძლება, გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება, გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება, გაიმარჯვოს არაადამიანურობამ.  

ჩვენთვის, როგორც ქვეყანისათვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მობილიზაცია გამოაცხადა, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ჩვენს მოქლაქეებს ეხებათ. მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში (რომელიც არანაირად მათი ომი არ არის) ეს მათი ყველანაირი უფლების დარღვევაა.

კიდევ ერთხელ ვმგომ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. 

რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ, მთავარი იარაღი სწორედ ის უპრეცენდენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ. განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო და მოლდოვა სრულად უერთდება. 

დღევანდელ დღეს უკრაინის ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპისთვის, მაგრამ ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ევროპამ დღეს რუსეთის ნამდვილი სახე დაინახა. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები რუსეთს სხვა თვალით უყრებდნენ და მაინც ეგონათ, რომ შეიძლებოდა რუსეთი, ამ თავისი ქმედებების მიუხედავად, მათთვისაც სანდო პარტნიორი ყოფილიყო. უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა და ყველამ დაინახა რუსეთის აგრესიის, რუსეთის იმპერიალისტური ხედვის და ქცევის რეალური სახე. 

დღეს ამ გამოწვევის გამო, უკრაინისა და მისი ხალხის თავდადებისა და გაუტეხლობის მეშვეობით, ახალი შესაძლებლობების გზაც გაიხსნა. ევროპამ რუსეთი არა მხოლოდ სხვანაირად დაინახა, არამედ, სხვანაირად დაინახა ჩვენი ქვეყნები. ის ქვეყნები, რომლებიც ასოცირებით უკვე ევროპისკენ მიისწრაფოდნენ და დღეს, უკრაინის ომის შემდეგ, ეს გზა მათთვის უკვე ხსნილია. ეს გზა ყველა, სამივე ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივის გზაა და უკრაინისა და მოლოდვასთვის უკვე მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, რისთვისაც მე, კიდევ ერთხელ, მინდა მივულოცო მათ და ამ შემთხვევაში, მოლდოვას. ჩვენ ერთი და იგივე პერსპექტივაში ვრჩებით, ერთი და იგივე გზაზე მივდივართ, ერთი და იგივე რეფორმები გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენ, ცოტა სხვა კალენდარში, 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს, მოლდოვამ და უკრაინამ კი, ასევე, თავიანთი რეფორმები უნდა ჩაატარონ. 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ, სამივე ქვეყანა, რომლებმაც ერთად მივიღეთ ეს ასოცირება, ერთად, ბათუმიდან, პეტრას სამიტიდან, ტრიოს ფორმით დავიწყეთ ევროინტრეგრაციის უფრო აქტიური ფაზა, ვნახავთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ამ გზის შედეგს.  ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით. ეს, სიმბოლურად, სწორედ პრაღის სამიტის ნიშანი და გზავნილია, სადაც პირველად ევროკავშირის წევრები და ევროკავშირის კანდიდატები, თუ პერსპექტივის მქონე ქვეყნები, ყველანი ერთად დასხდნენ, ერთი მაგიდის ირგვლივ, ეს სომბოლოა იმისა, რომ ჩვენ, ყველა, ერთი ევროპული ოჯახის წევრი ვართ. ესაა ჩვენი მომავალი და სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არცერთს არ გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ, ორივე ქვეყანას, მეტი სოლიდარობა და ამ კუთხით, ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება გვმართებს, მეტი სოლიდარობა ასევე, ეროკავშირთან და ევროკავშირის ჩვენ მიმართ, რადგან ჩვენი მომავალი განუყოფელია, ჩვენი დამოუკიდებლობა განუყოფელია და ჩვენი თავისუფლება განუყოფელია!

მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი:

მივესალმები პატივცემულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს!

ეს ვიზიტი, პირველი ვიზიტია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ 12 წლიანი პაუზის შემდეგ განხორციელდა. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების სამ ათეულ წელს აღნიშნავენ. იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი ახალ თავს გახსნის საქართველო-მოლდოვას ურთიერთობებში ახალი იმპულსებისა და კონტაქტებისათვის.

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. უკვე 8 წელია უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ჩვენმა ქვეყნებმა, პირველივე დღიდან დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათობით ქალაქი და სოფელი განადგურდა და მილიონობით ადამიანი თავიანთი სახლებიდან გააძევეს. 

ჩვენ მხარდაჭერას და თავშესფარს ვთავაზობთ იმ უკრაინელებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ომს გამოექცნენ. 

ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს ომის დანაშაულია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგაა ჩადენილი და მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არალეგალური ანექსიის მცდელობაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უპირობოდ ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. 

ეს კიდევ უფრო რელევანტურია, რადგან როგორც მოლდოვას, ასევე საქართველოს, მათ ტერიტორიებზე მოუგვარებელი კონფლიქტები აქვთ და მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და გამოვხატო ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია შეაჩეროს და უკრაინას დაეხმაროს, რათა მისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

უკრაინაში მშვიდობის გარეშე, ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საერთაშორისოდ აღიარებული მშვიდობა და წესრიგი საერთაშორისო სამართლის მიმართ. ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარი ბედის თავად გადაწყვეტა. ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. 

სირთულეების მიუხედავად, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებში ვაწყდებით, საქართველოსა და მოლდოვას ჰარმონიული განვითარება და მათი მოქალაქეობისათვის მომავალი, მშვიდობასა და კეთილდღეობაში სურთ. ჩვენ გვსურს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც დაგვეხმარება. გვსურს, რომ განვაგრძოთ მთავრობათაშორისი კომისიასში თანამშრომლობა, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული, თუ სხვადასხვა ადამიანური რესურსების კუთხით. გვსურს, ჩვენი გამოცლიდება გამოვიყენოთ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისათვის, ჩვენ ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით და ეს კიდევ უფრო გაძლიერდა უკრაინაში რუსეთის ომის პირობებში. 

ქართველებისა და მოლდოველების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი ხალხის ამ ევროპული ოცნების შესრულება შევძლოთ. 

ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცესთან და მის ღირებულებთან მჭიდრო კავშირშია, ამით ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, თავისუფლად უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფარგლებში, განვვითარდეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, მე ძალიან მიხარია, რომ 2021 წელს სამიტის ფარგლებში, ბათუმში ვიზიტი შევძელი და მინდა გითხრათ, რომ  ძალიან დიდი სიხარულით გიმასპინძლებთ კიშინეუში, მომავალ გაზაფხულს, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე, რომელსაც საფუძველი პრაღაში ჩაეყარა. დიალოგი და ორმხრივი ღია თანამშრომლობა, ასევე ღირებულებების გაზიარება, თავისუფლების, დემოკრატიისა და გამოცდილებების გაზიარება ევროპული ინტეგრაციის ნაწილია, რაც ჩვენს ქვეყნებს თავიანთი ევროპული კურსის კიდევ უფრო გააძლიერებაში - ჩვენს მოქალაქეებს კი, თავისუფალ სამყაროში იცხოვრებაში დაეხმარება.

სხვა სიახლეები