პრეზიდენტი - რუმინეთი ჩვენი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ის ევროპული პერსპექტივა, რაც მივიღეთ ნამდვილად უდიდესი ისტორიული ცვლილებაა

საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: 

,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი მიღებისათვის და ძალიან საინტერესო და სრულყოფილი საუბრისათვის.

მაგრამ არ შეიძლება ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა ამ წუთას უკრაინაში, ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც ახლა ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე და აქედანაც არ დავგმო!  ეს ქვეყანა [რუმინეთი] არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს.

ის რაც ხდება უკრაინის ქალაქებში, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენთვის - საქართველოსა და რუმინეთისთვის, ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკისა და საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლაა.

დღეს, ეს ყველაფერი - ის რაც ისმის, ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, ის რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი ასევე იწყებს მობილიზაციას, რასაც მთელს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც დაუშვებელია მშვიდობიანი სამყაროსთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ევროპისთვის ეს მიუღებელი ფორმაა, ეს წარსულის ფორმაა, რომელიც ვერაფერს მოიტანს და არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც დაიყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს.

ამ აგრესიის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა და მე მინდა აქ გამოვაცხადო, უკრაინის მიმართ  ქართველი ხალხის სრული სოლიდარობა. ჩვენ ვიცით, დღეს რა მძიმეა მათი მდგომარეობა.  საქართველო ყოველთვის და ყველა მხრივ მზად იყო და მზად არის გამოიჩინოს ეს სოლიდარობა.

ჩვენთან ქვეყანაში დაახლოებით, 30 000 უკრაინელია, რომელიც გადმოვიდა საქართველოში დროებით ან უფრო დიდი ხნით საცხოვრებლად და ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ მათ მივცეთ საშუალება, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ და ყველანაირად ხელი გავუწოდოთ მათ.

მივესალმებით ასევე, ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმაროს უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი, ყველას, მთელი ევროპის მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული.

ძალიან მადლიერები ვართ, რუმინეთის, რომელიც საქართველოს პირველი მხარდამჭერი იყო, ჯერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებით, შემდგომ კი მუდმივად, ამ 30 წლის მანძილზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

რუმინეთი, პოლონეთთან ერთად, ევროპაში ჩვენი მთავარი პარტნიორია, (და შეიძლება უფრო ახლოს იყოს შავი ზღვის სიახლოვიდან გამომდინარე). დღესაც რუმინეთი ჩვენი მთავარი მხარდამჭერია და უნდა ვიცოდეთ, რომ ის ისტორიული ნაბიჯი, რასაც ევროპული პერსპექტივა ჰქვია, რაც მივიღეთ და რაც ნამდვილად უდიდესი ისტორიული ცვლილებაა.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა ეს მოთხოვნილება და ამბიცია, რომ გავმხდარიყავით ევროპული თანამეგობრობის ნაწილი, ეს იყო ჩვენი და არ იყო გაზიარებული ევროპის ყველა ქვეყნის მხრიდან, დღეს კი ეს უკვე გადალახული საზღვარია და ჩვენ მიღებული და აღიარებული ვართ, როგორც ევროპული ოჯახის წევრი.

ამისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ ის საჭირო ნაბიჯები, რაც გვევალება, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, წევრობისთვისაც მზად ვართ და ეს საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნებაა.

ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პერსპექტივა არის უკრაინის მართლაც თავდადებული ბრძოლის შედეგი. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს ალბათ, არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა.

ჩვენ მართალია კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, მაგრამ ამისთვის ჯერ გზა ხსნილია და შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ არანაირი ძალისხმევა, იმისთვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ასევე, კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი.

ძალიან დიდი როლი ითამაშა რუმინეთმა, რომ 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ჩატარდა, რომელმაც ერთ მაგიდასთან დასვა ყველა ქვეყანა, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა აქვს, მათ შორის, საქართველო და ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ყველაფერში ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო და იქნება   რუმინეთი. დღეს, რომ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას ესეც ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რადგან ამ დოკუმენტში დევს ჩვენი ერთობლივი მომავალი, მთელი ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაერთიანებდა აქამდე და რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ყველა მიმართულებით, ეს იქნება: ეკონომიკური, კულტურული. ეს იქნება სწორედ შავ ზღვაზე კონცენტრირებული, რადგან ეს არის ზღვა, რომელიც რეალურად საქართველოს ევროკავშირთან და ევროპასთან აერთიანებს. ეს შავი ზღვა უნდა გახდეს ნამდვილი ხიდი, რომელიც უნდა გვაახლოებდეს, ამიტომ უნდა დაიძლიოს ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრება დღეს შავი ზღვის სტაბილურობას, რადგან, თუ არა სტაბილური, მშვიდობიანი შავი ზღვა, ჩვენ ვერ განვავითარებთ ყველა იმ პროექტს, რაც არსებობს ევროკავშირის მხრიდან და რომელშიც პირველ რიგში, რუმინეთი ჩვენთან ერთად მონაწილეობს.

ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები, ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი ხალხი და გავხადოთ ეს ფიზიკური კონტაქტები უფრო ადვილი - ეს იქნება საზღვაო მიმოსვლებით, თუ პირდაპირი ფრენებით. ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ვიგრძნოთ და დავინახოთ, რომ ფიზიკურად ვართ ერთმანეთთან უფრო ახლოს და ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამის საწყისია ეს განცხადება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მას დიდი მომავალი აქ.

მინდა   გამოვიყენო შესაძლებლობა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტს და რუმინელ ხალხს, რადგან ხალხის გარეშე ეს ურთიერთობები ვერ განვითარდება და ვერ გადავა კიდევ შემდეგ ეტაპზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ორივე ქვეყნისათვის ჩვენი სამსაუკუნოვანი ისტორიისა და ჩვენი მომავლის გაგრძელებაა.

ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ."

სხვა სიახლეები