სალომე ზურაბიშვილი - რეგიონის სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოს და სომხეთის განვითარების წინაპირობაა

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და დელეგაციების თანხლებით გამართული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების თემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონისათვის სტაბილურობა და მშვიდობა გადამწყვეტია.
 
საქართველოს პრეზიდენტმა არმენ სარგსიანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია და ასევე, ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე დაპატიჟა, რომელიც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს ეძღვნება.
 
,,ძალიან მოხარული ვარ არა მხოლოდ ამ ვიზიტით, არამედ იმ საუბრებით, რომელიც ახლა გვქონდა პირისპირ და, ასევე, გაფართოებულ ფორმატში. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ვართ არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი ქვეყნები. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, რომლისთვისაც გადამწყვეტია სტაბილურობა და მშვიდობა. ეს სტაბილურობა და მშვიდობა აუცილებელი წინაპირობაა ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის. ჩვენს რეგიონში, ძალიან ბევრი გამოწვევაა და საჭიროა ვიცოდეთ, რომ ამ გამოწვევების წინაშე მთავარი და ერთადერთი, უალტერნატივო გზა -  მშვიდობიანი გზაა, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე, რომ საბოლოოდ გადაწყდეს ეს კონფლიქტები, რომლებიც ანელებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას. ეს ყველაფერი გადის მოლაპარაკებებზე და დიალოგზე - ეს არის ჩვენი ღრმა რწმენა. ასევე, საჭიროა ითქვას - საქართველოსთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელვანია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები არანაირად არ იყოს გადმოტანილი, შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე.
 
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია, რომ სომხური, ან აზერბაიჯანული წარმოშობის  საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ მშვიდობიანად ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულნი ქვეყნის  ეკონომიკაში, პოლიტიკაში, თუ კულტურულ ცხოვრებაში.
 
ამ კუთხით, მე ვთვლი,  რომ  მე როგორც პრეზიდენტს პირადად მაქვს მოვალეობა, მეტი გავაკეთო სწორედ სომხური წარმოშობის მოქალაქეებისთვის, მეტი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართული ენა იყოს მათთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მათ ჰქონდეთ მეტი საშუალება, გახდნენ საქართველოს ეკონომიკური და კულტურული განვითარების სრულფასოვანი მონაწილეები.
 
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ  იმ პოტენციალზე, რომელიც რეგიონში არსებობს.
 
ვისაუბრეთ, ასევე ევროკავშირში ჩემი ვიზიტებისა და  ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს გეგმების შესახებ, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სწორედ ბათუმის კონფერენცია, რომელზეც მოვიწვიე ბატონი პრეზიდენტი და, სადაც ჩვენ ვაპირებთ წარვადგინოთ ჩვენი ხედვა - როგორი უნდა იყოს ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ეტაპი, რომელიც საბოლოო ინტეგრაციამდე მიგვიყვანს და ამ გზაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი სომხეთის თანამშრომლობა და მისი ხედვების კონფერენციაზე მოსმენა.
 
აუცილებელია, ჩვენს ქვეყნებს შორის მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა. ეს იქნება ტურიზმი, ახალი ტექნოლოგიები, ენერგეტიკა და ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს სომხეთისაკენ. ასევე, ძალიან დიდი გეგმები არსებობს ევროკავშირთან და, არა მხოლოდ, ევროკავშირთან ერთად.
 
დრო მოვიდა იმისათვის, რომ დავასრულოთ ჩვენი საზღვრის დელიმიტაცია, რადგან მეგობარ, მეზობელ ქვეყნებს შორის არ შეიძლება ეს პროცესი ასე უსასრულოდ გრძელდებოდეს და შევთანხმდით იმაზე, რომ მივცეთ ახალი იმპულსი კომისიას და დავუბრუნდეთ იმ შეთანხმებას, რომელიც პრაქტიკულად მიღწეული იყო წარსულში, როდესაც მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრაქტიკულად მიღწეული იყო შეთანხმების ნორმატიული ბაზა; უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და უნდა დავასრულოთ.
 
ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს. ჩვენ ენერგიული ოპტიმისტები ვართ. ვაპირებთ, რომ ძალიან ბევრ საკითხზე განვაგრძოთ საუბარი და არ იყოს ეს მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ რეალურად წარვადგინოთ ის მოსაზრებები.
 
ორივეს გვაქვს, ამ მხრივ ინიციატივის, სიტყვისა და რჩევის უფლება, და ამით შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ორივე ქვეყნის საზოგადოებაზე, როგორც აღმასრულებელ, ან საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რომ განვავითაროთ ის ურთიერთობები, რომელიც ძალიან მრავლისმომცველია მომავლისათვის.
 
არ დავასრულებ ისე, რომ არ ვახსენო კულტურის დარგი, სადაც ნამდვილად არ არის ჩვენი ურთიერთობა იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს ამ ორ მეგობარ და მეზობელ ქვეყანას შორის.
 
ასევე ჩვენ ძალიან აქტიური უნდა ვიყოთ, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობების ეს დარგი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს  საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების განვითარება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკის დღის წესრიგში. ამაზე მეტყველებს,
ბოლო პერიოდში, მაღალი რანგის პერიოდული შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები.
 
,,შედეგიანად ვაფასებ ჩემს ქართველ კოლეგასთან, ქალბატონ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც შევეხეთ ორმხრივი ინტერესების სფეროს, დღის წესრიგის საკითხებს.

სომხეთი მუდმივად დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებით, დაცვითა და შენარჩუნებით. შეხვედრისას, რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხების განხილვისას ქართველ კოლეგასთან ერთი აზრის ვართ, რომ პრობლემები და კონფლიქტები ერთგვარნი არ არიან და ერთნაირი არაა მათი მოგვარების საფუძვლებიც და მაინც, ჩემი პირადი რწმენით, გადაწყვეტა უნდა მოიძებნოს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის და ნორმების დაცვით, და არცახის შემთხვევაში კი, თვითგამორკვევის  უფლების პატივისცემის საფუძველზე.
 
განვიხილეთ, ასევე ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები. იქნება ეს ტრანსპორტი, ტურიზმი, ახალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკური და ლოგისტიკური პროექტების განხორციელების მნიშვნელბას რეგიონული უსაფრთხოების, მდგრადობისა და განვითარების უზრუნველყოფისათვის.

ძალზედ დიდ მნიშვნელბას ვანიჭებთ თანამშრომლბას განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგიანი იქნება. დაბოლოს, ნება მომეცით, ერთხელ კიდევ დავამტკიცო ჩვენი რწმენა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაღრმაოთ სომხურ-ქართული მეგობრული ტრადიციული ურთიერთობები. კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ ჩვენი შეხვედრის ქალბატონო პრეზიდენტო და სიხარულით ვიღებ თქვენს მიწვევას საქართველოში",- აღნიშნა სარგსიანმა.

სხვა სიახლეები