საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,  მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იმ გაწეული დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში გერმანია საქართველოს მიმართ ახორციელებს.
 
"საქართველოსათვის ძალიან საჭიროა გერმანიის მეგობრობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების იმ პოლიტიკას, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში ამ საკითხების დაძვრა.

ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ვცდილობთ კავშირის განახლებას და გაძლიერებას, რათა გაყინული სიტუაცია სხვა მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამის გარდა, რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.


ასევე, გერმანიასთან ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია. ჩვენი მიზანია, ისე წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა, რომ მისი ევროპულობა უფრო თვალსაჩინო გახდეს. ჩვენი სვლა ევროპაში, სწორედ ამ გზით უნდა განვითარდეს; ამის მიღწევაშიც გერმანიის იმედი გვაქვს, რომელიც დღეს უფრო გაძლიერდა.


იმედი გვაქვს, გერმანია დაგვეხმარება შევიდეთ ევროპაში, ყველა იმ გზით, რომელიც შესაძლებელია იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად შევა. ეს გზები არის კულტურა, განათლება და ძალიან ბევრი სხვა პროგრამა, რომელზედაც ვისაუბრეთ - ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთი ნაბიჯით გაძლიერება და განმტკიცება.

გერმანია და საფრანგეთი ის ქვეყნები არიან, რომლებიც ევროკავშირის ძრავას წარმოადგენენ. ჩვენ ამ ქვეყნების სახით გვყავს ძალიან ძლიერი მეგობრები. ჩვენთვის ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, რომ კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, იმ ფორმატებსა და პროგრამებში, სადაც შეგვიძლია, რომ ვიყოთ წარმოდგენილი.

მე მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ ეკონომიკური კავშირებისთვის, რაც გვაქვს გერმანიასთან. გერმანია, ამ წლების მანძილზე, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მოცულობით მეორე დონორია. ასე იყო პირველივე დღიდან და გრძელდება ახლაც. ეს არის ძალიან დიდი დახმარება საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება, უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვა საქართველოში, მეტი ინვესტიცია და მეტი თანამშრომლობა იქნება, რადგან მხოლოდ ინვესტიცია არ არის ჩვენი თვითმიზანი, თვითმიზანია მეტი თანამშრომლობა და კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება.


მინდა მოგიწვიოთ საქართველოში და ვიცი, რომ თქვენ გაინტერესებთ არამხოლოდ თბილისში ჩამოსვლა, არამედ რეგიონში სტუმრობაც და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩემს საარჩევნო კამპანიაში კულტურასთან ერთად, კიდევ ერთი პრიორიტეტი მქონდა - ეს რეგიონების განვითარების ხელშეწყობაა, რაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს და გერმანიის რეგიონების დაკავშირება და მათ შორის ურთიერთობების გაბმა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც  გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, საქართველოსა და გერმანიას ეკონომიკური და კულტურული კავშირების გარდა, ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებს.
 
მისი განცხადებით, საქართველოს საკმაოდ ამბიციური მისწრაფებები აქვს ევროკავშირთან მიმართებაში და ამ დროს ევროკავშირის სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირები, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაერთიანება, შესაძლოა, ძალიან ბევრის მომცემი იყოს ქვეყნისათვის.

გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციაზე საუბრისას, იმედი გამოთქვა, რომ ის ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, აღარ იქნება საქართველოში და პოლიტიკური მოთამაშეები, როგორც ეს დემოკრატიული პროცესისათვის დამახასიათებელი,  მზად იქნებიან და დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ფორმატს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს რეფორმების ის დიდი პაკეტი, რომელიც დაგეგმილია.

მისი განცხადებით, ახლა ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო საჩვენებელი, სამაგალითო ქვეყანაა, რომელმაც ძალიან შთამბეჭდავი განვითარება აჩვენა. გერმანიის პრეზიდენტმა საქართველო-გერმანიის მეგობრობასა და კულტურულ კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის დასტურია სწორედ სალომე ზურაბიშვილის ეს ვიზიტი და გულახდილი საუბრები.

სხვა სიახლეები