კონსტანტინე ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები საჩუქრად გადმოსცემოდა საქართველოს და მიმღები მხარე ხელოვნების მუზეუმი ყოფილიყო, რადგან მათი მხრიდან არ იყო ნდობა ქართული კულტურული ინსტიტუციების მიმართ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ,,სვიმონ დადიანის ნამუშევრები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და შუამდგომლობით პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს [ხელოვნების სასახლეს] გადმოსცა. დაახლოებით, 30 ნამუშევრიდან 5 ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში.

მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ ქართულ, ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის ერთობის საფუძველი შეიქმნას, ამიტომ ჩვენ ყოველ მსგავს ფაქტს, რომელიც როგორც ძველ ემიგრაციას, ასევე, უცხოეთში მყოფ თანამედროვე ქართველ ხელოვანებს უკავშირდება, ყოველთვის გულისხმიერებით ვეკიდებით და ვცდილობთ, რომ ორბელიანების სასახლეში მოხდეს ამ ნამუშევრების ან გამოფენა, ან დროებითი ექსპონირება.  

რაც ეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას, ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარეს. ისინი, თავის დროზე, დასაწყობებული იყო ამერიკაში, ამერიკიდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან საქართველოში, იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული და აი ამ ათეულობით ნამუშევრიდან ხელოვნების სასახლის მიერ მხოლოდ 5 ნამუშევარი შეირჩა ორბელიანების სასახლეში გამოსაფენად. შესაბამისად, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში. 

მინდა გითხრათ, რომ მსგავს ბრალდებებს, რომლებსაც ახლა ვადევნებდით თვალს და რომლებიც დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ, ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ახალი ხელოვნების ნიმუშებით, მით უფრო, საქართველოს ემიგრაციიდან.

პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ ეს ნამუშევრები საჩუქრად გადმოსცემოდა საქართველოს და რომ ამ შემთხვევაში, მიმღები მხარე ყოფილიყო ხელოვნების მუზეუმი, რადგან მათი მხრიდან არ იყო ნდობა ქართული კულტურული ინსტიტუციების მიმართ და შესაბამისად, პრეზიდენტის წონას, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უფრო, რომ ეს ოჯახი, რომელიც სვიმონ დადიანის ნამუშევრების მემკვიდრეა, ძალიან დიდ პატივს სცემს პრეზიდენტს, რადგან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელოვნების სასახლესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს. რაც ეხება ნამუშევრების ექსპონირების ვადებს, ვფიქრობ, ვადები ყველანაირად დაცული იყო, არანაირი დარღვევა არ ყოფილა. 
ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობაა საქართველოში, ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს და რაიმე პრობლემას თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.

იცით, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური."

სხვა სიახლეები