საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება 10 ოქტომბერს დასრულდება

 

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, (ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.


საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს. საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეული ლაურეატობის კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 10 სექტემბერს გამოცხადდა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები.

სხვა სიახლეები