საქართველოს პრეზიდენტი - ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორია რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად

,,გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება ჩვენს პარტნიორებთან მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, “- განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ცერემინიაზე, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

,,მინდა მოგილოცოთ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ წარმატებით დასრულება და მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს.

ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

საქართველო, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს.

ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში.

საქართველო კი ნატო-ს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს.

სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა განაგრძობს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას. 

ქართველმა ჯარისკაცებმა, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამერიკის შეერთებულ შტატებს მინდა მადლობა მოვახსენო განსაკუთრებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის.

წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა იყო მიმართული ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც დღეს თვისობრივად ახალ დონეზეა. 

აქვე მინდა მადლობა მოვახსენო ნატო-ს წევრ ქვეყნებს ეფექტური და დინამიური თანამშრომლობისათვის და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისათვის. 

დასასრულს აღვნიშნავ, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც ჩვენი მყარი მიზანია!'' - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეები.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს - თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი, ჩვენმა საზოგადოებამ კი ამისათვის ყოველდღიურად უნდა გამოხატოს მადლიერება

პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისათვის 13 არტილერისტი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა