პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან

პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა, სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა იმ კანდიდატებთან, რომელიც კომისიამ შაერჩია.

პრეზიდენტი განაგრძობს სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ახალ კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს.

ამ მიზნით, პრეზიდენტმა 16 მაისს შეხვედრები გამართა შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 5 კანდიდატთან. 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის სრულფასოვანი ფუნქციონირების, მისი დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შენარჩუნებისათვის. ამასთანავე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის 9 დათქმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსული 28 განაცხადიდან კანდიდატთა შერჩევის უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, შეიქმნა კანდიდატთა შესარჩევი კომისია. 

10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, საქმიანობის პერიოდში, კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების დამუშავების, მათთან გასაუბრების მიზნით რამდენიმე სხდომა გამართა. 

2024 წლის 26 აპრილს, შესარჩევმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინა 5 კანდიდატი, რომლებმაც შერჩევის პროცესში მოიპოვეს კომისიის ყველა წევრის მხარდაჭერა, შესაბამისად, შეირჩნენ კომისიის სრული კონსენსუსით. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, 2 აპლიკანტთან მიმართებით აცილება გააკეთა. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს შესარჩევ კომისიაში პარლამენტის წარმომადგენლის ნომინირებასთან დაკავშირებით, თუმცა პარლამენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება