პრეზიდენტი - ევროპის დღე თავისუფლების ტირანიაზე, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების გამარჯვების დღეა

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე:

ბატონო ელჩო,

დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებო, 

პატივცემულო საზოგადოება, 

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე! 

ეს კვირა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა. ჩვენ აღვნიშნეთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული, ვიზეიმეთ გიორგობა - დრაკონზე გამარჯვება და ასევე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე - გამარჯვება, რომელსაც უამრავი ქართველი შეეწირა.

ამ დღეს ყველა ევროპელთან ერთად აღვნიშნავთ, (თუმცა არა ზუსტად ერთსა და იმავე დღეს), მაგრამ სრულად ვიზიარებთ მის მნიშვნელობას. ეს დღე თავისუფლების ტირანიაზე გამარჯვების, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე გამარჯვების, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე გამარჯვების, დამოუკიდებელი ერების იმპერიალიზმზე გამარჯვების, ინდივიდების სისტემებზე (რომლებიც მათ გასრესას ცდილობენ) გამარჯვების, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების დღეა. 

ზუსტად იმავე მიზეზით ვზეიმობთ ევროპის დღეს, რადგან გვჯერა ჩვენი საერთო ღირებულებების - თავისუფლების, ადამიანის ღირსებისა და სოლიდარობის. 

რადგან გვჯერა მოკავშირეებისა და პარტნიორების თავისუფალი არჩევანის. 

რადგან გვჯერა საზოგადოების, რომელიც კონტინენტზე მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნა, შეასრულა თავისი პირობა და წარმატებას მიაღწია თავის წევრებს შორის ომის თავიდან არიდებაში. 

რადგან ჩვენ გვჯერა დემოკრატიის - კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და კულტურათა, იდენტობათა, ენათა მრავალფეროვნების, რომელიც ევროპამ შეინარჩუნა და გააძლიერა. ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენს თავს ვგრძნობთ ერთდროულად ევროპელებად და ქართველებად. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის წევრობით ჩვენ უკეთესი ევროპელები და უკეთესი ქართველები გავხდებით.

ჩვენ, როგორც თავისუფალი ერი, რომელიც არცერთ დიქტატურას არ დავნებდებით დღეს, როგორც არასდროს, ვიბრძოლებთ და წინ წავწევთ ჩვენს ევროპულ მომავალს, ვიბრძოლებთ და წინ წავწევთ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებას, ვიბრძოლებთ ჩვენი მომავლისთვის, მოლაპარაკებების გახსნისათვის, რომელიც ჩვენს წინაა. 

დიახ, მის ფონ დერ ლიაიენი მართალია - საქართველო გზაგასაყარზე დგას - ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის.

წლების განმავლობაში, მოსახლეობის უმრავლესობამ, სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დღევანდელმა ახალგაზრდობამ ნათლად გამოხატა როგორი მომავალი სურს - მშვიდობიანი, კრეატიული და თავშეკავებული; საით მიემართებიან იმ თვითგამოხატვის საშუალებით, რომელიც თანხვედრაშია მათ მიზანთან. ეს არის ის გზა, რომელსაც ქართველი ხალხი თავისუფლების მოპოვების დღიდან მიჰყვება: მიზანდასახულობა, მიზანდასახულობა, მიზანდასახულობა. 

უინსტონ ჩერჩილ ამბობდა: არასოდეს დანებდე, არასოდეს დანებდე, არასოდეს დანებდე! მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ ძალადობას. ძალადობას - ერის დამოუკიდებლობის ერთიანი ნების წინააღმდეგ, ძალადობას ერის მიმართ, როცა ის გრძნობს, რომ უკან, რუსული წარსულისკენ მიემართება, ძალადობას, როდესაც გამოყენებულ მეთოდებს: ოპონენტების ცემას, შავ სიებს, გაკიცხვებს, რეპრესიებს, არაფერი აქვს საერთო გამოცხადებულ, ევროპულ მიზნებთან და ავტორიტარული რეჟიმის მეთოდების მსგავსია, რომელიც მიისწრაფის აღმოფხვრას ყველა „სხვა“ და დაადანაშაულოს ისინი უცხოური ინტერესების მსახურებაში. 

დაბოლოს, ძალადობა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს დამოუკიდებლობას, ინსტიტუციებსა და განვითარებას და რომლებსაც დღეს ბრალი ედებათ დესტაბილიზაციის წაქეზებაში, ომის გაღვივებასა და კონფრონტაციაში სურვილში.

მაგრამ ქართველი ერი, სულ რაღაც 26 საუკუნის შემდეგ, დღეს აქ არ იქნებოდა, ბრძენი რომ არ ყოფილიყო. და სწორედ იმიტომ, რომ ის ბრძენია, ის არ წამოეგება პროვოკაციებს. ის არ დაუშვებს ჩათრეული იყოს კონფრონტაციაში, მაგრამ ის არ დანებდება. ის ბოლომდე მივა და მოიპოვებს თავის ევროპულ გზას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, რომელსაც ქართველი ხალხი და მე ბოლომდე დავიცავთ!

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს