ინტერვიუ France 24 English-თან

ინტერვიუ France 24 English-თან 

გადაცემაში ჩვენთანაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ France 24-ზე შემოგვიერთდით.

საღამო მშვიდობისა.

შეგიძლიათ განმარტოთ როგორია თქვენი პოზიცია ამ სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის?  

ვფიქრობ, გარკვეულწილად სადავო კანონპროექტს მიღმა ვართ, რომელიც იმის ანალოგია, რასაც პუტინი, რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში იყენებს, რათა სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ჩაახშოს. კანონის მეორედ ინიცირება, რომელიც რუსული კანონანალოგია (სწორედ ამიტომ ეძახიან რუსულ კანონს) ნამდვილად პროვოკაციაა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომელმაც თუ გახსოვთ, ეს კანონი შარშან მარტში გააპროტესტა და გაიმარჯვა. კანონი გაიწვიეს და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა, იგივე კანონის ხელახალი ინიცირება საქართველოს მოსახლეობაში, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და მედიაში განიხილება, როგორც ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე კრიტიკული ხმების რეალურად ჩახშობის მცდელობა.

მაგრამ დღეს რუსული კანონი იმდენად შემაშფოთებელი არაა, რამდენადაც რუსული მთავრობა, რადგან განცხადება, რომელიც სულ რაღაც ორი დღის წინ „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის, საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ივანიშვილისგან მოვისმინეთ ჩვენს პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ომის გამოცხადებაა. მათ ყველას „ომის პარტია“ უწოდეს, ყველას აგენტი უწოდეს, მე „ომის პარტიის“ აგენტი მიწოდეს, საქართველოში ყველა ორგანიზაციას და პარტიას, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩებში დგანან და ამტკიცებენ, რომ მათი ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ -  ყველას რევოლუციის აგენტებს გვეძახიან. ეს ზუსტად ის ტერმინებია, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებს.

ქალბატონო პრეზიდენტო, თუ ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით გავა და მიიღებენ, რა მოხდება? ფიქრობთ, რომ ძალადობა შეიძლება გაუარესდეს? არის თუ არა საქართველო არასტაბილურობის ზღვარზე, რაც შესაძლოა რაიმე სახის სამოქალაქო კონფლიქტში გადაიზარდოს?  

არ ვფიქრობ, რომ ეს არასტაბილურობაა. ვფიქრობ, ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად, ძალიან გონივრულები არიან და კარგად აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანას, რომელსაც რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, არ შეუძლია არასტაბილური იყოს. ამიტომ, ისინი ძალიან მშვიდობიანად აპროტესტებენ. პოლიციისა თუ სპეცრაზმის მხრიდან პროვოკაციებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ თავს შევიკავებთ, რადგან არჩევნებამდე დიდი გზაა და პასუხი ამ რუსული კანონისა და ბოლო კვირებსა, თუ თვეებში მიღებული სხვა მრავალი კანონის დასასრულზე ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემაა. ასე რომ, მიზანი ძალიან ნათელია: ეს საქართველოს მის ევროპულ მომავალთან შესაბამისობაში შენარჩუნებაა, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ევროინტეგრაციისთვის მუშაობა საქართველოს ყველა ინსტიტუტის ვალდებულებაა. ეს ისაა, რაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და რის დაცვასაც აპირებს.

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ. პარტია, რომელიც ქვეყანას 12 წელია მართავს. თქვენ მისი გავლენა ახსენეთ. ასევე, თქვენ ახსენეთ 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რუსეთი იმ მდგომარეობაში, რომ ეს ვითარება გამოიყენოს და საქართველოს მეტი ტერიტორია მიისაკუთროს?

არ ვფიქრობ, რომ ეს ის თამაშია, რომლის მომსწრენიც ვართ. ვფიქრობ, რუსეთი ხედავს, რომ საქართველოს ევროპული გზა ძალიან რეალურია, რომ სომხეთი იმავე გზას ადგას, რომ აზერბაიჯანი თურქეთთან პარტნიორობისკენ იხრება და რომ კავკასია და შავი ზღვა რუსეთის გავლენებისგან თავისუფლდება. ასე რომ, დიახ, ეს რუსეთის მცდელობაა, რომ როდესაც ეს ევროპული გზა ძალიან რეალური ხდება, შეეცადოს თავისი ბერკეტები სიტუაციის ევოლუციისთვის გამოიყენოს, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი საპატიო თავმჯდომარის საშუალებით, რომლებიც რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ მოქმედებენ. ეს ისაა, რაც მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ორ საუკუნეზე დიდხნიანი რუსეთის სხვადასხვა მცდელობა გამოიარა, მისი კანონები და იმპერიალიზმი საქართველოზე გაევრცელებინა. საქართველომ დამოუკიდებლობა ორჯერ დაიბრუნა და ამჯერადაც შეინარჩუნებს.

ქალბატონო პრეზიდენტო, არის თუ არა იმის შიში, რომ „ქართული ოცნება“, პარტია, რომელიც ბოლო 12 წელია ქვეყანას მართავს, ცდილობს ქვეყანას მოსკოვისკენ უბიძგოს?

დიდი ხნის განმავლობაში, ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც კითხვები არსებობდა - რატომ არ იღებდა „ქართული ოცნება“ უფრო პირდაპირ და მკაფიო ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის სასარგებლოდ? რატომ არ ახორციელებდა „ქართული ოცნება“ 12 რეკომენდაციას, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვდა, ან ახლა 9 რეკომენდაციას? იყო ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ იყო? ორი დღის წინ საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ანტიდასავლური, ანტიევროპული განაცხადია. ეს გამოსვლა ყველამ უნდა წაიკითხოს, რომელიც ცხადყოფს, რომ ბატონი ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია რის გაკეთებას ცდილობენ საქართველოსთვის. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვისაც.

ქალბატონო პრეზიდენტო, დრო აღარ გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ. თქვენ აღნიშნეთ, რომ არჩევნები ახლოვდება. აღნიშნეთ, რომ ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება. და თქვენ თქვით, რომ უმრავლესობა ევროპის მომხრეა. თუმცა, არსებული ვითარებიდან ჩანს, რომ მმართველი პარტია შესაძლოა სხვა მიმართულებით მიდიოდეს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია დასახმარებლად, სიტუაციის შესამსუბუქებლად?  

ევროკავშირისგან ძალიან მკაფიო ყურადღებას ველით. გასაგებია, რომ ახლა ბევრი გლობალური კრიზისია და ვიცი, რომ თქვენ ყველას აშუქებთ და რომ საქართველო მაინც და მაინც ყურადღების ცენტრში არაა, მაგრამ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების მიღების ზღვარზეა და როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ნამდვილი ენთუზიასტი ქვეყანა (მოსახლეობაზე ვსაუბრობ), ჩვენ გვჭირდება ყურადღება და სიცხადე ევროკავშირისგან, რომ მათ ესმით, რომ მოსახლეობას ევროკავშირი სურს და შესაძლოა, დღეს მმართველი ძალები  ამისთვის ყველაფერს არ აკეთებენ. ასე რომ, მესიჯების ეს სიცხადე არის ის, რაც გვჭირდება. დანარჩენი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ France 24-ზე ჩაგვერთეთ. თქვენი საუბრის პარალელურად პირდაპირ ეთერში თბილისიდან სურათებს ვაჩვენებთ, სადაც, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, ვითარება შემაშფოთებელია. გმადლობთ, რომ თქვენი ანალიზი გაგვიზიარეთ და დაგვითმეთ დრო. ძალიან ვაფასებთ მას.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც France 24-ზე შემოგვიერთდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. 

სხვა სიახლეები