საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა

 

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: ქეთევან ჭანტურიას - ნაშრომთა ციკლისათვის „კოგნიტური რემედიაციის თერაპია კვებისა და წონის დარღვევების დროს“, „ჯგუფური ფსიქოთერაპია კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის“, „აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მხარდაჭერა კვებითი აშლილობის დროს“ და მერაბ სვანაძეს ნაშრომთა ციკლისათვის „ფოროვან მასალათა თეორიების არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევა“.

ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა წარმატება მიულოცა და სახელმწიფო ჯილდოები პირადად გადასცა გამარჯვებულებს: 

,,მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ყველაფრის მიუხედავად, შეძელით და მოხვედით აქამდე. ვიცი, რომ ეს გზა არ იყო ადვილი გზა. და საერთოდ, ჩვენი გზები არცერთი მიმართულებით ადვილი გზები არ არის და სწორედ დღეს, როცა ეროვნულ პრემიაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ამაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა არა სადღაც უკან, წარსულზე ფიქრით, არამედ მომავალსა და იმ ადამიანებზე ფიქრზე გადის, რომლებიც თავთავიანთ დარგში მომავალს ქმნიან. ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი.

დღევანდელი ჩვენი საზოგადოებისთვის ეროვნულ პრემიას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს - ნამდვილი პროფესიონალიზმი, ნამდვილი ცოდნა, (რომელიც უფრო მეტია, ვიდრე პროფესიონალიზმი), მეცნიერება, ის ნამდვილი ღირებულებები, რაც არამხოლოდ აერთიანებს საზოგადოებას არამედ მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას, რომელიც დღეს ასე გვჭირდება.

ჩვენი თაობისგან ახალგაზრდებს სწორი და ღირსეული მაგალითი სჭირდებათ. მაგალითი იმისა, რომ ცხოვრებაში არაფერი ცოდნისა და შრომის გარეშე არ ხდება. ის ადამიანები, ვინც შეირჩა თავიანთ დარგში მაღალი ღირსების მაგალითს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის.

გვინდა, რომ ევროპაში, რომლის ნაწილიც ვართ ახლა, საითკენაც მივისწრაფვით, ჩვენი ცოდნისა და განათლების დონე დღევანდელი მსოფლიოს სტანდარტის შესატყვისი იყოს.

არ ვიცი დღევანდელი დღე და ეს ღონისძიება რამდენად იქნება გაშუქებული, რადგან სხვა მოვლენები და სხვა ვნებათაღელვაა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი არ გადაგვიყვანს იმ გზიდან რაც არის, იყო და იქნება საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი პერსპექტივა. ამაში ყველანი დარწმუნებულნი ვართ.

თქვენ ყველამ შეძელით და მოხვედით აქ. სამწუხაროდ, კომისიის თავმჯდომარემ ვერ შეძლო მოსვლა, ჯერჯერობით ველოდებით კიდევ და არ მინდა სხვა რამ ვიფიქრო, მაგრამ ფიქრს ვინ გააჩერებს?! ძალიან სამწუხაროა, თუ ასეა. ვნახოთ.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი ძალა, ქვეყნის ძალა იმაშია, რაც გვაერთიანებს. ის, რაც გვაერთიანებს, არ შეიძლება გვყოფდეს. არის და იქნება ბევრი მცდელობა, რომ დაგვაპირისპირონ ერთმანეთს, დაგვშალონ, დაგვასუსტონ. ამის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, რომელმაც კარგად იცის როგორ და რა ხერხებით შეიძლება დაყოს საზოგადოება. თქვენი მოვალეობაა არ მისცეთ საშუალება არავის დაყოს დააცალკეოს და დაასუსტოს საზოგადოება. ჩვენი ძალა ნამდვილად ერთობაა, ღირსეული ერთობა - ეს არის თქვენი ვალდებულება, მოვალეობა და თქვენი ღვაწლი ამ ქვეყნის წინაშე. თქვენ ხართ ამ საზოგადოების ელიტა, მისი განათლებული ელიტა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!

მე არ ვმონაწილეობ პრემიის ლაურეატების შერჩევაში. ყველას ჰგონია, რომ რაღაცნაირად ვერევი კომისიის გადაწყვეტილებაში. დღემდე მე არ ვიცოდი ვინ იყო შერჩეული. ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ის ქალბატონია, რომელიც ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე - აუტისტური სპექტრის ადამიანების საკითხზე მუშაობს. მეორე დაჯილდოებული მეცნიერი მათემატიკოსია და დარწმუნებული ვარ, რომ კომისიამ ის ადამიანები შეარჩია, რომლებიც გვასახელებენ.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში და კომისიას, ვინც შეარჩია ლაურეატები, ეს ყოველთვის ძალიან რთულია, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მათ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

 

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ევროპის დღე თავისუფლების ტირანიაზე, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების გამარჯვების დღეა