პრეზიდენტმა საფრანგეთის სენატის წევრებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თბილისში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის სენატის წევრებთან, ქვეყანაში შექმნილი ვითარება და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილა.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოს ევროპულ მომავალს ასევე, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას და დღეს, ისე როგორც არასოდეს საქართველოს ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდება.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ გზას და ამ მიმართულებით, საქართველოს მოსახლეობის განწყობებს, რომელთა 80 პროცენტი ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

საფრანგეთის სენატის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟან ფრანსუა ღაპენის განცხადებით, საფრანგეთის სენატი ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და გაუგებარს უწოდებს საქართველოში ამ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას არ წაადგება.

სენატის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივისათვის გაწეული ძალისხმევისათვის და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო არჩევნების სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუჭერენ მხარს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ევროპის დღე თავისუფლების ტირანიაზე, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების გამარჯვების დღეა