ინტერვიუ LCI-სთან

ინტერვიუ LCI-სთან

გმადლობთ, რომ უყურებთ ჩვენს გადაცემას.

სადამდე გაიზრდება ვლადიმერ პუტინის მადა? ვნახეთ საქართველოში მიმდინარე გიგანტური მანიფესტაციების ძალიან შთამბეჭდავი კადრები, რომელიც დღითიდღე გრძელდება და ასახავს უმრავლესობის შეხედულებას, რომელსაც აშინებს რუსეთის პროგრესია, განსაკუთრებით  უცხოური გავლენების შესახებ კანონის მეშვეობით.

მნიშვნელოვანია პოლიტიკური აქტორი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის კონტინენტზე,

საღამო მშვიდობისა, წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონო პრეზიდენტო მოგესალმებით.

საღამო მშვიდობის.

ქალბატონო პრეზიდენტო, რა აზრის ხართ და რას ფიქრობთ მანიფესტანტებზე?

მანიფესტაციები ჩემი ფანჯრების ქვეშ იმართება, იუსტიციის სამინისტროს წინ, მთელს ქალაქში. დღეს მანიფესტაციების მეოთხე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, მეორე მოსმენა 10 დღეში იგეგმება, დროში გაიწელა ამ კანონის მიღება, ხელისუფლებას სავარაუდოდ, იმედი აქვს, რომ ეს ახალგაზრდები დაიღლებიან. მე ამ ქვეყანაში ბევრი მანიფესტაცია მინახავს და ძალიან შთამბეჭდავია ის, რომ მანიფესტანტების დაახლოებით, 90 პროცენტი ახალგაზრდები არიან. ხვალ ქალების მანიფესტაციაა დაგეგმილი, ქალებისა, რომლებიც შვილების მომავალს იცავენ, პოლიტიკურ პარტიებზე მეტად საქართველოს მოსახლეობა (მონაწილეობს მანიფესტაციებში). ისინიც (პოლიტიკური პარტიები) მონაწილეობენ, მაგრამ ცოტა განზე არიან გაწეულნი. საზოგადოება საუბრობს, რომელსაც ძლიერი მიზანმიმართულობით სურს საკუთარი ევროპული მომავლის დაცვა.

ქალბატონო პრეზიდენტო, ყველა ხედავს, რომ მთავრობა და თქვენ გარკვეულ კოჰაბიტაციაში იმყოფებით. თვლით, რომ რუსეთს გარკვეულწილად სურს საქართველოს მართვა აიღოს ხელში?

მართვა ალბათ, გადაჭარბებულია და ეს ძალიან რთული იქნება. ჩვენ გარდამტეხ ეტაპზე ვართ, გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრის სტატუსი მოვიპოვეთ და დეკემბერში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ველით და ასეთ მომენტში, რუსეთი, ხელისუფლების მეშვეობით, ზეწოლას ახორციელებს, რათა ამ ევროპული გზიდან გადაგვიყვანონ, გაგვაჩერონ, პროცესიდან, რომელიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დაგეგმილი იყო. [ევროინტეგრაციის] ამ რიტმის გარკვეულწილად დაჩქარება უკრაინის დამსახურებაა, უპირველეს ყოვლისა მათთვის, მაგრამ ასევე მოლდოვისთვის და  ჩვენთვის. ცხადია, რუსეთი ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ დიდ დაპირისპირებაში ცდილობს კავკასიაში გავლენის შენარჩუნებას. ვხედავთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, სომხეთმა დიდი ევოლუცია განიცადა და ყველამ იცის, რომ სომხეთის ევოლუცია საქართველოზე გადის, საქართველოში უკან დახევა რომ იყოს, ეს იქნება ევროპისა და ამერიკის,  ზოგადად, დასავლეთის უკან დახევა კავკასიაში, და ეს რუსეთისთვის დიდი გამოწვევაა. ამ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა რუსულს ვუწოდებთ, კარგად ვხედავთ და რომელზეც ხელისუფლება გვეკითხება, რატომ ვუწოდებთ მას რუსულს, არის რუსული რეაქციები, დღეს ლავროვის, გუშინ დუგინის, პესკოვის, რუსული მმართველობის მთავარი წარმომადგენლების, რომლებიც მოხარულები არიან  და მთავრობას ამ კანონის მიღებას ულოცავენ, მეორეს მხრივ, გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტის 9 განცხადება, შარლ მიშელის, ბორელის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს [გამოხმაურებები] -  მოვისმინეთ შოლცის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, რომელიც როგორც ვიცი საკმაოდ დაძაბული იყო. თამაში ძალიან მარტივია, ერთი მხრივ, არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც 30 წელია მხარს გვიჭერენ და მეორე მხრივ, არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი.

რაზე ოცნებობს პუტინი, როგორ ფიქრობთ? მოვისმინეთ, რომ ის ძალიან მკაფიო ტერმინებით საუბრობდა მაგალითად, ესტონეთზე, მას ასევე უნდა საქართველოს  ხელახლა გადაყლაპვა საბჭოთა კავშირის შემდეგ?

მე არ ვიცი სადამდე შეიძლება ის წავიდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტერიტორიის 20 პროცენტი უკვე ოკუპირებული აქვს, სამხედრო ბაზები აქვს.  ვფიქრობ, რომ დღევანდელი სტრატეგია, ეს ჰიბრიდული სტრატეგიაა, რაც მდგომარეობს  პროპაგანდასა  და დესტაბილიზაციაში, მთავრობის იარაღად გამოყენებაში, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. მიზანია წინ, ევროკავშირისკენ სვლაში ხელის შეშლა და შეფერხება. საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს მათი უმთავრესი პერსპექტივაა. იგივე მოხდა 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტს უნდა დაედასტურებინა ნატოს მიმართულებით საქართველოს მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი, ამ დროს, 2008 წლის აგვისტოში მოხდა ომი საქართველოს წინააღმდეგ, არ მსურს მეტი პარალელების გავლება, იმ პერიოდშიც ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები, როგორც ამ ზაფხულს, ამიტომ არ მინდა მსგავსი პარალელების გავლება. არ ვფიქრობ, რომ ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ არის საფრთხე იმისა, რომ საქართველოს გამოსტაცონ ის არაჩვეულებრივი შანსი, რომელიც მას გააჩნია, იაროს უფრო სწრაფად თავის ევროპულ გზაზე.

თქვენ კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარეთ, რას ელით საფრანგეთისგან, რით შეიძლება დაგეხმაროთ ის?

ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება. ყველა ვხვდებით, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკაში ბევრი პრიორიტეტია, ეს დიდი პრობლემაა, რადგან მსოფლიოში ყველგან კრიზისებია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყურადღება, რადგან ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც საქართველოს, კავკასიის პატარა ქვეყანას ემუქრება ეს იზოლაციაა. აუცილებელია მაღალი დონის ვიზიტები, ყურადღება ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც აქ მიიღება, გაფრთხილებები, როგორც მაგალითად, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა გააკეთა, რომელმაც როგორც უკვე ვახსენე 9 განცხადება გააკეთა ამ საკითხზე და ტონი მატულობს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასე მოსახლეობის უდიდესი, ძალიან მიზანმიმართული ნაწილის მხარდაჭერა ხდება და მათ არ ივიწყებენ. ეს სიმბოლურია, არ არის აუცილებელი რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელება დღეს, მაგრამ ეს სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ქალბატონო სალომე, საფრანგეთში აქტიური დებატები მიმდინარეობს რუსეთის დასწრებაზე მოკავშირეთა გადასხდომის 1944-2024 იუბილეს აღნიშვნაზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მოწვეული იქნება, არა პირადად, ბატონი პუტინი, არამედ რუსეთი. ხაზს ვუსვამთ საბჭოთა ხალხების თავგანწირვას, არა მხოლოდ რუსების, არამედ, ქართველების, უკრაინელების და სხვა ხალხებისაც, ფიქრობთ, რომ ეს (მოწვევა) სწორია, ამ ფორმით?

მე ხაზს გავუსვამდი, რომ მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად, ამ ომში ქართველების მსხვერპლი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ვთვლი, რომ დღეს განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ, სადაც სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, და აქედან, ძნელი სანახავი იქნებოდა, რომ განსაკუთრებულ, საპატიო ადგილზე იქნებოდა რუსეთი, თუნდაც წარსულის პატივსაცემად; რუსეთს, რომელსაც დღეს აღარ აქვს ადგილი ცივილიზებულ სამყაროში მანამ, სანამ ის უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს. მასზე დარტყმა არ უნდა იყოს მხოლოდ სანქციებით, უნდა იყოს ასევე, მორალურიც.

თქვენის აზრით გამოსავალი რა იქნებოდა? ზოგი ამბობდა, რომ ქართველების, უკრაინელების თანაბრად წარმოდგენა (დასწრება) იქნებოდა გამოსავალი, თქვენ ასე ფიქრობთ?

თანაბრად წარმოდგენა?

რუსეთთან ერთად...

ამ აღნიშვნაზე?

დიახ.

ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა  უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიწვევა ამ, ან სხვა რაიმე სიმბოლურ ღონისძიებაზე, მაგალითად, 14 ივლისის აღნიშვნაზე, მაგრამ ნამდვილად არა რუსეთის გვერდით.

ვხედავთ, როგორ ცხოვრობს რუსეთი წარსულით, ცდილობს წარსულის გამოყენებას. ფიქრობთ, რომ პუტინს ბევრად უფრო დიდი რევანშის სურვილი აქვს? ის შურისძიების სურვილით არის შეპყრობილი?

თუ ეს ასეა, მაშინ მას ეს არ გამოუვიდა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში ამ კონფლიქტისას, რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი მიზნების მიღწევა. ეს იმპერია, რომელიც ყველას ყოვლისშემძლე ეგონა, უკვე ორი წელია ცდილობს დაამარცხოს ერი, რომელიც მასზე ბევრად ნაკლებადაა შეიარაღებული, მასზე მცირერიცხოვანია და ამას ვერ ახერხებს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ბრძოლის ველზე უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვების დღეა და ველოდებით ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებას, იმედს ვიტოვებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და ეს ზედმეტი არასოდეს არ იქნება, უკრაინის მომავალი განსაზღვრავს საქართველოს, თქვენსა და ყველას მომავალს, ამერიკის და მისი ძლევამოსილების მომავალსაც. ეს არავის უნდა დაავიწყდეს.

ერთი შეკითხვა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი პატიმრობა უკვე დიდი ხანია გრძელდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რა ვიცით?

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ძალიან კარგადაა, სრულად ჩართულია პოლიტიკურ კამპანიაში იმ კლინიკიდან, სადაც იმყოფება. ეს თემა აქტუალური არ არის. საქართველო დღეს იბრძვის, საზოგადოება ცდილობს ერთიანი იყოს. ყველაფერი, რაც ერთიანობას არღვევს (და ის არის ელემენტი, რომელიც ერთობას არღვევს), გვერდზე უნდა იყოს გადადებული.

ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა დღეს საღამოს LCI-ის პირდაპირ ეთერში თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის, ვხედავთ მანიფესტაციების კადრებს, რომლებიც დღეს საღამოსაც გაგრძელდება არა?

დღეს საღამოსაც, ხვალაც.

გმადლობთ.

სხვა სიახლეები