თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. 

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.

ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება.

თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

სხვა სიახლეები